ქეთო გოგოხია
11.07.2022

საქართველოში დასევენება კატასტროფულად გაძვირდა. ხარჯები გაეზარდა როგორც უცხოელ ტურისტებს, ასევე ადგილობრივ დამსვენებლებს, რომლებიც ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას მაღალი ფასების გამო. თუმცა პრობლემა არა მხოლოდ სიძვირე, არამედ მომსახურების სერვისებია, ხშირ შემთხვევაში საკმაოდ დაბალი ხარისხის და ფასებთან შეუსაბამოა. მარტო კვების ობიექტები წელს, წინა წელთან შედარებით, 70%-ით არის გაძვირებული, გაორმაგებულია ტრანსპორტის და განთავსების ობიექტების ხარჯი, მუზეუმსა და ნაკრძალებში ბილეთების ღირებულება და სხვა.

ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და განახლებული წალკის კანიონი რომ ავიღოთ, ზრდასრული მოქალაქეებისთვის მარტო ხიდზე გასვლა უცხოელი ტურისტებისთვის 49 ლარია, ადგილობრივებისთვის - 29 ლარი.  კანიონმა ყურადღება გახსნის დღიდანვე მიიქცია მომსახურების საფასურითაც, კერძოდ, საქანელას ფასებით, რომელიც 80 ლარი ღირს, სამადგილიანის შემთხვევაში ტარიფი 150 ლარს აღწევს.

ცხადია, ფასები მხოლოდ ქართული მოვლენა არ არის და იგივე სიტუაციაა აბსოლუტურად ყველა ტურისტულ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ამას ფეხს ვერ უწყობს მომსახურების დონე, რასაც დამსვენებლებს სთავაზობენ. მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმი ქვეყანაში მეტ-ნაკლებად  განვითარებულია, ინფრასტრუქტურა რეგიონებში ჯერ კიდევ გამოწვევაა,  მთის კურორტების ზოგიერთ ნაწილში ელემენტარულად ინტერნეტზე წვდომის პრობლემაცაა.

ფასების ცვლილებას გლობალური ტენდენციებს უკავშირებს ტურიზმის სფეროს სპეციალისტი მანანა ალადაშვილი, რომელიც ადასტურებს, რომ დასვენებასთან დაკავშირებული ყველა მომსახურება მკვეთრად არის გაძვირებული.

,,სასტუმროების ტარიფი იმდენად არ არის გაზრდილი, როგორც მომსახურების ფასმა მოიმატა. ეს ეხება ყველა სეგმენტს, განსაკუთრებით  კვების ობიექტებს, სადაც ფასები 70%-მდე ასწიეს, 30-35%-ის ფარგლებში ტრანსპორტით მომსახურებაც გაძვირდა. გადაადგილება საკმაოდ ძვირი ჯდება. საფასო ცვლილება ობიექტური გარემოებებით არის გამოწვეული და ფასების ზრდის ტენდენციას უკავშირდება, რაც გლობალური პროცესია. თუმცა, საქართველოს შემთხვევაში გამოწვევად კვლავ რჩება ხარისხი, მაღალი დონის სასტუმროებში ეს საკითხი ასე თუ ისე მოგვარებულია, თუმცა იგივე სარესტორნო ბიზნესში  ამ მხრივ პრობლემაა. იგივე შეიძლება ითქვას გიდების მომსახურებასა და ბევრ ისეთ სერვისზე, რასაც ტურისტებს ვთავაზობთ.

გარკვეული პრობლემა ინფრასტრუქტურის გაუმართაობასაც უკავშირდება. ბევრ ტურისტულ ზონაში სამუშაოები დაწყებულია და დღესაც მიმდინარეობს, მაგრამ არ დასრულებულა“, - განაცხადა მანანა  ალადაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბრობენ ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებიც. საქართველოს სასტუმროებისა და ტურიზმის პროფესიონალთა ასოციაციის თანადამფუძნებელი  პაატა ლუკაშვილი ამბობს იმასაც, რომ მომსახურების საშუალო ხარისხის მიუხედავად, ჯერჯერობით ტურისტების ბუმია საქართველოში. მოიმატა მაღალმხარჯველი დამსვენებლებმაც, რომლებიც მთელი  ტურისტების დაახლოებით 30%-ს შეადგენენ.

,,ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი გაზრდილია და ეს გამოიხატება როგორც ვიზიტორების რაოდენობაში, ასევე ფულადი სახითაც, რასაც ისინი ჩვენს ქვეყანაში ხარჯავენ. ჯერჯერობით უმეტესობა მაინც დაბალი და საშუალო მხარჯველია, მაღალმხარჯველების წილი 30%-ია, რაც ცოტა არ არის, მაგრამ თუკი მომსახურების ხარიხს უფრო დავხვეწავთ და სწორ სტრატეგიას შევიმუშავებთ ამ მაჩვენებლების გაუმჯობესება შეიძლება.

მომსახურების დონე რომ ამაღლდეს, ამას სჭირდება ცოდნა, მეტი ინვესტიციების საგანმანათლებლო მიმართულებით, რაც დარგს სერიოზულად წასწევს წინ. ცოტა ხნის წინ ლისზე ჩატარდა ფესტივალი, ტალახში აიზილა ხალხი, მომსახურების ძალიან ცუდი შედეგი ვაჩვენეთ. როცა მასპინძელი ქვეყანა ხარ, მეტი მოგეთხოვება!

საქართველოში დასვენების მიზნით ჩამოსული ევროპელი ყოველთვის მაღალი ხარისხის მომსახურებას ითხოვს, ამას ის მიჩვეულია და  იგივეს ელოდება საქართველოშიც. სტუმართმოყვარეობა კარგად გამოგვდის, მაგრამ ამას თუ ევროპულ სტანდარტსაც წავაშველებთ, საუკეთესო ტურისტული ქვეყანა გავხდებით. სექტორს ეკონომიკისთვის დიდი სარგებელი მოაქვს და სწორად უნდა წარვმართოთ სტრატეგია“, - აღნიშნა პაატა ლუკაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

როგორც ლუკაშვილი ამბობს, ტურისტმა კარგად რომ დაისვენოს საქართველოში და საინტერესო ადგილებიც მოინახულოს, დღიურად 100 დოლარის დახარჯვა უწევს. დამსვენებლების უმეტესობა  ძირითადად 7-10 დღით რჩება საქართველოში.

,,ნამდვილად მაღალია ტარიფებია, მომსახურებაში კი ჯერ კიდევ მოვიკოჭლებთ, მაგრამ ეს არ ეტყობა სეზონს, დამსვენებლების ბუმია საქართველოში. თითო ვიზიტორს 100  დოლარის დახარჯვა უწევს დღეიურად, რომ ნორმალურად დაისვენოს, ძირითადად 7-10 დღით ჩამოდიან.

მოთხოვნა ნამდვილად დიდია, ბათუმში ჯავშნები, ფაქტობრივად, არ არის, ადგილები გადავსებულია. იემენიდან და ისეთი ქვეყნებიდან ჩამოდიან, რომლებიც ადრე საქართველოთი ნაკლებად ინტერესდებოდნენ. დიდი მუშაობაა ჩასატარებელი, რომ ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ“, - დასძინა ლუკაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

ტარიფები გაზრდილია საოჯახო სასტუმროებშიც, თუკი  პანდემიამდე ამ სეგმენტში ადამიანს 30 ლარადაც შეეძლო დასვენება, წელს ფასები 70-80 ლარის ფარგლებშია და ზოგ შემთხვევაში უფრო მეტიც.

მესტიაში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა წყვილი გიორგი ბენდელიანი და ნინო ფეტელავა დამსვენებლებს ,,ლენტეხის მთის სასტუმროს“ სახელით მასპინძლობენ.

სასტუმროს უკვე მრავალი სტუმარი ჰყავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, ადგილობრივი ტურისტებიც არიან. დასვენების დღიური საფასური, სამჯერადი კვებით, 80 ლარია, ამასთან, ეწყობა ადგილობრივი ტურები, რომლის საფასური 150-180 ლარის ფარგლებშია.

როგორც ნინო ფეტელავა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ ამბობს, ფასებთან დაკავშირებით უცხოელებს არანაირი პრეტენზია არ აქვთ, მათ წინასწარ იციან, რის გადახდაც მოუწევთ ადგილზე, თუმცა შიდა ტურისტები ამ მხრივ ხშირად უკმაყოფილოები არიან.

,,იაფი დასვენება დღეს, პრაქტიკულად, გამორიცხულია. ეს ეხება არა მარტო საქართველოს, ნებისმიერ ქვეყანას, პანდემიამ, შემდეგ უკვე რუსეთ-უკრაინის ომმა ამ მხრივ დიდი გარდატეხა მოახდინა, სექტორიც ახალი მოთხოვნის შესაბამისად გადაეწყო. ეს ეხება, პირველ რიგში, ფასებს, როგორც სურსათი, ასევე მომსახურება გლობალური მასშტაბით არის გაძვირებული, რის გავლენაც იგრძნობა საქართველოში. ამაზე შიდა და უცხოელი ტურისტები განსხვავებულად რეაგირებენ. ადგილობრივი ყოველთვის უკმაყოფილოა, უცხოელი ფასზე არ წუწუნებს, იხდის ჩვეულებრივ.

ასეა სხვა ქვეყნებშიც, მაგალითად, თურქეთის მოქალაქეებიც მუდმივად არიან უკმაყოფილო ადგილობრივი ფასებით და ამას ყოველთვის გამოხატავენ, სამაგიეროდ, უცხოელებისთვის ეს არანაირი დაბრკოლება არ არის.  საზოგადოება უკვე შეეჩვია კიდეც, რომ ხარისხიანი დასვენება  იაფი ვერ იქნება“, - აღნიშნა ნინო ფეტელავამ

ცნობისთვის, 2022 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 1 625 928 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2021 წლის 6 თვის მონაცემებთან შედარებით 234.5%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღდგენის ტემპმა 42.1% შეადგინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×