ნავთობი ჯერ კიდევ გაძვირდება, მაგრამ დროთა განმავლობაში მის მკვეთრ გაიაფებას ელიან
ქეთო გოგოხია
03.03.2022

რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიო ეკონომიკაში უდიდესი პრობლემა შექმნა. სანქციებმა საერთაშორისო ვაჭრობა თავდაყირა დააყენა და ახალ  პროცესებს დაუდო საფუძველი, რაც განსაკუთრებით ენერგომატარებლებზე აისახა უარყოფითად. ნავთოპროდუქტებისა და გაზის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა და ჯერჯერობით შემცირების არანაირი ნიშნები არ იკვეთება. უცხოელი ანალიტიკოსები მოთხოვნის კლებას ელიან და აცხადებენ, რომ მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ფასების ვარდნის ტენდენცია დაიწყოს, თუმცა მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში.

სათბობ-ენერგეტიკული დარგის მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ გლობალური ეკონომიკის რეცესია დაიწყება და ამას მოჰყვება ნავთობზე ფასის ვარდნა, მაგრამ მანამდე აუცილებელია საომარი მოქმედებები შეწყდეს უკრაინაში, რისი ნიშნებიც ჯერჯერობით არ იკვეთება და არც არავინ უწყის, რამდენ ხანს შეიძლება შეიარაღებული კონფლიქტი გაგრძელდეს.

საინტერესოა ფინანსურ ჯგუფ „მიცუბიში იუეფჯის“ ანალიტიკოსების პროგნოზი,  რომლის მიხედვითაც, "ბრენტ" მარკის ნედლი ნავთობის ფასის ზრდა გაგრძელდება, თუმცა ეს მოთხოვნის კლებას და ამის კვალად, ფასის ვარდნას გამოიწვევს. მსგავსი სიტუაცია შეიქმნა 2007-08 წლებში, როდესაც ფასმა 150 დოლარს მიაღწია, მაგრამ ამას მკვეთრი ვარდნა მოჰყვა და ეფექტი გლობალურმა რეცესიამ გაამძაფრა.

„დღეს ნავთობის ბაზრებზე, მიწოდების წყვეტის შიში ძლიერ მოქმედებს. ამის ფონზე, ფასი იზრდება და მალე მივა იმ დონეზე, რომელზეც მოთხოვნა მკვეთრად დაიკლებს“, - ამბობს განვითარებადი ბაზრების კვლევების ხელმძღვანელი ეჰსან ხომანი.

აღნიშნულთან დაკავშირებით ქართველი ექსპერტების მოსაზრებები განსხვავებულია. ნაწილი ენერგომატარებლების ბაზარზე მოთხოვნის კლებას ვარაუდობს  და ფიქრობს, რომ ამ პროცესს ფასის შემცირებაც მოჰყვება. ნაწილი პირიქით, მოთხოვნის ზრდას პროგნოზირებს.

ექსპერტი ენერგეტიკულ საკითხებში თემურ გოჩიტაშვილი ფიქრობს, რომ ომის დამთავრებიდან სულ მცირე, 2-3 წელი უნდა გავიდეს, რომ ეკონომიკამ ტრენდი გამოსწორებისკენ მიმართოს. 

,,ძალიან მძიმე სიტუაციაა და ეს ყველაფერზე აისახება. განსაკუთრებით კი ენერგეტიკის სფეროს დაეტყო, ფასები არნახულად იზრდება. რთული საპროგნოზოა, როგორ შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია. ჯერ ომი უნდა დამთავრდეს. 

2008 წლის ეკონომიკურ კრიზისს თუ გავიხსენებთ, 2 წელი გახდა საჭირო, რომ ეკონომიკა ძველ ნიშნულს დაბრუნებოდა, რაც რეცესიამდე იყო. მხოლოდ მესამე წელს აღიდგინა ის დონე, რომელიც მანამდე არსებობდა. ამ შემთხვევაშიც ასე ვფიქრობ, უკრაინის ომი უნდა დამთავრდეს და მერე, მინიმუმ, 2-3 წელი უნდა გავიდეს, რომ ეკონომიკამ იგრძნოს შვება და ეს საბოლოოდ ენერგომატარებლების ფასზეც აისახება. 

ჩემი აზრით, ნავთობსა და გაზზე ფასის მასშტაბურ ზრდას, სავარაუდოდ, მოთხოვნის კლება მოჰყვება და მერე დაბლა წამოვა. ეს გლობალურად დიდ პრობლემას გამოიწვევს, ეკონომიკა ღრმა რეცესიაში შევა, თუ საომარი მოქმედებები დროში გაიწელება“, - განაცხადა ,,რეზონანსთან“ გოჩიტაშვილმა.

განსხვავებული მოლოდინი აქვს ანალიტიკოს ნიკა შენგელიას, რომელიც ფიქრობს, რომ მიმდინარე ომის და ამის შედეგად გამოწვეული გლობალური პროცესების გამო ნავთობპროდუქტების ბაზარზე მოთხოვნა არ შემცირდება, პირიქით, შეიძლება გაიზარდოს. 

,,ნავთობი და გაზი მაღალ ფასს მინიმუმ თვენახევრის განმავლობაში შეინარჩუნებს. გააჩნია, როგორ დამთავრდება უკრაინის კონფლიქტი. ომი რომც არ ყოფილიყო, მაინც ვვარაუდობდით 1 ბარელი 100 დოლარამდე გაძვირდებოდა. თუ დიდხანს არ გაგრძელდება საომარი მოქმედებები, შეიძლება ცოტათი გაიაფდეს, მაგრამ მკვეთრი ცვლილების მოლოდინი არ გვაქვს. 

თქვენ წარმოიდგინეთ, ომია, მაგრამ გაზის მიწოდება უკრაინის გავლით მაინც ხერხდება. მიუხედავად იმისა, რომ ,,ჩრდილოეთ 2“-ის ნაკადი გააჩერეს, ევროპის მიმართულებით გაზი მაინც გადის. მიწოდება შემცირდება, შეიძლება განახევრდეს, გამესამედდეს, მაგრამ სრულად ვერ გაჩერდება. თვითონ ევროპას სჭირდება ბუნებრივი აირი, ამერიკიდან წამოსული გაზის იმედად ვერ იქნება“, - აღნიშნა შენგელიამ და დასძინა, რომ არ გამორიცხავს, დროთა განმავლობაში რუსეთს გარკვეული სანქციები მოეხსნას. 

,,ალბათ, მოილაპარაკებენ მხარეები და გარკვეული სანქციები მოიხსნება, რადგან ამით ზარალდება ამერიკაც და ევროპაც. ვხედავთ, როგორ ავარდა ნავთობის ფასი და ჯერჯერობით ამ პროცეს ვერ გააჩერებენ. აშშ-ში, ვენესუელაში და ირანში არის მძიმე ნავთობპროდუქტები, თუ არ შეერია მსუბუქ ნავთობპროდუქტებს, ხარისხიანი დიზელი ვერ მიიღება. აქ უკვე ტექნოლოგიური პრობლემაც იკვეთება.  

მსოფლიო ადრე თუ გვიან, შეთანხმდება. ბირთვული ომის საფრთხეზეა საუბარი და აქამდე არ უნდა მივიდეს საქმე. მსოფლიოს სჭირდება ნავთობპროდუქტები. მოთხოვნა დარჩება ისეთი, როგორიც დღესაა. უკიდურეს სიტუაციაში,  უნდა მოუხსნან ემბარგო ირანს და ვენესუელას, სადაც არის მძიმე ნავთოპროდუქტები და იქიდან შეიტანონ, თუ მართლა აპირებენ ასეთ დონეზე რუსეთის იზოლაციას“, - აღნიშნა ნიკა შენგელიამ ,,რეზონანსთან“.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების ფონზე მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და გაზის ფასი იზრდება.

3 მარტის მდგომარეობით,  ლონდონის ბირჟაზე მარტის ფიუჩერსებზე `ბრენტის~ მარკის ნავთობის ფასმა 4,99%-ით მოიმატა და 118,49 დოლარი შეადგინა 1 ბარელზე. ბოლოს ასე ძვირი ნავთობი 2012 წელს ღირდა.

რაც შეეხება გაზს, ევროპაში ლონდონის ბირჟაზე 1000 კუბური მეტრის აირის ფასმა 2280 დოლარს მიაღწია.

გაზის მკვეთრ გაძვირებას გამოეხმაურა რუსეთის ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი სერგეი პიკინი, რომელმაც განაცხადა, რომ ფასების ზრდა, რომელიც ახლა შეინიშნება, მხოლოდ დასაწყისია. მისი აზრით, ბუნებრივი აირის ფასმა შესაძლოა, 1000 კუბურ მეტრზე 3000 დოლარსაც მიაღწიოს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×