უკრაინის ბაზარი, სადაც საქართველოში შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი ხორციელდებოდა, ამ ეტაპზე სრულად გაჩერებულია
გვანცა წულაია
03.03.2022

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამო, საქართველოს ავტობიზნესს საფრთხე ელის. ბიზნესი ჯერ კიდევ პანდემიისგან მიღებული შოკის დაძლევას ცდილობდა და ახლა კიდევ ერთი დარტყმის წინაშეა. საქმე ეხება უკრაინის ბაზრის დაკარგვას, რომელსაც რეექსპორტის მიმართულებაში საკმაოდ დიდი ადგილი უჭირავს.

პანდემიისგან შემდეგ, ავტობიზმენსში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა. გაჩნდა ვითარების სწრაფად გაჯანსაღების შანსი. ბიზნესი ძალის მოკრებას ცდილობდა, თუმცა რუსეთმა თავისი აგრესიული ქმედებით ყველაფერი გააფუჭა და მოულოდნელ დარტყმას ეს დარგიც მალე იგრძნობს. 

თვალსაჩინო რომ იყოს, თუ რა საფრთხე იკვეთება, ომის გამო, გავეცნოთ სტატისტიკას. "საქსტატის" მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-აგვისტოში 38 961 მანქანის (293,4 მლნ აშშ დოლარი) რეექსპორტი განხორციელდა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 25 643 ერთეულის (260,1 მლნ აშშ დოლარი). 

10 უმსხვილესი ქვეყნის ჩამონათვალი, სადაც 2021 წლის 8 თვეში საქართველოდან მანქანების რეექსპორტი განხორციელდა, უკრაინას მეორე ადგილი ეკავა. ამ ქვეყანაში, აღნიშნულ პერიოდში, რეექსპორტზე 8 602 ავტომობილი გავიდა და თანხამ 60,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება რუსეთს, იგივე მონაკვეთში, რეექსპორტში მესამე ადგილს იკავებდა - 1 669 ერთეული ავტომობილით, თანხამ კი, 10,8 მლნ დოლარი შეადგინა. სტატისტიკა მოსალოდნელი ზარალს ნათლად წამოაჩენს. 

სწორედ მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს ავტოიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელი, რომელიც აცხადებს, რომ უკრაინაზე დიდი იმედი მყარდებოდა, მაგრამ ომი ბიზნესს დიდი ზარალს მიაყენებს და განსაკუთრებით უკრაინასთან დაკავშირებით. 

“პირველ რიგში, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო უკრაინის ბაზარი და რეექსპორტი. დიდ იმედს ვამყარებდით ყაზახეთზე. შუა აზიურ ქვეყანაში შიდა პოლიტიკური ვითარების დაძაბვის გამო, ავტომობილები ვეღარ გაგვქონდა. ამის შემდეგ გადავერთეთ უკრაინაზე, მაგრამ დღეს ვხედავთ იქაც რა ვითარებაა. რუსეთის მიერ დაწყებული ომი, ჩვენც შეგვეხო. მან გარკვეული ზარალი უკვე მიაყენა სექტორს. 

რაც შეეხება რუსეთს, რა თქმა უნდა, რეექსპორტში გარკვეული წილი ოკუპანტ ქვეყანასაც ეკავა. განსაკუთრებულად დიდი მოცულობა არ იყო, მაგრამ რაღაც მაინც ჰქონდა. ამ ეტაპზე ეს მიმართულებაც შეჩერებულია. 

მანქანების ფასებს ზუსტად ვერ განვსაზღვრავთ. ღირებულებაზე ძირითადად ის მოქმედებს, რაც არის ჩვენი ხარჯი, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს, ავტონაწილები, გადაზიდვის ტარიფები და ა.შ.”, - განაცხადა “რეზონანსთნა” ლაშა დარბაისელმა და დასძინა, რომ პანდემიისგან მიღებული ზარალის აღდგენა ნელ-ნელა ხდებოდა. 

“ნელ-ნელა, კუს ნაბიჯებით, ვცდილობდით პანდემიისგან მიღებული ზარალის აღდგენას. რა თქმა უნდა სწრაფადაც შეიძლებოდა და დავბრუნებულიყავით ძველ მაჩვენებლს, მაგრამ ამის მიღწევა ვერ მოხერხდა. ყოველთვიურად იყო, რაღაც გარკვეული ზრდა და ეს სექტორზე დადებითად აისახა, თუმცა ახლა ვითარება შეიცვალა”, - დასძინა “რეზონანსთან” დარბაისელმა. 

საქართველოს ეკონომიკისთვის ავტობიზნესი ერთ-ერთი წარმატებული მიმართულებაა, თუმცა ახლა ეს სეგმენტიც საფრთხეშია ისე, როგორც სხვა მიმართულებები. “რობანი მოტორსის” ხელძღვანელი ელგუჯა ჯამაგიძე აღნიშნავს, რომ ომის გამო, ბიზნესიდან უკრაინის სეგმენტი ამოვარდება. 

“ომს დადგენილი წესები არ აქვს, მაგრამ რაც შეიძლება მოხდეს ეს არის ის, რომ უკრაინის წარმომადგენლები, რომლებიც ჩვენგან ყიდულობდნენ ავტომობილებს, ვეღარ შეიძენენ. დანარჩენს ვერაფერს გამოიწვევს ომი, რადგან ჩვენი ბაზარი ჩამოკიდებული არ არის მხოლოდ უკრაინაზე, მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ ქვეყნაში შედიოდა. 

მანქანების იმპორტის კუთხით, პრობლემები არ უნდა შეიქმნას. რუსეთთან ჩვენ არანაირ კავშირში არ ვართ, რომ რაიმე სანქციების გამო გაგვირთულდეს  ავტომობილების შემოყვანა. მნიშვნელოვან შეფერხებებს მე ვერ ვხედავ, გარდა იმისა, რომ რეალიზაციის ერთ-ერთი მიმართულება, რომელიც უკრაინას უკავშირდება, შეჩერდება. 

იანვარი და თებერვალი ავტობიზნესისთვის ისედაც რთული პერიოდია. ამ დროს მანქანები ძნელად იყიდება. პლუსი იქნება ის, თუ წინა თვეებთან შედარებით, რეალიზაცია მოიმატებს, მაგრამ ეს საეჭვოა, რადგან უკრაინის სეგმენტი ჯერჯერობით სრულად ამოვარდება”, - განუცხადა “რეზონანსს” ჯამაგიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×