ვანო მთვრალაშვილი: „სავარაუდოდ, დინამიკა მომდევნო თვეებში შეიცვლება და იმპორტის მოცულობა მოიმატებს"
ქეთო გოგოხია
18.07.2022

საქართველოში საწვავის იმპორტი და მოხმარება შემცირდა. ცვლილება, ძირითადად, ბენზინსა და დიზელის საწვავს შეეხო. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემიდან ირკვევა, იმპორტმა ორივე მიმართულებით (ბენზინი და დიზელი) კლება განიცადა, რასაც ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი რეგიონში მიმდინარე ომს უკავშირებს, რამაც სავაჭრო ურთიერთობებში დიდი გარდატეხა მოახდინა და ეს აისახა საწვავის ბიზნესზეც, რომლის იმპორტიც ბოლო პერიოდის განმავლობაში მცირდება.

რაც შეეხება სტატისტიკას, 2022 წლის იანვარ-ივნისის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 521,7 ათასი ტონა, რაც 10,6 ათასი ტონით, ანუ 2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (532,3 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, 2022 წლის 6 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 279,6 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 242,1 ათასი ტონა. კატეგორიების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-ივნისში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: „რეგულარის" ტიპის ბენზინი - 172,1 ათასი ტონა (61,6%); „პრემიუმის" ტიპის ბენზინი - 101 ათასი ტონა (36,1%); „სუპერის" ტიპის ბენზინი - 6,5 ათასი ტონა (2,3%).

ამასთან, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემიდან ირკვევა, მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 194,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 37,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 124,9 ათასი ტონა - 23,9%; ბულგარეთი - 74,5 ათასი ტონა - 14,3%; თურქმენეთი - 59,1 ათასი ტონა - 11,3%; აზერბაიჯანი - 53,8 ათასი ტონა - 10,3%; თურქეთი - 7,6 ათასი ტონა - 1,5%; საბერძნეთი - 4,7 ათასი ტონა - 0,9%; ყაზახეთი - 1,8 ათასი ტონა - 0,3% და სხვ.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა ვანო მთვრალაშვილმა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე ომმა გამოიწვია ნავთობპროდუქტების მკვეთრი გაძვირება, რამაც საბოლოოდ მოხმარებაზე ნეგატიური ასახვა ჰპოვა და ბაზარზე აქამდე არსებული ზრდის ტენდენცია საპირისპიროდ შეაბრუნა.

„რუსეთ-უკრაინის ომმა ნავთობპროდუქტების ბაზარს ნეგატიური კვალი დაატყო, ბევრი რამ შეიცვალა. დღეს იმპორტის კლება დიდწილად გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ პროდუქტის შემოტანა არის გაძნელებული რიგი ობიექტური მიზეზის გამო. განსაკუთრებით ეს ეხება დიზელის საწვავს. 2 თვეზე მეტია, აზერბაიჯანიდან მისი იმპორტი შეჩერებულია ადგილობრივი ქარხნის გადაიარაღების გამო. ამ დროს ბაზრის 40-45% სწორედ აზერბაიჯანულ დიზელს ეკავა.

ყურადსაღებია ის ფაქტორიც, რომ რუსეთიდან იმპორტი კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა, თუმცა ამ მიმართულებითაც შეზღუდულია ნავთობპროდუქტების შემოდინება. ვიცით, რომ მეზობელი ქვეყნიდან შედარებით იაფი საწვავი შემოდის, რუსული საწვავი, ამ ეტაპზე, ევროპულ და თურქმენულ პროდუქტზე ნაკლებ ფასად იყიდება, მაგრამ შეზღუდული რაოდენობით. ამაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა ფულად ტრანზაქციებთან დაკავშირებულმა პრობლემამ, გადარიცხვები რუსეთიდან საკმაოდ გართულდა. ამასთან, გლობალურ ბაზრებზე ფასები კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა, რაც საბოლოდ იმპორტის კლებაზე ახდენს გავლენას, თუმცა მოხმარება ისევ დიდია, ამ მხრივ ჩვენ პრობლემა არ გვაქვს“, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველა წინაპირობაა, რომ იმპორტის დინამიკა ზრდისკენ გადაიხაროს, რასაც ხელს უწყობს ეკონომიკაში მიმდინარე აქტივობა და განსაკუთრებით ტურიზმის ზრდის ტენდენცია, რომელიც მომავალი თვეების განმავლობაშიც გაგრძელდება.

„ომმა და გლობალურმა გამოწვევებმა თავისი გააკეთა, ქვეყნის ეკონომიკური აქტივობაც აღარ არის ისეთი, როგორიც რამდენიმე თვის წინათ იყო და ეს ყველაფერი, რასაკვირველია, საწვავის ბაზარზეც აისახება. იმპორტიდან მიღებული შემოსავლები, გარდა იმისა, რომ უშუალოდ სახელმწიფოს ბიუჯეტის შემოსავლების მატებას განაპირობებს, თვითონ ეკონომიკური აქტივობის განმსაზღვრელიცაა. ასეთი მოცემულობის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ იმპორტის კლების ტენდენცია დიდხანს არ გასტანს.

სავარაუდოდ, დინამიკა მომდევნო თვეებში შეიცვლება და იმპორტის მოცულობა მოიმატებს. ამის საფუძველს იძლევა ის გარემოებაც, რომ ეკონომიკა იზრდება, მათ შორის, ტურისტული ნაკადები გააქტიურებულია. შესაბამისად, საწვავის იმპორტიც უნდა დასტაბილურდეს", - დასძინა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×