"ჯამში 22 მლნ დოლარზეა საუბარი, სადაც საქართველოს წილი, ფაქტობრივად, არის 70-დან 80%-მდე“
გვანცა წულაია
30.06.2022

ონლაინ სივრცეში შექმნილი აპლიკაცია, "ტესლამედია", რომელიც მომხმარებლებს გარკვეული ინვესტიციის სანაცვლოდ, თანხის გამომუშავებას სთავაზობდა, თანხებს აღარ გასცემს. ამის შედეგად, ათასობით მოთამაშემ ჩადებული ინვესტიცია ფაქტობრივად დაკარგა. ეს საქართველოში რიგით მერამდენე ფინანსური პირამიდაა, თვლაც კი ჭირს.

ონლაინ სივრცეში შექმნილი აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც, დაინტერესებული პირები, წინასწარ ჩადებული გარკვეული მოცულობის ინვესტიციის სანაცვლოდ, თანხას გამოიმუშავებენ, ჩაიფუშა. ამ დროისთვის, აპლიკაციიდან თანხის გატანა შეუძლებელია, თუმცა „ტესლა ვიდეო მედიის“ შემქმნელები ამტკიცებენ, რომ ეს დროებითი, ტექნიკური ხარვეზია.

საპირისპიროს ამბობენ სპეციალისტები, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ აღნიშნული აპლიკაცია ჩვეულებრივი თაღლითური ფინანსური პირამიდაა. კრიპტო ბაზრის დამფუძნებლის ავთანდილ კუჭავას აზრით, საქართველოს წილი ამ თაღლითურ ფინანსურ სქემაში, ფაქტობრივად, არის 70-დან 80-მდე%.

„მსგავსი პირამიდები, ყოველთვის ასე იქცევიან. თავიდან ვინც შემოდის, ისინი მოგებას იღებენ. შემდეგ ამ მოგებას ანდობენ თავის მეგობრებს, მეზობლებს, თუ ნათესავებს, ისინიც შემოდიან და სწორედ მათი ფული გააქვთ დამფუძნებლებს.

როდესაც ასეთ საქმეებს ვიძიებთ, სანამ დასკვნამდე მივალთ, ბევრ რამეს ვამოწმებთ, ფინანსურ ნაკადებს, თუ სად გადის თანხა, როგორ გადის და რა მომენტში წყვეტენ ისინი გადახდას. რასაც წინა წლების გამოცდილება გვაჩვენებს, როგორც კი გადახდა ჩერდება, მისი აღდგენის საშუალება აღარ არსებობს.

შესაბამისად, „ტესლავიდეო მედიაზე“ დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტყუილად დაელოდებიან ის ადამიანები, ვისაც უთხრეს, რომ ტრონის ქსელი გაჩერდა. მას ბოლო წლების განმავლობაში, მსგავსი არანაირი პრობლემა არ შექმნია. უბრალოდ, დროს იგებენ იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ფული კარგად გაიტანონ.

მეორე სცენარი, რაც შეიძლება მოხდეს, არის ის, რომ 2-3 დღით აღადგინონ, ადამიანებს აჩვენონ, რომ აი, უკვე აღდგა, ისევ დაიწყოს თანხის გაცემა და ამ დროს ისევ ახალი შემომწირველები შეიმატონ. ეს არის კლასიკური პირამიდა, თაღლითური სქემა. ამბობენ, რომ მარტივად შეგიძლია ფულის შოვნა, ამ დროს, პირველად შესული ადამიანები იღებენ მოგებას, დანარჩენების აბსოლუტური უმრავლესობა აგებს. რაც მოხდა ჩვენს შემთხვევაში.

ჯამში 22 მლნ დოლარზეა საუბარი, სადაც საქართველოს წილი, ფაქტობრივად, არის 70-დან 80%-მდე“, - განაცხადა ავთანდილ კუჭავამ გადაცემაში „საქმე“.

"ტესლამედიას" საშუალებით მომხმარებლებს თანხის გადახდის შემდეგ ვიდეოები უნდა ენახათ, რაშიც მათ სისტემა ანაზღაურებას აძლევდა. "გუგლ ტრენდის" მონაცემებით, ეს ვებ-გვერდი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული საქართველოში იყო, რაც 100 ქულით იყო შეფასებული, მაშინ როდესაც მეორე და მესამე ადგილებზე მყოფ სომხეთსა და აზერბაიჯანში მისი პოპულარობა 2 ქულით ფასდებოდა, მეოთხე პოზიციაზე მყოფ ყირგიზეთში კი 1 ქულით. შესაბამისად, ამ სისტემის მომხმარებელეთა უდიდესი ნაწილი სწორედ საქართველოდან იყო რეგისტრირებული.

ვებ-გვერდების სარეგისტრაციო სისტემის მიხედვით, ტესლავიდეომედია 2022 წლის 3 მარტს დარეგისტრირდა. აღსანიშნავია, რომ ტესლავიდეომედია არავითარ კავშირში არ არის ილონ მასკის დაფუძნებულ, ავტომწარმოებელ „ტესლასთან" მიუხედად იმისა, რომ ლოგო და წარწერა სწორედ საერთაშორისო ბრენდს მოგაგონებთ. თავად კომპანია 2022 წლის 17 თებერვალს, აშშ-ის შტატ კოლორადოში არის რეგისტრირებული. სარეგისტრაციო მონაცემების მიხედვით, მისი პრეზიდენტი და 100%-ის მფლობელია ფიზიკური პირი ანდრეი-დრაგოს საიმონი.

ფინანსისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ მსგავსი ტიპის აპლიკაციების გამოყენებისგან თავი უნდა შეიკავონ, რადგან ეს ჩვეულებრივი თაღლითური სქემაა. საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავას აღნიშნავს, რომ არაერთი ისეთი შემთხვევა, როდესაც ფულის შოვნის მარტივ გზას ჰყავს უამრავი დაზარალებული.

„ეს არის სუფთა წყლის აფიორა. უნდა მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ ისეთი ცდუნებისგან, როგორიც არის მარტივი და ადვილი ფულის შოვნა. როგორც ისტორია ცხადყოფს, არაერთხელ და არაერთგზის დაზარალდა საქართველოს მოსახლეობა ასეთი აპლიკაციის და მსგავსი ფინანსური პირამიდით.

მალე, ალბათ, პროკურატურა დაინტერესდება ამ საკითხით, მაგრამ სანამ ეს მოხდება, იქამდე, მოსახლეობას სიფრთხილისკენ უნდა მოვუწოდოთ”, - განუცხადა ლია ელიავამ „რეზონანსს”.

ეკონომისტი ოთო აბესაძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც საზოგადოებას კიდევ ერთხელ აფრთხილებს, არ დაიჯერონ და არ მიჰყვნენ ფინანსურ პირამიდებს.

„სამწუხაროდ ყველა ჩემი პროგნოზი ახდა ("სტეპენ", "ტესლა მედია" და სხვა), ყველაფერი ზუსტად ისე დასრულდა როგორც ვწერდი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება „ქილიკი” ესეთ დროს. ადამიანებმა დაკარგეს ფული.

მოდი ესე შევხედოთ, თქვენ ვინც ფული დაკარგეთ, ჩათვალეთ, რომ „500 დოლარის ისწავლეთ”. მომავალში სანამ დააპირებთ მსგავს ინვესტიციას, ყოველთვის მიმართეთ თქვენს გარშემო მყოფ ფინანსისტებს ან მომწერეთ ნებისმიერ დროს. არასდროს დაგზარდებით გონივრული რჩევისთვის. ეხლა უბრალოდ მარტივად შეხედეთ ამ „მიღებულ განათლებას” და გააგრძელეთ მშვიდად ცხოვრება”, - დაწერა ოთო აბესაძე „ფეისბუქზე”.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×