„დიდი იმედი მაქვს, არ იქნება საჭირო ასეთი მკაცრი ზომების მიღება”
გვანცა წულაია
13.07.2022

საქართველოს საბანკო სექტორისთვის ახალი რეგულაციების ამოქმედება იგეგმება. ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა ორი მოსალოდნელი ცვლილება მიმდინარე წლის მარტში წარადგინა, რაც სავალუტო დაკრედიტების ზღვრის აწევასა და სარეზერვო მოთხოვნის ზრდას ითვალისწინებს. რას მოიტანს და რას შეცვლის საბანკო სფეროში ცვლილებების შეტანა?

ბანკები საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. ბანკების ზედამხედველი სავალუტო სესხის შეწონვისა და წრფივი რეგულაციის კოეფიციენტებს შეცვლის, თუკი  მთავრობა სავალუტო დაკრედიტების 200-ათასლარიან ზღვარს ასწევს.

თუ, პანდემიის კრიზისის გათვალისწინებით, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა კერძო სექტორის მოთხოვნა გაითვალისწინა და 30%-მდე გაზრდილი სარეზერვო მოთხოვნა 25%-მდე შეამცირა, ახლა მხოლოდ გამკაცრებას განიხილავს და შესაძლოა, 40%-მდე ავიდეს.

მაისში ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა შალვა მხატრიშვილმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილების მიღება სავალუტო კრედიტების გაცემის ტემპზე იქნებოდა დამოკიდებული.

„შარშან შეიცვალა სარეზერვო მოთხოვნების სქემა, აქამდე იყო 25% ყველა ბანკისთვის. მას შემდეგ შეიცვალა და ყველა ბანკისათვის სარეზერვო მოთხოვნა დამოკიდებულია ბანკების დეპოზიტების დოლარიზაციის დონეზე. ვისაც დაბალი დოლარიზაცია აქვს, მისი სარეზერვო მოთხოვნაც შესაბამისად დაბალია. დიაპაზონი, საიდანაც მოთხოვნა მოძრაობს, არის 10%-დან 25%-მდე. ამ 25%-იანი ზედა ზღვრის გარკვეული ზრდა შეიძლება მოხდეს. იგი შესაძლოა, იყოს 30-40%-მდე. ეს დამოკიდებულია იმაზე, სავალუტო სესხები რა ტემპით გააგრძელებს ზრდას და იმ ზომების შედეგად, რაც ეროვნულმა ბანკმა მიიღო, რამდენად შენელდება სავალუტო სესხების ზრდა", - განაცხადა მხატრიშვილმა.

საბანკო ასოციაციაში იმედს იტოვებენ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში მიზიდულ სახსრებზე სავალდებულო ნორმას 40%-მდე არ გაუზრდის. ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე შიშობს, რომ ეს არასაჭირო წნეხი იქნება საფინანსო ინსტიტუტებისთვის.

„მაისში საუბარი იყო სავალუტო რეზერვების ზრდაზე 30-დან 40%-მდე. ამის შემდეგი კომიტეტი ჩატარდა ივნისში და მაშინ ამ ზღვარმა არ აიწია. პრინციპში, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების ტენდენცია კლებისკენაა. მაისში იმხელა აქტივობა არ იყო, როგორი მოლოდინიც არსებობდა აპრილის თვეში.

გვქონდა დისკუსიები, რეკომენდაციები, თხოვნა და ძალიან კარგია, რომ წინა კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილების დროს მინიმალური სარეზერვო ნორმა არ გაიზარდა. დღესაც დიდი იმედი მაქვს, რომ აღარ იქნება ამის საჭიროება. წესითა და რიგით, ამ ეტაპზე, არ იყო საჭირო ასეთი მკაცრი ზომების მიღება”, - განუცხადა „რეზონანსს” ალექსანდრე ძნელაძემ.

საბანკო სფეროს სპეციალისტებიც ეროვნული ბანკის მიერ წარდგენილ ცვლილებებს არ მიესალმებიან. თუ როგორ დღის წესრიგს შექმნის სებ-ის მიერ ინიცირებული ცვლილებები და რას მოუტანს საბანკო სექტორს, ამაზე სფეროს სპეციალისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი „რეზონანსთან” საუბრობს. იგი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ლარიზაციის პროგრამის მხარდაჭერასთან ბოლომდე კავშირში არ არის.

„საერთოდ, ეროვნულ ბანკს გააჩნია რეგულირების მექანიზმები, როგორც საპროცენტო განაკვეთების, ისე სარეზერვო ნორმების. როდესაც სარეზერვო ნორმა იზრდება, ბანკებს ვალდებულება გააჩნიათ იმ რეზერვების შესაბამისი თანხის დადება ეროვნული ბანკის სპეციალურ ანგარიშზე. პრაქტიკულად, სარეზერვო ნორმების ზრდა იწვევს საპროცენტო ხარჯების ზრდას, რადგან თუ, სიტყვაზე, დეპოზიტზე 2%-ია და სარეზერვო ნორმა გაიზარდა, მაშინ ბანკი აღნიშნული დეპოზიტიდან იყენებს რაღაც ნაწილს. აქედან გამომდინარე, იზრდება ხარჯი, რაც პირდაპირ მოქმედებს სავალუტო სესხების საპროცენტო განაკვეთზე, ანუ საკრედიტო პროცენტი იზრდება სარეზერვო ნორმების ზრდის თითქმის პროპორციულად.

სავალუტო სესხებით, ძირითადად, იმპორტიორები სარგებლობენ. საიმპორტო პროდუქციის შემომტანს ეზრდება საპროცენტო ხარჯები, რაც იწვევს ზეგავლენას უშუალოდ შემოტანილი პროდუქციის ფასებზე. ისედაც გაძვირებულ პირობებში, ეს ძალიან ცუდი მოვლენა იქნება, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში პროდუქციის უდიდესი ნაწილი იმპორტირებულია.

ერთი მხრივ, სარეზერვო ნორმების აწევა ამცირებს სესხზე მოთხოვნას, რადგან თუ იზრდება საპროცენტო განაკვეთები სესხზე, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ასე არ იქნება, რადგან იმპორტიორები ისევ იმ ოდენობით პროდუქციას შემოიტანენ, რაც შემოჰქონდათ. ამიტომ ბოლომდე არ არის ისე, რომ ეს ლარიზაციის პროგრამის მხარდასაჭერი ქმედებაა”, - განუცხადა „რეზონანსს” ხომიზურაშვილმა. მისთვის გაურკვეველია, ბოლო პერიოდში რა მეთოდებით ხელმძღვანელობს ქვეყნის მთავარი ბანკი. 

„არ ვიცი, საერთოდ ბოლო პერიოდში რითი ხელმძღვანელობს სებ-ი. ძალიან ბევრ ასპექტში არალოგიკურად იქცევა. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რა მიზნით ზრდის სარეზერვო ნორმებს, ამიტომ, რეალურად, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ უკუშედეგს მოიტანს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე. ფასების ზრდის შემთხვევაში, მოთხოვნა და მოხმარება იკლებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანები უფრო გაჭირვებულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.

ერთი მხრივ, სებ-ს ინფლაციის რეგულირება აქვს ვალდებულებად აღებული და, მეორე მხრივ, ასეთ ქმედებას ახორციელებს, რაც არ ვიცი, საერთოდ რამდენად გამართლებულია”, - დასძინა „რეზონანსთან” ხომიზურაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×