"არის შემთხვევები, როცა მოძრაობის ერთ ზოლს იყენებს ორივე მიმართულება, რაც კატასტროფაა"
ქეთო გოგოხია
11.07.2022

საგზაო მაგისტრალებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმართ სპეციალისტებს კითხვის ნიშნები აქვთ. პირველ რიგში, დარგის წარმომადგენლებს აინტერესებთ, ორგანიზაციული საკითხები მოძრაობის რეჟმთან დაკავშირებით და ხარისხი, რაზეც ერთპიროვნული პასუხი დღესდღეობით ოფიციალურ დონეზე არ არსებობს. მართალია,  უშუალოდ რიკოთის პროექტთან დაკავშირებით საზოგადოებას დრო და დრო მიეწოდება გარკვეული ინფორმაცია,  თუმცა რა იწვევს გაუსაძლის საცობებს და რეალურად რა მდგომარეობაა, ამაზე პროექტის დამკვეთი არ საუბრობს.

მთავარი პრობლემა კი, რაზეც საგზაო სფეროს წარმომადგენლები ამახვილებენ ყურადღებას, მოძრაობის სირთულე და გზებზე არსებული მანქანების რიგია. ამის გამო, ფიქრობენ, რომ რიკოთი ქაოსურად შენდება და საგზაო მონაკვეთებზე დიდი უწესრიგობაა. ამ დროს ქვეყანაში ტურისტების ბუმია,  პარალელურად გაზრდილია გადაზიდვები საქართველოს დერეფანში და პრობლემა იქმნება ყველა მიმართულებით.

როგორც სატრასპორტო დარგის ექსპერტმა მევლუდ მელაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“  აღნიშნა, გაზრდილმა ნაკადის გამო რიკოთის მონაკვეთზე კოლაფსი არ იქნება, მაგრამ მოუწესრიგებელი სამუშაოები იწვევს დიდ დისკომფორტს, რასაც საქართველოს თუ უცხო ქვეყნების მოქალაქეები  გზის ამ ნაწილში გადაადგილებისას აწყდებიან.

,,გარედან ჩანს ქაოსი, მოუწესრიგებლობა, მაგრამ რეალურად რა მდგომარეობაა, ამაზე ცალსახა პასუხი არ გვაქვს, არავინ გვახედებს პროექტში. არის შემთხვევები, როცა მოძრაობის ერთ ზოლს იყენებს ორივე მიმართულება, რაც კატასტროფაა. ამხელა პროექტი როცა კეთდება და დიდძალი ფული იხარჯება, საზოგადოება უფრო მეტად უნდა იყოს ინფორმირებული.

თუკი წამყვანი ქვეყნების გამოცდილებას გავითვალისწინებთ, მაგისტრალური გზების მშენებლობისას  პარალელური გზა ყოველთვის არის, ალტერნატიული მონაკვეთი კეთდება ხოლმე, რომ ნაკადი არ შეფერხდეს. მეტი ინფორმაცია რომ გვქონდეს, საზოგადოების მხრიდან კრიტიკაც ნაკლები იქნებოდა, გარკვეული რეკომენდაციების გაცემასაც შევძლებდით. ვინაიდან პროექტის დეტალებში  არ ვართ ჩახედული, არც ანალიზის საშუალებაა“, - განაცხადა მევლუდ მელაძემ.

საგზაო სფეროს სპეციალისტები  ფიქრობენ, რომ  ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებისას საზოგადოებას დრო და დრო უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია, რა მდგომარეობაა რეალურად და რა იწვევს დიდ საცობებს. მთავარი საკითხი კი, რაზეც ცნობილი ინჟინერი, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი თამაზ სილაგაძე ყურადღებას ამახვილებს, ხარისხი და პროექტის ორგანიზაციული მხარეა.

,,ძალიან დიდი, ორმილიარდიანი  პროექტია და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დეტალის მიმართ საზოგადოების ინტერესი ბუნებრივია. ყველა მშენებლობისას არის ნაკლოვანებები, რომელიც უშუალოდ სამუშაო  პროცესის დროს გამოსწორდება, მაგრამ ყოველთვის არ ხდება ასე. კონკრეტული პასუხი რომ გაეცეს კითხვებს,  უნდა ჩაიხედო პროექტში, რის საფუძველზეც გამოვთქვამთ აზრს, კრიტიკა ასე ხელაღებით არ შეიძლება.  ბევრი შემთხვევა ყოფილა, შემოწმებულა მშენებლობა, უნახავთ, ხარვეზი გამოვლენილა და გამოსწორებულა კიდეც.

რაც შეეხება კონკრეტულად რიკოთის მშენებლობას,  ხშირად მესმის უკმაყოფილება, რაც ძირითადად საცობებს უკავშირდება, მაგრამ მისი გამომწვევი მიზეზი ჩემთვის უცნობია.  პირველ რიგში, მშენებლობის ხარისხი  უნდა შემოწმდეს. კარგი იქნება, თუკი დამკვეთი  გარკვეული პერიოდის განმავლობაში გააკეთებს ანალიზს, რომელსაც საზოგადოებას მიაწვდიან, ამისთვის ობიექტურად უნდა  შემოწმდეს მშენებლობა, სწორედ ამას ითხოვს ხალხი - ამდენი ფული რომ იხარეჯება როგორია პროცესი, რამდენად ხარისიხიანი გზა იგება და სხვა.  ამ დეტალებზე ვარაუდების დონეზე  ვერ ვისაუბრებთ, თუ საფუძვლიანი ანალიზი არ გვაქვს“, - აღნიშნა სილაგაძემ და დასძინა, რომ საცობები არ ეხება მშენებლობის ნაკლოვანებებს, ეს შეიძლება იყოს არასწორი ორგანიზაციის შედეგი, მოძრაობის რეჟიმი -  სხვადასხვა მონიშვნები, მიმართულებები და დეტალები, რაც გზების მშენებლობისას აუცილებლად არის გასათვალისწინებელი.

,,დღესდღეობით საქართველოს დერეფანი მაქსიმალურად არის დატვირთული, რაც რეგიონსი მიმდინარე ომმა გამოიწვია, ამიტომ საგზაო ინფრასტრუქტურის როლი არის გადამწყვეტი.  საქმეს სიღრმისეულად თუ მივყვებით, შესაძლოა, საცობებსაც თავისი ახსნა მოეძებნოს. ანალიზი გვჭირდება კომპეტენტური კომისიის მიერ, რა ვიცით, იქნებ ტყუილად ვშფოთავთ “, - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ სილაგაძემ.

შეგახსენებთ, რომ მაგისტრალური გზების მშენებლობა საუკუნის პროექტად იწოდება. მთელ აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალში რიკოთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი. ამჟამად, ყველა გვირაბზე მიმდინარეობს მუშაოება, 24 უკვე გაყვანილია, ხოლო 3 გახსნილია მოძრაობისთვის.

როგორც მთავრობაში აცხადებენ, 2022-2023 წელს მოხდება მთლიანად 52 კმ-იანი მონაკვეთის დასრულება, რომელზეც 51 გვირაბი და 97 ხიდია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×