„დანამდვილებით ვიცი, მკაცრი შეზღუდვები არ იქნება, მაგრამ პატარ-პატარა რეგულაციების დაბრუნებას არ გამოვრიცხავ"
ქეთო გოგოხია
05.07.2022

პანდემიური სიტუაციის გაუარესებამ შესაძლოა, რეგულაციების საკითხი დღის წესრიგში დააყენოს. ჯერჯერობით რაიმე სახის შეზღუდვაზე საუბარი არ არის, თუმცა ეპიდემიური სიტუაცია თუ გაუარესდება, არ არის გამორიცხული, ამის საჭიროება რეალურად დადგეს. საფრთხე, პირველ რიგში, ეკონომიკას დაემუქრება და ძლივს დაქოქილი ბიზნესი ძალიან მალე საფრთხეში აღმოჩნდება, რაზეც სპეციალისტები უკვე დაუფარავად ალაპარაკდნენ.

როგორც ვარაუდობენ, რეგულაციები განსაკუთრებით ტურიზმს დაეტყობა, რომელიც წელს საკმაოდ აქტიურ ფაზაშია და ძალებს იკრებს. მსუბუქი შეზღუდვებიც კი სწორედ ამ დარგს დაარტყამს, მით უმეტეს, რეგიონში ომია და, პარალელურად, რეგულაციების ამოქმედებით დარგი ორმაგი დატყმის ქვეშ აღმოჩნდება.

როგორც აღმოჩნდა, სამედიცინო წრეში რეგულაციების  საკითხი, ჯერჯერობით, არ განიხილება, მაგრამ საუბრობენ, რომ მდგომარეობა დამაფიქრებელია და სიფრთხილეს მოითხოვს. კოვიდინფიცირების შემთხვევების ტენდენციის ფონზე, სპეციალისტები მოსახლეობას ვაქცინაციასა და დახურულ სივრცეში პირბადის ტარებას ურჩევენ. ინფექციონისტი ნანა გონგაძე ამბობს, რომ ბოლო 1 კვირაში 2570 ახალი შემთხვევა  ნამდვილად საყურადღებოა და გარკვეული პრევენციაც საჭიროა, მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, სანამ შესაბამის რეკომენდაციებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გასცემს.

ამ ეტაპზე  ინფიცირების მაჩვენებელს ჯერ არ მიუღწევია იმ რიცხვისთვის, რომ უკვე საჭირო გახდეს გარკვეული რეგულაციების ამოქმედება, თუმცა მედიკოსები პანდემიურ სიტუაციას აკვირდებიან და გადაწყვეტილებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების საფუძველზე მიიღებენ.

„ვითარება ნამდვილად დამაფიქრებელია. მართალია, ჯერ არ არის ინფიცირების ის რაოდენობა, რომ შეზღუდვებზე ვისაუბროთ, მაგრამ ტენდენცია თუ გაგრძელდება, ამის საჭიროებაც დადგება. გადაწყვეტილება ასე საჩქაროდ არ მიიღება. რა რეკომენდაციასაც გასცემს  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, იმას ვემხრობით. ქართველ სპეციალისტებს საკუთარი აზრი ღიად ჯერ არ დაუფიქსირებიათ, არც კულუარულ დონეზეა რეგულაციებზე საუბარი, ჯერ არ განიხილება ეს საკითხი.

მეორე მხრივ, სიტუაცია დამაფიქრებელია და ნამდვილად გვჭირდება, რომ დროულად იქნას ზომები მიღებული, მით უმეტეს,  ზაფხულია, აქტიურ ფაზაშია ტურიზმი  და კოვიდის ასეთი მატება გარკვეულ რისკებს შეიცავს. როგორც აღვნიშნე, გადაწყვეტილებას ქართველი ექიმები თვითნებურად ვერ მიიღებენ, საკითხი წყდება ეპიდემიოლოგიური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და  დაავადებათა კონტროლის ცენტრის დონეზე.

შეიძლება, მსუბუქი შეზღუდვების აუცილებლობა გახდეს საჭირო, მაგრამ კონკრეტულად რა ვადაში უნდა გადაწყდეს, ამას ეპიდვითარება გვიჩვენებს. შემთხვევების რაოდენობა თუ მოიმატებს, დროთა განმავლობაში პრევენციისთვის  ყველაზე მარტივი ფორმაა, თუნდაც, პირბადის მოხმარების ვალდებულება დახურულ სივრცეებში, მაგრამ ჯერ არც ეს საკითხი განიხილება“, - აღნიშნა ნანა გონგაძემ ,,რეზონანსთან“.

ახალი შეზღუდვების დაწესების საჭიროებას ჯერ ვერც ეკონომისტები ხედავენ, თუმცა ამბობენ, რომ რეგულაციების შემოღება ეკონომიკას საგრძნობლად დააზარალებს და განვითარების პროცესი შეფერხდება.

მიუხედავად ამისა, ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი მაინც არ გამორიცხავს შეზღუდვების დაწესებას, ვინაიდან კოვიდის მართვის სხვა გზა, ჯერჯერობით, არ არსებობს.

„კორონავირუსის მძიმე გავლენა ვიცით, მან ათასობით ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, ამიტომ მიმაჩნია, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია თუ გაუარესდება, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა უნდა შეიმუშაონ რეკომენდაციები და ამის შესაბამისად გადაწყდეს, რამდენად საჭიროა რეგულაციების დაწესება.

პანდემიას მართვა სჭირდება,  რომ მძიმე შედეგი არ გამოიწვიოს, თუმცა რეგულაციები უკვე აღარ იქნება ისეთი მკაცრი და ეკონომიკის განვითარების შემაფერხებელი, როგორიც 2020 წელს იყო. მაშინ  „კოვიდ-19“ ახალი ამბავი იყო, ვსწავლობდით მართვას,  შეცდომებიც იქნა დაშვებული, ვინაიდან შეზღუდვების ნაწილი გადაჭარბებული იყო.  ახლა გამოცდილება არსებობს, 2-3 წელი გასულია და მეტ-ნაკლებად ხელისუფლებამაც და ბიზნესმაც ისწავლა პანდემიაში ცხოვრება. ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ, მით უმეტეს, ომი მიმდინარეობს რეგიონში და მცირე შეცდომამაც კი შესაძლოა, მძიმე შედეგი მოიტანოს ეკონომიკაში“, - განაცხადა ჯანიაშვილმა „რეზონანსთან“.

მისი თქმით, თუკი შეზღუდვები დაწესდება, ყველაზე მძიმე გავლენას ტურიზმზე მოახდენს, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანა ამ დარგზე მინიმალურად იყოს დამოკიდებული. 

„ტურიზმი რამდენიმე წელი უნდა დავივიწყოთ და ამ დარგზე აღარ უნდა გაკეთდეს აქცენტი, ეს გამოცდილებამაც გვაჩვენა.  სანამ პანდემიაა, შეიძლება, რეგულაციები ნებისმიერ დროს გახდეს საჭირო და იგი, პირველ რიგში, ტურიზმზე გავრცელდება.  სავარაუდოდ, ისევ დააწესებენ ვაქცინაციის ვალდებულებას ტურისტებისთვის, ტესტირებას და ა.შ. ეს სექტორს ხარჯს გაუძვირებს, ამიტომ ამ დარგზე არ უნდა გაკეთდეს აქცენტი და უნდა ვიზრუნოთ ისეთ სფეროებზე, რომლებიც კრიზისისას არ იქნება მოწყვლადი, მაგალითად, ადგილობრივი წარმოება და ექსპორტი.

დანამდვილებით ვიცი, რომ მკაცრი რეგულაციები არ იქნება, ამას  მთავრობაც მიხვდა, მაგრამ ალბათ, მიიღებენ ისეთ ზომებს, როგორებიცაა პირბადის ტარება, ვაქცინაციის დაჩქარება და თავყრილობებზე ადამიანების შეზღუდული რაოდენობა“, - აღნიშნა „რეზონანსთან" საუბრისას მერაბ ჯანიაშვილმა.

აპირებს თუ არა ხელისუფლება ინფიცირების შესამცირებლად რაიმე ტიპის რეგულაციების კვლავ შემოღებას, ამ კითხვაზე პასუხი არც მთავრობაში აქვთ. 

ყველა რეგულაცია, რომელიც ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების პრევენციის მიზნით არსებობდა, მათ შორის, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის მოხმარების ვალდებულება, 20 ივნისიდან გაუქმდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×