რა სამედიცინო დახმარებას მიიღებენ უკრაინის მოქალაქეები ამერიკულ ჰოსპიტალში?
რეზონანსი
22.06.2022

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) და „ამერიკულმა ჰოსპიტალმა თბილისი“ (AHT) ტექნიკური დახმარების ახალი პროგრამა დააანონსეს. პროგრამის ფარგლებში, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები, სამედიცინო დახმარებას ამერიკულ ჰოსპიტალში მიიღებენ. ამჟამად, საქართველოში, 28 ათასი უკრაინელი დევნილი იმყოფება. საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია 22 ივნისს, „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ გაიმართა. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს DFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა - სკოტ ნათანმა და „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ - გრეგორი კუნცმა.

ოფიციალურ ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე - თამარ გაბუნია, უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში - ანდრეი კასიანოვი, აშშ-ის საქართველოს საელჩოს, ამერიკის სავაჭრო პალატისა და მედიის წარმომადგენლები.

ახალი ინვესტიცია ეფუძნება DFC-ის ისტორიულ მხარდაჭერას „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისისთვის“. ჰოსპიტლის მშენებლობის საწყის ეტაპზე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ უკვე გამოყო 18 მილიონი აშშ დოლარი. ტექნიკური დახმარების ახალი პროგრამა „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისს“ საშუალებას მისცემს განავითაროს სამედიცინო სერვისები და, გრძელვადიანი განვითარების მხარდასაჭერად, გააძლიეროს საქართველოს ჯანდაცვის სექტორი.

DFC-ის აღმასრულებელი დირექტორის - სკოტ ნათანის განცხადებით, აშშ-ის ტექნიკური დახმარების ახალი პროგრამა დაეხმარება საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს:

„ინვესტიციების საშუალებით, DFC მზად არის მხარი დაუჭიროს ჩვენს პარტნიორებს აღმოსავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე. 2014 წელს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 18 მილიონის ინვესტიცია განახორციელა, რათა ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი შემდგარიყო. „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისში“ ასობით ადამიანი მუშაობს, რომლებიც ათასობით ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. მე აქ შევხვდი მენეჯმენტის ჯგუფს, ექიმებს, ექთნებს და ვიხილე უახლესი აპარატურა, რომელიც მსოფლიო დონისაა. დღეს დავაანონსეთ ტექნიკური დახმარების ახალი პროგრამა 800 000 აშშ დოლარის ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ, რაც უკრაინიდან დევნილი და დაშავებული მოქალაქეების ჯანმრთელობას მოხმარდება“, - აღნიშნა სკოტ ნათანმა.

„ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე - გრეგორი კუნცი ამბობს, რომ, DFC-თან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში მცხოვრები უკრაინელებისთვის ჯანდაცვის სერვისები ხელმისაწვდომი გახდება:

„DFC-ის მხარდაჭერით, ჩვენ ვაფართოებთ ამერიკული ჰოსპიტალის მომსახურებას უკრაინის იმ მოქალაქეთათვის, რომლებსაც საკუთარი ქვეყნის დატოვების შემდეგ, შეზღუდული აქვთ ჯანდაცვის სერვისებზე წვდომა. მოხარულნი ვართ, დავეხმაროთ უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც სამედიცინო დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ. ჩვენ მოუთმენლად ველით გავაგრძელოთ ჯანდაცვის სერვისის გაფართოება და მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა, რათა, საქართველოს სამედიცინო სერვისების რუკაზე, ახალი, შესანიშნავი ადგილი მოვნიშნოთ“, - განაცხადა გრეგორი კუნცმა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის - თამარ გაბუნიას თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უკრაინელი მოქალაქეების დასახმარებლად, მნიშვნელოვანი პროგრამა დაიწყო.

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი, სამწუხაროდ, ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ უკრაინიდან მოქალაქეების გადინება ჯერ ისევ გრძელდება:

„ოფიციალური გადაწყვეტილების მიღებამდეც კი, ქართველმა ექიმებმა, როგორც თბილისში, ასევე კიევში, უკრაინელების დახმარება დაიწყეს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელიც უკრაინის მთავარი მოკავშირეა, უპრეცედენტო დახმარება გამოყო არა მხოლოდ შეიარაღების მხრივ, არამედ, ჰუმანიტარულ სფეროშიც. ეს პროექტი, რომელიც დღეს დაიწყო, დიდ დახმარებას გაუწევს უკრაინელებს - ეს არის ურთიერთობის ახალი დონე აშშ-ს, უკრაინასა და საქართველოს შორის“ - აღნიშნა ანდრეი კასიანოვმა. 

საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“ უკრაინის მოქალაქეებს გაუწევს ზრდასრულთა და პედიატრიულ, მათ შორის, გადაუდებელ, ამბულატორიულ და ქირურგიულ მომსახურებას. გრანტის მიმღები ანუ „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი“, სამედიცინო მომსახურებას გაუწევს რუსეთთან ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელებს - მათ, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან საქართველოში და მათაც, რომლებიც ადგილზე სამედიცინო მომსახურებისა და მარაგის მიუწვდომლობის ან უქონლობის გამო, სამკურნალოდ საქართველოში გამოემგზავრებიან.

უკრაინელი პაციენტები, სამედიცინო საჭიროებისამებრ, მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: კარდიოლოგია (კარდიოქირურგია, ინტერვენციული კარდიოლოგია, არითმიის მკურნალობა, EPS და მასთან დაკავშირებული პროცედურები); მუცლის ქირურგია (გინეკოლოგია, უროლოგია, სისხლძარღვთა და ენდოვასკულარული ქირურგია); ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური ქირურგია; ნეიროქირურგია (თავის ტვინის ანგიოგრაფიის ჩათვლით); ყბა-სახის ქირურგია; ენდოსკოპია; ოტორინოლარინგოლოგია; პედიატრიული ამბულატორიული მოვლა და დიაგნოსტიკური მომსახურება: რადიოლოგია (ულტრაბგერა, კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია, ელექტროენცეფალოგრაფია, ელექტრომიოგრაფია, ელექტროკარდიოგრაფია, გულის ულტრასონოგრაფია, რენტგენოგრაფია); ლაბორატორიული ტესტები და გამოკვლევები; მოზრდილთა ამბულატორიული მოვლა და დიაგნოსტიკური მომსახურება; სხვადასხვა სპეციალისტის კონსულტაციები.

ზემოთჩამოთვლილი სამედიცინო სერვისების მისაღებად, უკრაინის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ „ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისს“ და წარადგინონ უკრაინის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი - პირადობის მოწმობა, ან პასპორტი. ვიზიტის დასაჯავშნად, დაუკავშირდით ჰოსპიტლის ცხელ ხაზს ნომერზე: +995 322 009 009.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×