"კარგია, რომ მთავრობა ამ მხრივ აქტიურ საქმიანობას ეწევა და აუცილებლად გვექნება შედეგი"
ქეთო გოგოხია
15.07.2022

სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს მთავრობა გადამწყვეტი ზომების მიღებას იწყებს. პრიორიტეტებს შორისაა მეხორბლეობის განვითარება, რათა ქვეყანამ თვითუზრუნველყოფის მაღალ დონეს მიაღწიოს და მაქსიმალურად გაუმჯობესდეს როგორც მოსავლიანობა, ასევე ხორბლის ხარისხი. საქართველოს რეალურად აქვს რესურსი, ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 50%-მდე გაზარდოს, რაც ქვეყანას გარე რისკების განდაიცავს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის - ოთარ შამუგიას აშშ-ში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ამერიკული გამოცდილების გაზიარება იყო. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელ ქერი ფაულერთან ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ხორბლის თვითუზრუნველყოფის საკითხი განიხილეს, რასაც მყისიერი გამოხმაურება მოჰყვა.

ნიუ იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში, დამატებითიშ ეხვედრა გაიმართა, რომელსაც ვაშინგტონიდან სიმინდისა და ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრის გენერალური დირექტორი ბრემ გოვაერციც ჩაერთო.

საქართველოში ხორბლის თვითუზრუნველყოფის გაზრდის საკითხზე მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ხარისხიანი სათესლე მასალის მოწოდება და შემდგომში ხორბლის წარმოების გაზრდაიყო. ოთარ შამუგიამ დეტალურად განიხილა საქართველოში მარცვლეული კულტურების თვითუზრუნველყოფის გაზრდასთან დაკავშირებული გეგმა, სადაც ხარისხიანი სათესლე მასალის წარმოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

გარდა ამისა, მინისტრი აშშ-ის სოფლის მეურნეობის მდივნის მოადგილე ჯიუველ ბრონოს შეხვდა. მხარეებმა სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით მარცვლეულით თვითუზრუნველყოფის, ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის,სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის ზრდის, უახლეს ტექნოლოგიებზე წვდომის და ღირებულებათა ჯაჭვის კვლევის საკითხები განიხილეს.

"ჩვენ ვგეგმავთ კონკრეტულ ნაბიჯებს ხორბლის პროდუქტიულობის გაზრდის კუთხით. სავსებით რეალურია, საქართველომ მოახერხოს 300-400 ათასი ტონა ხორბლის წარმოება, რაც საშუალებას მოგვცემს, შევამციროთ იმპორტზე დამოკიდებულება," - განაცხადა ოთარშამუგიამ.

როგორც აშშ-ის სოფლის მეურნეობის მდივნის მოადგილე ჯიუველ ბრონომ შეხვედრაზე აღნიშნა, ამერიკის სოფლის განვითარების სახელმწიფო დეპარტამენტი მზად არის, გააგრძელოს საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერა, რაც გულისხმობს ფერმერების შესაძლებლობების გაძლიერებას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და ტექნიკურ მხარდაჭერას.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამერიკის სიმინდისა და ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრი საქართველოსთვის მარცვლეული კულტურების თვითუზრუნველყოფის ხელშეწყობის მექანიზმებზე იმსჯელებს.

მინისტრის ვიზიტს დარგის სპეციალისტების დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტის, პროფესორ ანზორ  მესხიშვილის შეფასებით, სავსებით შესაძლებელია, ხორბლის  თვითუზრუნველყოფის არსებული 15%-იანი მაჩვენებელი უახლოეს წლებში 60%-მდე გაიზარდოს.

"ერთწლიანი კულტურების წარმოების დიდი პოტენციალი გვაქვს, მაგრამ გვჭირდება ტექნოლოგიებისა და ცოდნის გაზიარება. საქართველოს შეუძლია, ხორბლის მოთხოვნის 60% დაიკმაყოფილოს. ახლა მოსავლიანობა 1 ჰექტარზე 3 ტონას ვერ აღწევს და ეს არის დიდი პრობლემა. არადა, ეს მაჩვენებელი, სულ მცირე, 5 ტონას უნდა შეადგენდეს, დარგმა შეღავათი რომ იგრძნოს და წარმოების ზრდის რეალური შესაძლებლობა გაჩნდეს.

საჰექტარო მოსავლიანობას თუ გავზრდით, თვითუზრუნველყოფის მონაცემებს მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ და კარგია, რომ მთავრობა ამ მხრივ აქტიურ საქმიანობას ეწევა, აუცილებლად გვექნება შედეგი. რაოდენობა და ხარისხი - ამ ორ გამოწვევას ღირსეულად თუ გავარმევთ თავს, ჩვენი სტრატეგიული პროდუქტის წარმოებაში პრობლემას საბოლოოდ დავძლევთ და დიდი წარმატებითაც,~- განაცხადა "რეზონანსთან" ანზორ მესხიშვილმა.

ამერიკული ცოდნის გაზიარებასა და სოფლის მეურნეობაში ახალი ტექნოლოგიების დანერვას დადებითად აფასებს სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტი ბადრი რამიშვილიც.

"ერთწლიანი კულტურების მიმართულებით საქართველოს შესაძლებლობები დიდია. ამაში კლიმატიც გვიწყობს ხელს, თუმცა არის გარკვეული დაბრკოლებები - ცოდნა და ტექნოლოგიები, რისი დაძლევაც სწორედ პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით უნდა მოხერხდეს. ამ მხრივ აშშ-სთან თანამშრომლობას ალტერნატივა არ აქვს. რთული გლობალური მოცემულობაა, სასურსათო უსაფრთხოების რისკები გაზრდილია რეგიონში მიმდინარეომისა და სხვა ფაქტორების გავლენითაც, ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა სტრატეგიული პროდუქტების მარაგის მხრივ ქვეყანაში პრობლემა არ გაჩნდეს.

კარგია, რომ სტრატეგიული პროდუქტების წარმოების ზრდაზეა აქცენტი და ამავე დროს მთავრობამ დაიწყო ამერიკასთან პირდაპირი სტრატეგიული ურთიერთობის გაძლიერება. ქვეყანა სწორ გზას დაადგა, შედეგსაც ალბათ მალე ვიგრძნობთ," - აღნიშნა ბადრი რამიშვილმა "რეზონანსთან."

მემარცვლეობის პარალელურად, სერიოზული მუშაობა მიდის ექსპორტის გაზრდის მხრივაც. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ოთარ შამუგია ვაშინგტონში და ნიუ იორკში ქართული ღვინის ექსპორტიორებს, მაღაზიების მფლობელებსა და მარკეტინგული კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა.

მარკეტინგული კომპანიის - "კოლანჯელო და პარტნერს" ოფისში გამართულ შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ მათი ხედვა მოისმინა და იმედი გამოთქვა, რომ, ღვინის ეროვნულ სააგენტოს თანთანამშრომლობით, "კოლანჯელო და პარტნერსი" აქტიურად იმუშავებს მარკეტინგულ და პოპულარიზაციის გეგმებზე, რომელიც მიმართულია ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე ცნობადობის ამაღლებისკენ.

"ჩვენი სტრატეგიული მიზანია, რომ შეიქმნას და დამკვიდრდეს "ქართული ღვინო", როგორც გლობალური ბრენდი, მოხდეს მისიპოპულარიზაცია მასობრივი მოხმარების სეგმენტში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწორედ ახლა არის უნიკალური მომენტი, როცა ქართული მეღვინეობის დარგი მზად არის, ამერიკაში ამბიციური განაცხადი გააკეთოს," - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ნიუ იორკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში, გამართულ შეხვედრაზე ასევე დეტალურად განიხილეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლების სტრატეგია. როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, ამერიკაში ქართული ღვინის წარმატებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ქართული ღვინის კომპანიებისა და ამერიკელი იმპორტიორების, დისტრიბუტორებისა და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლების დაკავშირება, ამავე დროს, ამერიკაში მოღვაწე იმპორტიორ-დისტრიბუტორების მაქსიმალური ჩართვის ხელშეწყობაა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×