ერთი მხრივ, ლარის გამყარება დიდ შეღავათს იძლევა, მაგრამ, მეორე მხრივ, ინფლაცია ყველაფერს ანგრევს
რეზონანსი
04.07.2022

საქართველოში, ბოლო პერიოდში საპენსიო ასაკის მოსახლეობისათვის პენსია მუდმივად იზრდებოდა და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს სხვადასხვა რაოდენობით მოემატა. ქვეყანაში ეროვნული ვალუტის კურსი მყარდება და ნომინალური პენსია თითქმის 100 დოლარს გაუტოლდა. საინტერესოა, რამდენად ჩამორჩება საქართველო პენსიის ოდენობით და მსყოდველუნარიანობით განვითარებულ ქვეყნებს.

მას შემდეგ, რაც ეკონომიკაში სტაბილურობის ნიშნები აშკარაა, ხოლო ლარმა დაკარგული პოზიციების აღდგენა სწრაფად დაიწყო, დოლართან გამოხატული ნომინალური პენსია უკვე არც მთლად ურიგო გამოიყურება და შეიძლება ითქვას, რომ მეზობელი ქვეყნების საპენსიო მაჩვენებლსაც დიდად არ ჩამოუვარდება.

საქართველოში პენსია ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს. ბოლო მაჩვენებლების მიხედვით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერთათვის პენსია 20 ლარით – 240 ლარიდან 260 ლარამდე გაიზარდა, 70-დან ზემოთ ასაკის პენსიონერებს კი – 25 ლარი დაემატა და ისინი 275 ლარის ნაცვლად 300 ლარს იღებენ.

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მომატებულ პენსიაზე კიდევ 20%-იან დანამატს იღებენ მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პენსიონერები. შესაბამისად, 2022 წლიდან, იქ მცხოვრები 70 წლამდე პენსიონერები 312 ლარს, ხოლო 70-ს ზემოთ ასაკის პენსიონერების პენსია კი – 300 ლარიდან 360 ლარს გაუტოლდა.

როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, უარყოფითი ეკონომიკური პროცესები ყველაზე მტკივნეულად სწორედ პენსიონრებზე აისახება, ხოლო ლარის კურსის სტაბილიზაცია მათ მსყიდველობითუნარიანობაზე პოზიტიურად იმოქმედებს.

„პენსიონერთა უმრავლესობისთვის, მთავარი არ არის ლარი დოლართან მიმართებით როგორი კურსი არის, არამედ მნიშვნელოვანია, თუ როგორია არსებული პენსიის მსყიდველობითუნარიანობა, რა რაოდენობით სურსათისა თუ მეტიკამენტის შეძენა შეუძლიათ.

თუ ეროვნული ვალუტა მყარდება დოლართან მიმართებით ეს ეხმარება ზოგადად, სამომხმარებლო სექტორს და მათ შორის, პენსიონრებს, რომ იმპორტირებული საქონელი შეიძინონ შედარებით მისაღებ ფასად, რადგან ჩვენი სამომხმარებლო ბაზრის 70%-ზე მეტი იმპორტულ საქონელს უჭირავს. ამიტომ თუ, მყარდება ეროვნული ვალუტა ეს სხვა საგარეო პირობებში ეხმარება ჩვენს მომხმარებელს და მათ შორის პენსიონრებს, რომ მწვავედ არ იგრძნონ ფასების მატება, როგორც მნამდე იყო.

როცა ლარი უფასურდებოდა, ინფლაციის მაჩვენებელი პენსიონერისთვის, მოსახლეობის დანარჩენ კატეგორიასთან შედარებით, თითქმის 1,5-ჯერ მაღალი იყო. მაგალითად, თუ ინფლაცია 10%-ით იზრდებოდა, პენსიონერებისთვის 15%-ით და მეტადაც იზრდებოდა, რადგან ყველაზე სწრაფად ფასები წამლებსა და სურსათზე იცვლებოდა, მათი ხარჯის დიდი ნაწილი კი ზუსტად ამ კატეგორიაშია“, - აღნიშნა არჩვაძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ არ არის სწორი საქართველოს პენსიის პირდაპირ შედარება სხვა ქვეყნის პენსიებთან, რადგან ვალუტა ყველა ქვეყანაში სხვადასხვაგვარია.

„არსებობს ჩანაცვლების კოეფიციენტი, თუმცა ჩვენ ამ მხრივ ჯერ საკმაოდ მოკრძალებულ დონეზე ვართ, ხოლო მეზობელ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და ჩვენც უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით.

საქართველოში დაბერების კოეფიციენტი კრიტიკურ ზღვარს ორჯერ არის გადაცილებული. დაბერების წილად თუ ითვლება 65 წელს გადაცილებული კატეგორია და მთელ მოსახლეობაში უნდა შეადგენდეს 7%-ს, ჩვენთან ამ მაჩვენებელს აღემატება და უკვე 15%-ის ფარგლებშია, ამიტომაც მაღალია პენსიონერთა წილი.

არ იქნება კორექტული პენსიის პირდაპირი შედარება, რადგან ვალუტის მსყიდველუნარიანობა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარია. მაგლითად, აშშ-ში რასაც სჭირდება 100 დოლარი, საქართველოში ეს შეიძლება 40-45 დოლარად შევიძინოთ, ამიტომ ამ ნაწილში პირდაპირ შედარება არ გამოდგება“, - დასძინა არჩვაძემ.

აშკარაა, რომ ბოლოდროს მიმდინარე მოვლენები პოზიტიური შედეგების მომტანი აღმოჩნდა. კურსის სტაბილიზაციამ და გამყარებამ, პენსიონრებს შესაძლებლობები გაუზარდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ დოლართან გამოხატულებაში საქართველოში არსებული პენსია მნიშვნელოვნად აღარ ჩამოუვარდება მეზობელი ქვეყნებისას.

აკადემიკოს ავთო სილაგაძის განცხადებით, ყველა ქვეყნაში სხვადაასხვა საპენსიო სისტემაა, რაც საკმაოდ დიდ განსხვავებას იწვევს.

„საპენსიო სისტემა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარია და ძალიან დიდი განსხვავებაა, როგორც ევროპის, ასევე პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, რადგან სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით ეძლევათ პენსიები.

მაგალითად აშშ-ში პენსია 1500 დოლარის ფარგლებშია, დანიაში საკმაოდ მაღალია - 2900 დოლარის ფარგლებში, ავსტრიაში 1600 დოლარზე მეტია, გერმანიაში დაახლოებით 1100 დოლარამდე, საბერძნეთში კი უფრო ნაკლები - 800 დოლარის ფარგლებში.

ესტონეთში  700 დოლარს აჭარბებს, ხოლო პოლონეთში 660 დოლარის ფარგლებშია, თუმცა რუმინეთში გაცილებით დაბალია - 260 დოლარი. ბოლო მონაცემებით , ყაზახეთშიც არ არის მაღალი და იგივე დონეა რუსეთში - 200 დოლარს არ აღემატება“, - აღნიშნა სილაგაძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ მნიშვნელოვანია ვალუტის კურსის სტაბილიზაცია, რაც ბევრ პრობლემას შეამცირებს.

"ბოლო პერიოდში, ლარის კურსი დოლართან მიმართებით რომ არ მყარდებოდეს, ეს ფასების გაცილებით მეტ ზრდას გამოიწვევდა, რის გამოც პენსიის მსყიდველუნარიანობაც გაცილებით დაბალი იქნებოდა. ახლა სახლემწიფო ახერხებს, რომ დიდი მერყეობა არ იყოს.

ქვეყანაში გარკვეული პერიოდის წინ, გაცილებით დაბალი იყო საპენსიო უზრუნველყოფა. თუ გაგრძელდება ეკონომიკის ორნიშნა ზრდა, ეს საშუალებას მოგვცემს, რომ კრიზისულ სიტუაციას, რომელიც მსოფლიოში პანდემიისა და ომის შედეგად წარმოიქმნა, გავუმკლავდეთ და შემდეგ თუ დადებითი პროცესები გაგრძელდება, შეიძლება გაჩნდეს იმის საშუალება, რომ პენსიები კიდევ უფრო მეტადაც გაიზარდოს“, - აღნიშნა სილაგაძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×