„თბილისი ენერჯის" გაჯიუტების გამო, დედაქალაქელებს პური გაუძვირდებათ
ქეთო გოგოხია
21.06.2022

თბილისის მოსახლეობისთვის პურის ფასის შენარჩუნების ყველა რესურსი ამოწურულია. მწარმოებლების  ნაწილმა პური 10 თეთრით უკვე გააძვირა და ივლისიდან შესაძლოა, ფასები მასობრივად გაიზარდოს. ამის მიზეზი კომერციული სექტორისთვის გაზის ტარიფის ზრდაა. თუკი რეგიონებს „სოკარმა“ შეღავათი დაუწესა და 1 კუბმეტრის ღირებულება 1,15 თეთრს არ გადააჭარბებს, „თბილისი ენერჯი“ არანაირ დათმობას არ აპირებს.

როგორც ცნობილია, 2022 წლის 1-ლი ივლისიდან, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ღირებულება იზრდება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. დედაქალაქში 1 კუბმეტრი ბუნებრივი აირი ბიზნესისთვის 1.35 ლარი ხდება, ხოლო რეგიონებში - 1.38 ლარი. „სოკარში“, რომელიც გაზით რეგიონებს ამარაგებს, აცხადებენ, რომ  მასობრივი პურის მწარმოებლებისათვის ტარიფი შეღავათიანი იქნება და მათ გაზი 1.15 თეთრად მიეწოდებათ. რაც შეეხება დედაქალაქის გაზგამანაწილებელ „თბილისი ენერჯის“, კომპანიის კომერციულმა  დირექტორმა, ედიშერ ხორავამ განაცხადა, რომ  ამ ეტაპზე კომპანიას მსგავსი შეღავათის დაწესების საშუალება არ აქვს, თუმცა ბიზნესი განსხვავებულად ფიქრობს.

პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელ მალხაზ დოლიძის აზრით, თუ რეგიონებს არ უძვირდება გაზი, თბილისშიც უნდა მოინახოს რესურსი. რატომღაც, მოსახლეობისთვის შეღავათის გაწევაზე გაზგამანაწილებელი კომპანია არ ზრუნავს და არც ვინმე ავალდებულებს.

„სოკარმა“ იზრუნა რეგიონების მოსახლეობაზე და გარკვეული შეღავათი გასწია. ვფიქრობდით, რომ ეს მაგალითი გადამდები იქნებოდა „თბილისი ენერჯისთვის“, მაგრამ ასე არ მოხდა. კომპანიასთან შუამდგომლობა ვთხოვეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მაგრამ ამაოდ _ სამინისტროსგან მივიღეთ წერილობითი შეტყობინება, რომ შუამდგომლობას ვერ გასწევენ, არ აქვთ ამის უფლება.

თუკი „სოკარი“ თავის მომხმარებლებზე ზრუნავს, მსგავსი ნაბიჯის გადადგმა შეიძლებოდა „თბილისი ენერჯისგანაც“.  პურის ფასი ყალიბდება ქალაქში, გადასახადი თითქმის 50%-ით არის გაზრდილი, რაც პროდუქტის გაძვირებას გამოიწვევს. ზოგიერთმა მწარმოებელმა 10-თეთრიანი სხვაობა უკვე ასახა ფასში და ტენდენცია გაგრძელდება. მესმის, რომ  საკვები პროდუქტი და ენერგომატარებლები მთელ მსოფლიოში ძვირდება, მხოლოდ საქართველოში არ არის ეს პრობლემა, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით“, - განაცხადა დოლიძემ.

ბოლო პერიოდში, დაახლოებით, 3 ლარით გაძვირდა ფქვილიც, რაც გარკვეულ გავლენას სამომავლოდ პურის ფასზეც მოახდენს.

„1 ტომარა აქამდე 75 ლარი ღირდა და ფასმა უკვე 78 ლარს მიაღწია. სუბსიდიაზე საუბარი არ არის, თუმცა რუსეთმა შეიძლება, ხორბალზე გადასახადი მოხსნას, ახალი მოსავალია და ამან შესაძლოა, ფასზეც იქონიოს გავლენა, თანაც, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ტრანზიტით მიღებული გაზის მოცულობა მატულობს, მისი გავლენა ტარიფზეც უნდა იგრძნობოდეს, მაგრამ ამ შეღავათით ვერავინ სარგებლობს, რაც ჩემთვის გაუგებარია“, - დასძინა მალხაზ დოლიძემ.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც „თბილისი ენერჯის“ მაღალ ტარიფებს განსაზღვრავს, სფეროს დარეგულირებაა. ბოლო 15 წელია, სემეკი კომერციული გაზის ტარიფში არ ერევა. ახლა გაირკვა, რომ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას გაზის ტარიფის დადგენა არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვისაც სურს. როგორც კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა, თუ გაზის სექტორში კომერციული აბონენტებისთვის ტარიფს კომისია დაადგენს, ეს პროცესს უფრო გამჭვირვალეს გახდის.

„თუ მარეგულირებელ კომისიას გადაეცემა ეს ფუნქცია, რამდენიმე თვე დასჭირდება მეთოდოლოგიისა და ახალი წესების მოსამზადებლად. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება, ეს ტარიფი კომისიის მიერ დადგინდეს”, - აღნიშნა ნარმანიამ.

სწორედ ამაზე აკეთებს აქცენტს ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე, რომლის განცხადებითაც, სწორი იქნება, თუკი სემეკ-ს მარეგულირებლის ფუნქცია დაუბრუნდება და მომწოდებლები ვერ შეძლებენ გადასახადის გაძვირებას, რა მეთოდსაც სისტემატურად მიმართავენ.

„გლობალურად ძვირდება გაზი, მაგრამ მაინც  ვერ ვუშვებდი აზრს, რომ ეკონომიკისთვის ასეთ მძიმე პერიოდში რაიმე შეღავათზე არ დაიწყებოდა საუბარი, როგორც ეს რეგიონებისთვის „სოკარმა“ გააკეთა. არა მარტო პური, სხვა პროდუქტებიც გაძვირდება, ვინაიდან გაზრდილი ტარიფი დიდი ტვირთი იქნება მრეწველობისთვის. გადასახადის სიმძიმეს ბიზნესიც იგრძნობს და მოსახლეობაც.

უნდა გამოკვეთილიყო სახელმწიფო პოზიცია და არ მიეცათ კომპანიებისთვის ტარიფზე სპეკულირების საშუალება. სახელმწიფო ბევრჯერ წამოეგო მათ ანკესზე და გადასახადი გაზარდეს. ახალაც ასეა, კორპორაციული გარიგებებია, რაც მოსახლეობის ინტერესების საზიანოდ არის მიმართული, ამიტომ მნიშვნელოვანია,  სექტორი რეგულირდებოდეს და ტარიფების თვითნებურად შეცვლის საშუალება არ მიეცეს გაზგამანაწილებელ კომპანიებს. მათი არაკეთილსინდისიერი ქმედება მხოლოდ და მხოლოდ გვაზიანებს, ვინაიდან კომპანია მხოლოდ საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს", - განუცხადა „რეზონანსს“ ჭიჭინაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×