საწვავი არანორმალურად გაძვირდა და თანდათან დეფიციტურიც ხდება
თიკა სიბოშვილი
22.06.2022

დიზელის საწვავის იმპორტი ბოლო პერიოდში იკლებს, თანაც უკვე დეფივიტურიც გახდა და ამის გამო საცალო ქსელში ფასი შესამჩნევად გაიზარდა და უკვე 4.40 ლარს მიაღწია. თუ ასე გაგრძელდება, სურსათზე ფასების დაჭერა გართულდება და შესაძლებელია გაძვირების პროცესი დაიწყოს. „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია, როდემდე გაგრძელდება მსგავსი მდგომარეობა და შესაძლოა თუ არა, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს საწვავის ფასი?

ბოლო პერიოდში, საქართველოში, ნავთობპროდუქტები მკვეთრად გაძვირდა, თუმცა დიამეტრალურად განსხვავებული მდგომარეობაა ბენზინისა და დიზელის ფასებს შორის. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 1 ლიტრი ბენზინი არაბრენდირებულ სადგურებში 3.05 ლარის ფარგლებშია, ხოლო ბრენდირებულ აგს-ებში კი 3.50-3.60 ლარის ფარგლებში. ამ დროს კი დიზელის ღირებულებამ დიდი ხანია 4.0 ლარსს გადააჭარბა და 4.20-4.40 ლარის ფარგლებშია, როგორც ბრენდირებულ ასევე არაბრენდირებულ სადგურებში. ამ დროს „პლატცის“ მიხედვით, როგორც ბენზინის, ასევე დიზელის ღირებულემა დაახლოებით ერთნაირ ნიშნულზეა. ამიტომ საინტერესოა, რატომ არის საცალო ქსელებში ამხელა სხვაობა და რატომ ღირს ბენზინი თითქმის 1.20 ლარით ნაკლები დიზელთან შედარებით.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა აღნიშნა, მომწოდებელი ქვეყნებიდან დიზელის იმპორტი შემცირებულია და ეს, საწვავის ღირებულებაზე გავლენას ახდენს.

„დიზელის საწვავის ძირითადი მომწოდებელი ჩვენთვის აზერბაიჯანია. უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში აზერბაიჯანი ვეღარ გვაწვდის ამ ტიპის საწვავს, რისი გამომწვევი მთავარი მიზეზი არის ის, რომ აზერბაიჯანში მიმდინარეობს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გადაიარაღება. დიზელის იმპორტის 40-45% სწორედ აზერბაიჯანიდან ხორციელდებოდა.

მეორე მიზეზი არის რუსეთის ფედერაციიდან შეფერხებული იმპორტი. რუსეთი როგორც აგრესორი ქვეყანა ახლა ომშია და შესაბამისად, ეს საწვავი ომს ხმარდება. გარდა ამისა, ახლა მიმდინარეობს მოსავლის აღების პროცესი, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს დიდი რაოდენობით დიზელის საწვავს.

საბოლოო ჯამში, ამ ორმა ფაქტორმა განაპირობა საქართველოში დიზელის საწვავის დეფიციტი და შესაბამისად, ფასების ზრდა. ცხადია, საქართველოს შესაძლებლობა აქვს, რომ გადაერთოს ალტერნატიულ მომწოდებლებზე, თუმცა მათი ფასი გაცილებით ძვირია“, - განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა „ბიზნეს პალიტრას“ ეთერში.

ამ დროს კი საქართველოში "რეგულარის" მარკის ბენზინის 95% რუსეთიდან შემოდის გავილებით დაბალ ფასად, ვიდრე "პლატცის" საერთაშორისო ღირებულებაა. რადგან ქვეყანაში ბენზინის დეფიციტი არ არის და საბითუმო ფასიც დაბალია, იგი საცალო ქსელში დიზელთან შედარებით გაცილებით იაფად იყიდება.

კომპანია “სენტა პეტროლეუმის" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძეც ადასტურებს, რომ ქვეყანაში იაფი დიზელის შემოტანა ძალიან გართულდა, იმავდროულად მაღალია „პლატცის“ ღირებულებაც, რაც საცალო ფასზე აისახება. მისივე აზრით, ახლა პროგნოზების გაკეთება რთულია, რადგან მდგომარეობა სწრაფ-სწრაფად იცვლება.

„ტენდენცია, რაც დღეს ქვეყანაშია, ყველასთვის ცნობილია. საერთაშორისო ბაზარზე ფასი საკმაოდ მომატებულია და შეიძლება ითქვას, რომ ისტორიაში ასეთი მაღალი „პლატცი“ არ ყოფილა, დაახლოებით 1360 დოლარი ღირს 1 ტონა დიზელი და იგივე ნიშნულია  ბენზინზეც.

ქვეყანაში იაფი დიზელის მოწოდება გართულდა და ძალიან შეიზღუდა. რუსეთიდან, უკვე ნაკლები რაოდენობით შემოდის პროდუქტი, რაც ძალიან მოქმედებს ფასებზე. ბუნებრივია, მაღალი "პლატცისა" და დიზელის იაფად ყიდვის შესაძლენლობა რომ აღარ არის, ეს იწვევს ფასის მატებას ადგილობრივ ბაზარზე.

რა იქნება მომავალში, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია, რადგან არ ვიცით რუსეთიდან მოწოდება როგორ იქნება, ამიტომაც პროგნოზს ვერ გავაკეთებ, იმდენად სწრაფად იცვლება ყველაფერი, რთული სათქმელია“, - აღნიშნა იაკობიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

ნავთობპროდუქტების გაძვირება ყველაფერზე უარყოფითად აისახება. ახლა, მოსავლის აღების პერიოდია, გლეხს ჭირნახული დაბინავებისთვის, გადაზიდვებისთვის და სხვა მსგავსი სამუშაოების შესასრულებლად აუცილებლად სჭირდება საწვავი. დიზელის ღირებულიბა კი მკვეთრად მომატებულია და ამან შესაძლოა, უკვე საბოლოო პროდუქტზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს და ისედაც გაძვირებული საკვები პროდუქტები, კიდევ უფრო გააძვიროს.

დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია მიიჩნევს. რომ დიზელზე ფასის ზრდა, ყველა სახის პროდუქციაზე ცუდ გავლენას მოახდენს.

„ნავთობპროდუქტებზე ფასის ზრდა, განსაკუთრებით კი დიზელზე, რა თქმა უნდა ნეგატიურად აისახება ყველა სახის პროდუქციაზე, რადგან დიზელი სჭირდება ტრაქტორს, სატვირთოს, ავტობუსს. მიწოდების ჯაჭვში, ძირითადად , დიზელის საწვავი გამოიყენება. მიკროავტობუსები და ზოგადად ტრანსპორტი, რითაც გადაზიდვა ხდება, დიზელს იყენებენ.

შესაბამისად, მისი მკვეთრად გაძვირება ყველა შემთხვევაში უარყოფით გავლენას იქონიებს. ბოლო პერიოდში საკმაოდ მაღალია ფასი - 1 ლიტრი 4.50 ლარის ფარგლებშია. 10-15 თეთრით ხან ზევით ადის, ხან ქვევით ჩამოდის, რაც დიდად ცვლის მდგომარეობას. საწვავის კომპონენტი დღეს ერთ-ერთი უმთავრესია ამა თუ იმ საქონლის თვითღირებულებაში“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ჭყონიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×