"ხორბლის და ფქვილის კომპონენტში პრობლემები არ გვაქვს და არც გვექნება"
თიკა სიბოშვილი
02.03.2022

რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიოს უამრავ ქვეყანას შეუქმნა პრობლემა, რომელთა შორის საქართველოც შედის. მიმდინარე მოვლენებს ქვეყნისათვის მძიმე ეკონომიკური შედეგი მოაქვს, ძლივს გამყარებულმა ლარმა ისევ რყევა დაიწყო, რამაც პროდუქციის გაძვირება გამოიწვია. რუსეთი ქვეყნის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, საიდანაც ხორბლის დიდი ნაწილი შემოდის. ახლა, ასეთ დაძაბულ მდგომარეობაში რთული სათქმელია როგორ გაგრძელდება ქვეყანაში მნიშვნელოვანი სასურსათო პროდუქციის იმპორტი და შენარჩუნდება თუ არა ფასი პურპროდუქტებზე.

„რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია იმოქმედებს თუ არა ადგილობრივ ბაზარზე შექმნილი ვითარება და იმპორტის შეჩერება. პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის მალხაზ დოლიძის აზრით, მიუხედავად დაძაბული ვითარებისა, პურის გაძვირება მოსალოდნელი არ არის.

„დღესდღეობით, რთული მდგომარეობის მიუხედავად რუსეთიდან დაუბეგრავი ფქვილი ისევ შემოდის, თანაც საკმაოდ დიდი რაოდენობით. ეს ზოგადად ასე ხდება, როცა ხორბალი არ შემოდის ფქვილის იმპორტი უფრო მეტია.

სახელმწიფო სტრუქტურები მუშაობენ იმისათვის, რომ შექმნან ხორბლის სასურსათო უსაფრთხოების მარაგი და როგორც წესი, ეს ქვეყანას 2 თვის მანძილზე ჰყოფნის. ამასთანავე ზაფხულიდან უკვე დაიწყება ახალი მოსავლის აღება და გაყიდვა, შესაბამისად, ამ მდგომარეობის გათვალისწინებით რაიმე სახიფათო და სადარდებელი ამ ეტაპზე არაფერი გვაქვს“, -  აღნიშნა დოლიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ ქვეყანას ხორბლის შემოტანა არც ევროპიდან გაუჭირდება.

„თუ რუსეთიდან ვეღარ შემოვიტანთ ხორბალსა და ფქვილს, მოგვიწევს ევროპიდან შემოტანა. ღირებულებაში მაინც და მაინც დიდი განსხვავება არ იქნება, დაახლოებით 5-10 დოლარის ფარგლებში. მაგალითად, საფრანგეთი ძალიან დიდი ოდენობით მარცვლეულს აწარმოებს. ამ ეტაპზე, ომის გამო სავაჭრო გემების მიმოსვლა შეზღუდულია, თუმცა მდგომარეობა, მგონი, ჩაწყნარდება, სიტუაცია ისევ აღდგება და ყველაფერი მოგვარდება“, - დასძინა დოლიძემ.

იმ შემთხვევაში თუ ქვეყანას, ფქვილისა და ხორბლის მარაგის შემოტანა გაუჭირდება, გაძვირება გარდაუვალი იქნება, თუმცა მთავრობის წევრებს მიაჩნიათ, რომ ამ მხრივ საფრთხე ნამდვილად არ გვემუქრება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანიშვილის განცხადებით, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას ფქვილისა და ხორბლის მიმართულებით საფრთხე არ ემუქრება. თუ რუსეთიდან ხორბლის შემოტანა შეიზღუდა, საქართველო ხორბალს ევროპაში იყიდის.

„ყველაფერი ლოგიკურადაა. ფაო-ს სტანდარტების მიხედვით, ხორბლის გარდამავალი ნაშთი ქვეყანაში სასურველია იყოს მთლიანი მოხმარების 12%-ის ფარგლებში. ბოლო 5-6 თვეა ჩვენთან ფქვილის ხვედრითი წილი იზრდება და მიაღწია 13-14 ათას ტონას. წინა თვეში კი 16 ათასი ტონა შემოვიდა. ეს არის დაახლოებით 30 ათასი ტონა ხორბლის ეკვივალენტი. ამავე დროს, შემოდის დაახლოებით 12 ათასი ტონა ხორბალიც, ეს კი ერთად ქმნის მარაგის 12%-ს. 

იმის გამო, რომ წისქვილები გაჩერებული არიან და ვეღარ აწარმოებენ იმ რაოდენობის ფქვილს, რასაც აქამდე, ამის გამო ხორბალში მარაგი აბალანსებს ნაშთს. თუ ჩვენ გვექნება მოცემულობა, რომ შემცირდება ფქვილის მარაგი, ბუნებრივია, გაიზრდება ხორბლის მარაგი.

ახლა ეს მოცემულობაა და კარგად უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ ამ მხრივ სასურსათო უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემები არ გვაქვს და არც გვექნება. რუსული ბაზრის დაკეტვის შემთხვევაში ჩვენ ხორბალს შემოვიტანთ ევროპიდან“, - განაცხადა ხანიშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ და ისაუბრა იმაზე, თუ რას გეგმავს მთავრობა რუსეთში ხორბალზე დაწესებული მცურავი საბაჟო გადასახადის დასაბალანსებლად.

„სექტორთან საუბარია არა მხოლოდ სუბსიდირებაზე, არამედ სარკისებურ დაბეგვრაზეც, როგორც ამას წისქვილები უწოდებენ; ანუ სხვაობა იმპორტირებულ ფქვილსა და გადასამუშავებელ ხორბალს შორის, რაც მოქმედებს რუსეთში არსებული ექსპორტის გადასახადის გამო, მის დაბალანსებაზეა საუბარი - ერთი მხრივ, ხორბალზე სუბსიდირებით, მეორე მხრივ კი, ფქვილზე შესაბამისი განაწესის დამატებით, რომ დავიჭიროთ სწორი ბალანსი და არ მოხდეს პურის გაძვირება. 

ჩვენ ეს სქემა შევთავაზეთ, მაგრამ წისქვილებმა დააყენეს საკითხი ცოტა სხვანაირად. მათი პოზიციაა, რომ მხოლოდ ფქვილზე დაწესდეს გადასახადი ორივე მდგენელიდან გამომდინარე. ვფიქრობთ, ეს არალოგიკურია, თუმცა ველოდებით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდანაც პოზიციებს“, - განაცხადა ხანიშვილმა.

ზაფხულიდან ქვეყანაში მოსავლის აღება კი დაიწყება, მაგრა შპს „ლომთაგორას” ხელმძღვანელს კახა ლაშხს პოზიტიური პროგნოზი მაინც არ აქვს და მიაჩნია, რომ ის ვითარება რაც მსოფლიოშია, საქართველოზეც ცუდად იმოქმედებს.

„მსოფლიოში მიმდინარე სიტუაცია და გარემოპირობები, რა თქმა უნდა, ყველაფერზე  უარყოფით გავლენას იქონიებს. სავარაუდოა ისიც, რომ თუ ქვეყანა გაძვირებულ პროდუქციას შეიყიდის, ეს ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზეც მოქმედ ფასებზეც აისახება. ახლა რთული სათქმელია როგორ წავა მოვლენები, თუმცა კარგი არაფერი იკვეთება“, - უთხრა კახა ლაშხმა „რეზონანსს“.

აღსანიშნავია, რომ რუსეთ უკრაინას შორის ასეთი დაძაბული სიტუაცია თუ კიდევ დიდხანს გაგრძელდება, საქართველოს შესაძლოა, ახალი ბაზრების მოძიება და ათვისება დასჭირდეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×