როცა შემორჩენილი მარაგიც ამოიწურება, ფასები შეიძლება გაორმაგდეს კიდეც
ქეთო გოგოხია
07.03.2022

სამომხმარებლო ბაზარი ფასების მკვეთრი ცვლილების მოლოდინშია. ახლა უკვე გაძვირებას ყველა მიმართულებით ელიან, როგორც პირველადი მოთხოვნის საქონელზე, ასევე ნებისმიერ პროდუქციაზე, რომლის იმპორტიც ხორციელდება. ფასების დაბალანსების არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს, მით უფრო წელიწადის ამ დროს, როცა ადგილობრივი ნაწარმის მარაგი უკვე სრულად ამოწურულია. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ქართული სურსათი დახლებზე არ არის და ბაზრის 90% იმპორტულ საქონელს უჭირავს.  

მსოფლიო ბაზარზე გაძვირებულია ყველაფერი - ხორბალი, შაქარი, ზეთი, რძის პროდუქტები. ერთი ბარელი ნავთობის ღირებულებამაც უკვე 125 დოლარს მიაღწია. საქართველოს შემთხვევაში დიდია ლარის კურსის უარყოფითი გავლენაც, რის ფონზე ფასების ნახტომისებურ ზრდას ელოდებიან, თუმცა კონკრეტულად რა მაჩვენებლით გაძვირდება პროდუქტი, იმპორტიორები ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ.

ასეთი ნეგატიური ვითარების ფონზე დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია სიძვირის ახალ ტალღაზე საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ქვეყანას მოუწევს რუსული და უკრაინული პროდუქტის ჩანაცვლება ალტერნატიული ბაზრებით, რაც განხორციელდება განსხვავებული ფასით და მომხმარებლისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება.

,,ბოლო პერიოდში მუდმივად ვიძახი, რომ ფასების მხრივ ბაზარზე პრობლემა იქნება და ახლაც ამ პოზიციაზე ვრჩები. ყველა ფაქტორი ერთად აღებული, გაძვირების სტიმულს იწვევს და იმპორტდამოკიდებული ქართული ბაზრისთვის ამ პრობლემასთან გამკლავება ძნელი იქნება. ფასების ზრდა ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის ლარის კურსზე, რომელიც არ მგონია, გაჩერდეს. 

რუსული და უკრაინული ბაზრების პრობლემა ჩვენც დიდ გასაჭირში გვაგდებს. ექსპორტის ნაწილში სერიოზული წილი უჭირავს ამ ორ ქვეყანას, ისევე როგორც ფულად გადმორიცხვებში და ეს ფაქტორები ლარზე ნეგატიურად აისახება. პარალელურად საწვავიც გაძვირებას განაგრძობს. ეს სიტუაცია პირდაპირპროპორციულად აისახება ფასებზე, ნავთობპროდუქტები როგორც გლობალურ ბაზრებზე, ასევე საქართველოშიც კიდევ გაძვირდება. 

საერთაშორისო გადაზიდვები გაძვირებული და გართულებულია. რაც შეეხება პროდუქტს, რაც უკრაინიდან შემოდიოდა, გაჩერებულია - ბურღულეული, წიწიბურა, ზეთი, ფქვილი და სხვა აღარ შემოდის. ვცდილობთ ალტერნატიული ბაზრების მოძიებას, მათ შორის, თურქეთი განიხილება, რომელიც ახლოსაა და მასთან ერთად ევროკავშირიც. პროდუქტის გარეშე არ დავრჩებით, მაგრამ  გაცილებით ძვირი ეღირება და  მკვეთრად განსხვავებული ფასები  იქნება“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.

როგორც მან ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ განაცხადა,  პირველადი საკვები პროდუქტების 60%-ზე მეტი უჭირავს უკრაინის და რუსეთის ბაზრებს და მათი ჩანაცვლება ქართული ბაზრისთვის საკმაოდ რთული და მტკივნეული პროცესი იქნება, ფასებიდან გამომდინარე.

ალტერნატიულ ბაზრებზე ფიქრობენ ზეთის იმპორტიორებიც. აღსანიშნავია, რომ  საქართველოში მცენარეული ზეთი, ძირითადად, რუსეთიდან შემოდის. იმპორტის მოცულობით მეორე ადგილზეა უკრაინა. მარტო ამ ორი ბაზრის წილი მთელ იმპორტში 90%-ს შეადგენს. 

ასეთ სიტუაციაში ბაზრის გადაწყობა იმპორტისთვის მარტივი ნამდვილად არ არის. როგორც კომპანია „ალფას“ დამფუძნებელმა  და ზეთის იმპორტიორი კომპანია „ბარაქას“ დირექტორმა გურამ ბროძელმა განაცხადა, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ალტერნატიულ ბაზრებზე, თუმცა დეტალებს ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს.

,,ალტერნატივა ყოველთვის არის,  მაგრამ მივიღებთ შეცვლილ ფასებს.  უკრაინიდან ზეთის იმპორტი ისედაც მცირე რაოდენობით ხორციელდებოდა, ამ სეგმენტს მთლიან იმპორტში 5% ეკავა. დიდწილად რუსეთზე ვართ დამოკიდებული, მაგრამ გადაზიდვებში ამ  მიმართულებითაც დიდი შეფერხებაა. 

ჯერჯერობით გარკვეული არაფერია, ვმუშაობთ სხვა ბაზრებზეც, მაგრამ ეს რთულია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა არის ალტერნატივა, რაც საბოლოოდ ფასებზეც იმოქმედებს, თუმცა რა მაჩვენებლით, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. დეტალები ზუსტდება. ცხადია, დანაკარგი არის, თუმცა კონკრეტულ მონაცემებზე ვერ ვისაუბრებთ - პროდუქტის რაღაც ნაწილი გზაშია, ნაწილი გადმოვიდა,  საწყობებშია და ა.შ. ამიტომ ასე სწრაფად ვერ ვიტყვით, საბოლოოდ რა სხვაობას მივიღებთ იმპორტში“, - განაცხადა გურამ ბროძელმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

პროდუქტის მოსალოდნელ გაძვირებასთან დაკავშირებით ქსელურ მარკეტებში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.  რაც შეეხება მცირე სუპერმარკეტებს, მათი წარმომადგენლების განცხადებით, ფასების გადახედვა ყველა ძირითად პროდუქტზე მოუწევთ, რამაც შეიძლება რეალიზაციაზე უარყოფითი გავლენა მაოხდინოს, განსაკუთრებით ძვირადღირებულ სეგმენტზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,ბიზნეს-რეზონანსს“ საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მარკეტის  მფლობელი ვასო ტვილდიანი ესაუბრა. მისი აზრით, პროდუქციის ღირებულიბის მატება მაღაზიისთვის  მძიმე იქნება განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ისედაც აქვთ პრობლემა სადისტრიბუციო კომპანიებისთვის თანხის დროულად გადახდის გამო. 

,,ბოლო პერიოდში დისტრიბუციას ისედაც გაზრდილ ფასში შემოაქვს პროდუქტი, ყოველი მომდევნო პარტია განსხვავებულ ფასად გვბარდება. გაუფასურებული ლარისა და გაძვირებული საწვავის ფონზე გვიწევს მუშაობა როგორც სადისტრიბუციო ბიზნესს,  ასევე მაღაზიებსაც, ყველა დიდ გასაჭირში ვართ. ეს გაყიდვებზე აისახება კიდეც. 

კლიენტი რომ მოდის, მიზერული დასახელების საქონელს ყიდულობს, რაც საარსებოდ აუცილებელია. სწორედ ამის გამო საჭირო ინტენსივობით ვერ ვახერხებთ პროდუქციის ასორტიმენტის განახლებას. დღეს დისტირიბუტორმა უკვე გაგვაფრთხილა, რომ ბურღულეულის მომდევნო პარტია 10%-ით ძვირი იქნება, ეს ჯერ კიდევ შემორჩენილი მარაგია, რომელიც უკრაინიდან და რუსეთიდანაა შემოსული. როცა ისიც ამოიწურება, ფასები ორჯერ და მეტადაც შეიძლება გაიზარდოს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" სუპერმარკეტის მფლობელმა.

ვითრებას განსაკუთრებით ართულებს ლარის არანორმალური დევალვაცია. 7 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.1247 პუნქტით დაეცა. შედეგად, 8 მარტს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3991 ლარი იქნება.

"ბლუმბერგის" ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმაზე კი თბილისის დროით 7 მარტს  საღამს 1 აშშ დოლარის ფასმა 3.44-ს მიაღწია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×