„შეიძლება რთულია 1000 ლარზე მუშაობა, მაგრამ სახლში ჯდომას ხომ სჯობს..."
თიკა სიბოშვილი
13.07.2022

საქართველოში სამუშაო ადგილებსა და დასაქმებაზე მოთხოვნა სულ უფრო და უფრო მცირდება. ვაკანსიების რაოდენობა მატულობს, თუმცა სამსახურის მაძიებლები პასიურობენ და არ ცდილობენ დასაქმებას. „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია მიზეზები, თუ რატომ არ სურთ მოქალაქეებს მუშაობა და როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა, რადგან თუკი საქართველოს მოქალაქეები არ დასაქმდებიან, ბიზნესი იძულებული გადება, ისინი უცხოელი მუშახელით ჩაანაცვლოს, რაც დემოგრაფიულ სურათზეც უარყოფითად აისახება.

ქვეყანაში ადამიანები მუდმივად წუწუნებენ იმის შესახებ, რომ საკმარისი რაოდენობით არ არის ვაკანსიები და უჭირთ დასაქმება, არადა, ბიზნესი ახალ კადრებს ითხოვს, რაზეც მეტყველებს გამოქვეყნებული შეთავაზებების რაოდენობა, თუმცა აშკარაა, რომ ვაკანსიები სამუშაოს მაძიებელთათვის მისაღები არ არის. ამის დასტურია, HR.GE-ს რეგიონული მენეჯერის, ინგა შახბაზიანის განცხადება. როგორც ის აღნიშნავს, სამსახურის მაძიებლები დიდ ინიციატივას არ იჩენენ, რაც, სავარაუდოდ, ზაფხულის სეზონს უკავშირდება. როგორც წესი, დასაქმების მსურველთა უმრავლესობას ახალი სამსახურის დაწყება სექტემბრიდან ურჩევნია.

„ვაკანსიების რაოდენობა სტაბილურია, როგორიც იყო ივნისში, კლება, ჯერჯერობით, არ არის. ივლისი წინა წლებში პასიური იყო, მაგრამ წელს ასე არ მოხდა. ალბათ, უფრო თვის ბოლოსკენ და აგვისტოს პირველ ნახევარში შემცირდება, თუმცა გამოხმაურების მხრივ არის პრობლემა. სამსახურის მაძიებლები პასიურობენ, რადგან ზაფხულია, ალბათ, ურჩევნიათ, სექტემბრიდან დასაქმდნენ. შესაბამისად, ბევრი კომპანია ვერ ახერხებს კადრის აყვანას და ახლიდან უწევს ვაკანსიების გამოცხადება.

შეთავაზებებში პირველ ადგილზე ისევ გაყიდვებია - 23%-ით; მეორეზე ამოიწია ჰორეკა სექტორმა (16%), რომელიც ძალიან გააქტიურებულია. ეს, როგორც წესი, სეზონურობით არის გამოწვეული, მაგრამ წელს ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ კურორტებზეა მოთხოვნა, თბილისსა და სხვა რეგიონებშიც საკმაოდ ბევრი ვაკანსიაა; შემდეგ მოდის ბუღალტერია-ფინანსები _ 11%; სამედიცინო სფერო - 9%;  კომპიუტერული მიმართულება - 7%. კადრებს არა მხოლოდ ქართული, არამედ ძალიან ბევრი საერთაშორისო კომპანიაც ეძებს, რომლებსაც ადამიანების დისტანციურად დასაქმება სურთ“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ ინგა შახბაზიანმა.

ქვეყანაში დასაქმება ყველა დროის მოუგვარებელი პრობლემაა, უკვე მრავალი წელია, დასაქმების  მაჩვენებელი ვერ უმჯობესდება, ამაზე მიმდინარე გარემოებებიც მოქმედებს. ადამიანებს სამსახურის მოძებნა სხვადასხვა მიზეზის გამო უჭირთ, თუმცა ისიც ფაქტია, რომ გარკვეული ტიპის ვაკანსიები მაინც არის.

სოციოლოგ პაატა აროშიძის აზრით, ხალხის პასიურობაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი მოქმედებს.

„საზოგადოებას რომ დასაქმების სურვილი არ აქვს, შესაძლოა, განვიხილოთ რამდენიმე მიზეზი, ერთ-ერთია სათანადო ანაზღაურება. ადამიანი, რომელიც სამუშაოს მაძიებელია და ფიქრობს დასაქმებაზე, მაგრამ არ სთავასობენ მის კვალიფიკაციასთან შესაბამის ანაზღაურებას, რა თქმა უნდა, არ დათანხმდება;

მეორე მიზეზია ის, რომ, ხშირ შემთხვევაში, ადამიანი საკუთარი სპეციალობით ვერ ნახულობს სამუშაო ადგილს და შეიძლება მათთვის არ იყოს პროფესიის გამოცვლა მისაღები, მიუღებელი იყოს სხვა მიმართულებაზე გადართვა;

მესამე მიზეზი ის არის, რომ უფრთხიან იმ მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც მათ დაეკისრებათ ახალ სამუშაო ადგილზე, ამაზე სოციალური ვითარებაც საკმაოდ დიდ როლს თამაშობს. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ განსაზღვრა გარკვეული მიმართულებები სოცდაუცველი მოქალაქეებისთვის, ბევრმა დასაქმების სურვილი არც კი გამოთქვა.

გამოდის, რომ დასაქმების ადგილი თითქოს, თეორიულად არსებობს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც უნდა დასაქმდნენ, თავს იკავებენ კონკრეტული შეთავაზებებისგან, რაც უფრო მეტად სოციალური პრობლემაა", - აღნიშნა აროშიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ შესაბამისი ანაზღაურებისა და პირობების შემთხვევაში მოქალაქეები მუშაობაზე უარს აღარ იტყვიან.

„მდგომარეობა რომ გამოსწორდეს, დამსაქმებლებმა ისეთი ხელფასი უნდა შესთავაზონ მსურველს, რაც დასაქმებულის შრომისა და ენერგიის ადეკვატური იქნება და ადამიანი ამაზე უარს აღარ იტყვის“, - დასძინა აროშიძემ.

იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესს მუშახელი არ ეყოლება და ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმებაზე უარს იტყვის, დღის წესრიგში შესაძლოა, უცხოელი მუშახელის შემოყვანა დადგეს, რაც დროთა განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობისთვის პრობლემად იქცევა.

დემოგრაფ ანზორ თოთაძეს მიაჩნია, რომ თუკი ქვეყანაში არსებობს სამსახურები, მოქალაქები უნდა დასაქმდნენ, რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქეებით მათ ჩანაცვლებას ნეგატიური ეფექტი მოჰყვება.

„ადამიანები იძახიან, რომ  სამსახურები არ აქვთ და არიან უმუშევრები, არადა, ამ დროს მოთხოვნა არის, თუმცა არ მუშაობენ. ეს ხდება იმიტომ, რომ არის საზოგადოების კატეგორია, ვისაც ურჩევნია, ტყუილად იყოს და არ მიიღოს დაბალი ხელფასი. ეს არ შეიძლება.

ერთხელაც იქნება, ბიზნესი უცხოელებს დაასაქმებს და თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეები მასობრივად შემოვლენ, ძალიან ცუდი იქნება. საქართველო პატარა ქვეყანაა, ისედაც ბევრია უცხოელი, ეს პირდაპირ დემოგრაფიულ სიკვდილს ნიშნავს და ადგილობრივ მოსახლეობაზე ძალიან ცუდად აისახება“, - აღნიშნა თოთაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონიასაც მიაჩნია, რომ ქვეყანაში მუშახელის ნაკლებობაა, არავის სურს დასაქმება, ბიზნესი კი მუდმივად ითხოვს კადრებს.

„კვირა არ გავა, რომ ბიზნესიდან არ იყოს მოთხოვნა თანამშრომლებზე. გარანტირებულად 100%-ს ვასაქმებთ და ჩვენს სექტორში ხელფასები იწყება 1000 ლარიდან და 5000 ლარამდეც კი ადის. მესმის ისიც, რომ რთულია 1000 ლარზე მუშაობა, მაგრამ სახლში ჯდომას ხომ სჯობს.

პირველ ეტაპზე საკმაოდ დიდი იყო დაინტერესება, მაგრამ რაც უფრო დრო გადის, უფრო და უფრო იკლო. ბოლო ჯგუფში 10 ადამიანის შეკრება გაგვიჭირდა. ძალიან მაღალია წევრი ასოციაციის კომპანიებიდან  მოთხოვნა, თანამშრომლების სერიოზული დეფიციტია. ყველას მოვუწოდებ, აჯობებს, საქართველოში დარჩნენ, აქ იმუშაონ, გაცილებით მეტი პერსპექტივა ექნებათ, ვიდრე სადღაც გაიქცნენ. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა, რუსეთის აგრესიის გამო, ევროპის ქვეყნებს ბევრი მიაწყდა და ქართველებს, რომლებიც განსაკუთრებით პოლონეთში იყვნენ წასული, უკან დაბრუნება მოუწიათ“,  - აღნიშნა ივა ჭყონიამ „კომერსანტთან“.

რაც შეეხება სექტორებს, სადაც ყველაზე მეტი ვაკანსიაა, ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

გაყიდვების სექტორი - 23%; ჰორეკა სექტორი - 16%; ფინანსები და ბუღალტერია - 11%; სამედიცინო სფერო - 9%; IT ტექნოლოგიები - 7%.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×