"ჩემი ძმის გარემოცვაში არიან ეს ადამიანები, ვისთანაც მიდის საუბარი ქარხანასთან დაკავშირებით"
გვანცა წულაია
12.05.2022

„ბორჯომს” სულ მალე შესაძლოა, ქართველი მფლობელი გამოუჩნდეს. „ალფა გრუპი“ კომპანიის საკონტროლო პაკეტის გასაყიდად ემზადება. საუბარია 55,8%-იან წილზე, რომელსაც, სავარაუდოდ, ქართველი ბიზნესმენი გია ორჯონიკიძე შეისყიდის. რას შეცვლის „ბორჯომის” ქართველი ბიზნესმენის ხელში გადასვლა და რა იქნება შემდგომ მოსალოდნელი?

ბიზნესმენის შესახებ ინტენეტში ინფორმაცია არ იძებნება. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ გია ორჯონიკიძე წაღვერელი ბიზნესმენია. „ფორმულას” ინფორმაციით კი, გია ორჯონიკიძე ვლადიმერ პუტინთან და რუს ოლიგარქებთან - არკადი და ბორის როტენბერგებთან დაახლოებული პირია და კომპანიის შესყიდვის საკითხი ირაკლი ღარიბაშვილთან და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე უკვე შეათანხმა. სანქციებისაგან თავის არიდება, სავარაუდოდ, სწორედ, ამ გარიგებით მოხდება.

„ბორჯომს” რომ ახალი ქართველი მფლობელი გამოუჩნდება ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება. ბიზნესმენის ოჯახი კი ინფორმაციას უარყოფს. „ბაკურიანის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი და გია ორჯონიკიძის და ეკატერინე ორჯონიკიძე აცხადებს, რომ მისი ძმის „გარემოცვაში არიან ადამიანები, ვისთანაც საუბარი მიმდინარეობს ქარხანასთან დაკავშირებით”.

„ჩემს ძმას ვესაუბრე და მითხრა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია არ არის სიმართლე. იგი ძალიან ხშირად ჩამოდის საქართველოში და ხვდება, როგორც სამთავრობო ხელძღვანელებს, ისე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, თუნდაც სხვადასხვა ბიზნეს პროექტებთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, ალბათ, აქედან გავრცელდა ინფორმაცია, თუმცა ვიცი და მაქვს ინფორმაცია, რომ მფლობელი გახდება ეროვნებით ქართველი, რაც ძალიან მახარებს და სახელს და გვარს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

გიდასტურებთ იმას, რომ ჩემი ძმის გარემოცვაში არიან ეს ადამიანები, ვისთანაც მიდის საუბარი ქარხანასთან დაკავშირებით, ამიტომ დააკავშირეს ჩემი ძმაც. ჩემთან ნამდვილად არ უთქვას გიას, პრემიერს შეხვდა, თუ ვინმე სხვას”, - განუცხადა ტელეკომპანია „ბორჯომს” ეკატერინე ორჯონიკიძემ.

ორ კვირაზე მეტია, რაც „ბორჯომი” დაიხურა. ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი 29 აპრილიდან დროებით შეჩერდა. მიზეზი „ალფა გრუპი“ და მისი მფლობელია, რომელიც დასავლეთის მიერ სანქცირებული რუსული კომპანიების და პირების სიაშია. კომპანიის საკონტროლო პაკეტი შესაძლოა, სულ მალე ქართველის ხელში აღმოჩნდეს. საინტერესა, ასეთ შემთხვევაში რა შეიცვლება სანქცირებული კომპანიასთან დაკავშირებით და როგორ შემოტრიალდება საკმაოდ მძიმე სიტუაცია?

ბიზნეს სამართლის სფეროს სპეციალისტი, იურისტი აკაკი ჩარგეიშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პრაქტიკულად, იძულებითი ფილტრაციის მომენტია.

„ჯერ იყო ის, რომ მამუკა ხაზარაძეს უნდოდა ბირჟაზე გატანა და თავისებური განცხადება გააკეთა, რომ თითქოს სახელმწიფომ ჩამოართვას ა.შ. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ, „ბორჯომთან” დაკავშირებით, რამდენიმე დღეში, სურპრიზი გველოდებოდა.

ბიზნესი, რომელიც „ალფა გრუპის” ხელში იყო, იძულებული გახდა გარკვეული გადანაწილება გაეკეთებინა და შესაბამისად, ამ ურთიერთობაში ახალი სახე გამოჩნდება. დიდი ალბათობით, ბიზნესის გასუფთავების ბენეფიციარის დონეზე ხდება ფილტრაცია. საქმეზე განითარებულ მოვლენებს, სხვა შემთხვევას ვერ დავუკავშირებ.

ყველაზე კარგი და მისაღები იქნებოდა ის, რომ სახელმწიფოს თავისი სპეციალური მართვის რეჟიმი შემოეღო, რომელიც ჩვეულებრივი სტრატეგიით და ნორმების დაცვით გააგრძელებდა მუშაობას. მით უმეტეს, რომ საერთაშორისოდ აღიარებულია მსგავსი ნაბიჯები და საქართველოს კანონმდებლობა მზად არის მართვა ეხორციელებინა. სახელდახელო ურთიერთობა ბიზნესში ასე სწრაფად არ ხერხდება. პრაქტიკულად, ეს იძულებითი ფილტრაციის მომენტია”, - განუცხადა „რეზონანსს” ჩარგეიშვილმა.

მთავრობის მხრიდან კი, პრემიერ-მინისტრის დაანონსებული სასიამოვნო სიახლე ჯერ არ ჩანს. ამასობაში კი სანქცირებული ოლიგარქის მიხაილ ფრიდმანის გამო გაჩერებული „ბორჯომიდან” თანამშრომლებს უშვებენ. რა გზით მოხდება ეროვნული ბრენდის შენარჩუნება, ჯერჯერობით არ კონკრეტდება, მთავრობაში არაფერს ამბობენ.

ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე აცხადებს, რომ გასარკვევია და გასაკონტროლებელია, როგორ მოხდება სანქცირებულ კომპანიასთან და პირთან ბიზნესგარიგების წარმოება და ბოლომდე მიყვანა.

„ბუნებრივია, რომ თუ „ბორჯომი” აღარ იქნება ისეთი ადამიანის მფლობელობის ქვეშ, რომელიც არ მოხვდება სანქცირებულ ბიზნემენთა სიაშია, ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას, როგორც სხვა კომპანიები, მაგრამ ამას დამტკიცება დასჭირდება და ძალიან გამჭირვალე პროცესი უნდა იყოს.

თუ მფლობელი მხოლოდ ქაღალდზე შეიცველა და ბიზნესინტერესები იგივე დარჩება, ბუნებრივია, იქნება შესაბამისი ბერკეტები, რომ აღნიშნული გაკონრტოლდეს და სანქცირების გვერდის ავლის მიზნით, არ მოხდეს ფიქტიური გარიგება. თანაც, საკითხავია, როდესაც „ალფა ჯგუფი” სანქცირებულ კომპანიათა სიაშია და მას ელემენტარულად ტრანზანქციებიც კი შეზღუდული აქვს, როგორ მოხერხდება ამხელა ბიზნეს გარიგების ბოლომდე მიყვანა?

ბუნებრივია, რომ ასეთ კომპანიასთან გარიგებაში შესვლა, გააჩენს ეჭვებს და ეს ძალიან დიდი კონტროლის ქვეშ მოექცევა. არ მესმის ტექნიკურად როგორ შეიძლება მოხდეს, სანქცირებულ კომპანიასთან გარიგების დადება. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია და ასე მარტივად არ იქნება, რომ ერთ დღეს ვინმე ბიზნესმენმა შეიძინოს კომპანია.

ეს პრობლემა მწვავედ დადგა ახლა, როდესაც სანქციები დაუწესეს რუსული პოლიტიკური ინტერესების გამტარებელ ბიზნესმენებს, მაგრამ ზოგადად, კაპიტალის წარმომავლობა და კონტროლი არის მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რადგან ძალიან მსხვილი ბიზნესების დიდი ნაწილი დარეგისტრირებულია ოფშორში. იქ, გარდა იმისა, რომ დაბალი გადასახადებია, ასევე თავად კაპიტალის წარმომავლობის გარკვევა არის ურთულესი. მიმდინარე ეტაპზე, რთულია დაფარული ინფორმაციის გახსნა იმისთვის, რომ გაკონტროლდეს, სანქციები ვის შეეხება და ვის – არა. შეიძლება იყოს პოლიტიკური განცხადებები, რომ ამაზე მუშაობა ვიღაცამ ოდესმე დაიწყოს, მაგრამ გამორიცხულია, რომ ოფშორები გახსნა მოხდეს, თუნდაც იმხელა მსოფლიო ბოროტების წინააღმდეგ, როგორიც რუსეთია.

რაც შეეხება ქართულ მხარეს, არ მესმიას საქართველოს მთავრობის ფუნქცია და როლი რა შეიძლება იყოს, არც „ბორჯომთან” და არც სხვა კომპანიებთან მიმართებაში”, - განუცხადა „რეზონანსს” კუკულაძემ.

მთავრობას კომპანიასთან მოლაპარაკებების წარმოებას ურჩევს მამუკა ხაზარაძე და აცხადებს, რომ პროცესები მალე დასაწყებია, რადგან კომპანიამ წარმოების განახლება შეძლოს და ასობით ადამიანი სამსახურის გარეშე არ დარჩეს.

„გამოსყიდვაზე როცა ვსაუბრობთ, ეს შეიძლება იყოს სიმბოლური ფასი, კომპანიის საბაზრო ღირებულება ან პირიქით - მინიმალური. ფაქტია, „ბორჯომის“ დღევანდელი ღირებულება არის რადიკლურად სხვა, ვიდრე იყო თუნდაც 5 თვის წინ... ამდენად, მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია ასეთი კონტრაქტი გააფორმოს მაჟორიტარ აქციონერთან. დღეს მხოლოდ სახელმწიფო შეიძლება იყოს მთავარი მომლაპარაკებელი და შემდეგ უკვე საფონდო ბირჟის გზით მოქალაქეებმა შეიძინონ“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ამ სიტუაციაში, ასევე ლოგიკური იქნებოდა, თუ „ალფა ჯგუფი“ აქციების გარკვეულ ნაწილს სახელმწიფოს აჩუქებდა.

მამუკა ხაზარაძე დარწმუნებულია, რომ „ბორჯომის“ აქციებს მოქალაქეები შეიძენენ, მაგრამ თავად ამის გაკეთებას არ აპირებს:

"მე გამოვედი ამ ბიზნესიდან და არ მაქვს სურვილი, ისევ შევიდე. ჩემი ამოცანა შევასრულე - ჩემს მეგობრებთან ერთად დანგრეული „ბორჯომი“ მულტინაციონალური კომპანიის დონემდე მივიყვანეთ. „ბორჯომის“ განვითარების „ქეისი“ დღემდე ისწავლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში, როგორც საბჭოთა წარმოების თანამედროვე კონკურენტულ საწარმოდ გარდაქმნის წარმატებული მაგალითი“, - დასძინა ხაზარაძემ.

მანამ, სანამ სანქციების შესახებ განდებოდა ცნობილი, მთავრობამ თებერვალში „ბორჯომის” მფლობელს წყლით სარგებლობის ლიცენზია 25 წლით გაუხანგრძლივა. დოკუმენტის თანახმად, კომპანიამ ლიცენზიების შესყიდვაზე 20 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა.

კომპანიის შემოსავალმა 2020 წელს 119.7 მილიონი დოლარი შეადგინა, ზარალი კი 64.3 მილიონი იყო. 2019 წელს კი კომპანიამ 140.17 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, ხოლო მისი წმინდა მოგება 17.3 მილიონი იყო.

2013 წლიდან „აიდიეს ბორჯომის" საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი „ალფა ჯგუფი” ფლობს. ამ გარიგებამდე მინერალური წყლების კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი პატარკაციშვილების ოჯახი იყო, რომლებმაც ეს აქტივი 460 მილიონ დოლარად გაასხვისეს. ამჟამად კომპანიის 40%-იან წილს კვლავ პატარკაციშვილების ოჯახი ფლობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×