უკვე 2 თვეა, გლობალურ ბაზრებზე ვითარება საგრძნობლად შეცვლილია, თუმცა ჩვენთან, გაიაფების ნაცვლად, გაძვირებით იმუქრებიან
ქეთო გოგოხია
18.07.2022

გლობალურ ბაზრებზე ფასების კლების ტენდენციაა, საქართველოში კი სიტუაცია უცვლელია და ფასები უსაფუძვლოდ მატულობს. იმის გამო, რომ ბაზარი არაკეთილსინდისიერი იმპორტიორებისა და ბიზნესმენების ხელშია, დადებითი პროცესების გავლენა მინიმალურ დონეზეც არ იგრძნობა და ამასობაში, გაზრდილი ფასების პირობებში, მოსახლეობის მდგომარეობა გაუსაძლისია. ეს ხდება მაშინ, როცა მსოფლიოში ფასების პიკი დაძლეულია და რიგი მიმართულებით გაიაფების აშკარა ნიშნებია, მათ შორის _ სტრატეგიულ საკვებ პროდუქტებზეც.

სამწუხაროდ, საქართველო ამ ტენდენციას აცდენილია. მაღალი ფასების მიზეზად სპეციალისტები ოლიგოპოლიის გავლენას მიიჩნევენ და ხაზს უსვამენ, რომ სანამ ეს პრობლემა არ დაიძლევა, ფასების დარეგულირების საკითხი საქართველოში რეალურად მოუგვარებადია. უცხოურ ბაზრებზე 1 ბუშელი ხორბლის ფასი 7,80 დოლარს ჩამოსცდა, ნავთობის ფასიც დაბლა იწევს და 100-დოლარიან ნიშნულთან ტრიალებს. იგივე ითქმის სხვა პროდუქტებზე, რასაც სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს - მსოფლიო ეკონომიკური რეცესიის შიში, მარცვლეულის კარგი მოსავლიანობა, თურქული მხარის აქტიური ჩართვა მოლაპარაკებებში, რის საფუძველზეც უკრაინული მარცვლეულის გაყიდვა უკვე შესაძლებელი ხდება. ყველა ეს ფაქტორი ფასებზე დადებითად მოქმედებს, მაგრამ არა საქართველოში, სადაც, ყველა სხვა დადებით ფაქტორთან ერთად, ეროვნული ვალუტაც მკვეთრად არის გამყარებული.

წესითა და რიგით, ყველაფერი მასობრივი გაიაფების ბიძგად უნდა იქცეს, მაგრამ ამის ნიშნებიც არ ჩანს. ლარის მიმართ პროგნოზიც დადებითია, „თიბისი კაპიტალი“ პროგნოზირებს, რომ ლარი 2,80-იან ნიშნულამდე გამყარდება. არის ვარაუდი, რომ ამ მაჩვენებელსაც შეიძლება ჩასცდეს. შესაბამისად, მყარი კურსი ფასებზეც უნდა აისახოს, მაგრამ არაფერი იაფდება, გაძვირების ტალღა, რომელიც ომმა მოიტანა, წარსულს ჩაბარდა. საპანიკო აღარაფერი ხდება ფასებთან დაკავშირებით. საერთაშორისო მიმომხილველები თამამად აცხადებენ, რომ პიკი გადავლილია. ამ დროს პროდუქტების დიდი ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე ისევ ძვირდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში 20%-ით გამყარდა ლარი, ამის შედეგს რეალურად ვერავინ გრძნობს. სამწუხაროდ, სიტუაცია არც მომავალში შეიცვლება.

როგორც „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ ხელმძღვანელი რამაზ გერლიანი ამბობს, მაღალი ინფლაცია და მონოპოლიები ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც პროდუქციის გაიაფებას ხელს უშლის, ამიტომ არსებული ტენდენცია, სავარაუდოდ, არ შეიცვლება და მომდევნო პერიოდის განმავლობაშიც მაღალი ფასები დიდი პრობლემა იქნება საქართველოსთვის. „ფასებთან დაკავშირებით ხელს გვიშლის ინფლაციური პროცესი და მონოპოლია. როდესაც მაღალი ინფლაციაა ქვეყანაში, ლოგიკურია, ფასები დაბლა ვერ წამოვა. საწვავსა და ზოგიერთ პროდუქციაზე აშკარაა ოლიგოპოლიური და მონოპოლიური კომპანიების გავლენა, რაც განაპირობებს ფასების იმავე დონეზე შენარჩუნებას ან ზრდას.

ხშირად ამბობენ, რომ ადგილობრივი ბაზარი საერთაშორისო ბაზრების გავლენას განიცდის, მაგრამ, სინამდვილეში, ასე არ არის. ამ დონის ინფლაცია, საქართველოს გარდა, პარტნიორ ქვეყნებში არსად ფიქსირდება. მით უმეტეს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგ ქვეყანაში მიმდინარე ინფლაცია საქართველოსთვის შეიძლება, სასარგებლოც იყოს (მაგალითად, თურქეთში), ვინაიდან იმპორტი გვიიაფდება. ცალსახად თქმა, რომ სადღაც ინფლაციაა და ამიტომ გვიძვირდება პროდუქტები, არასწორია. რუსეთსა და თურქეთში ეროვნული ვალუტები ირყევა, ჩვენთან მყარდება, მაგრამ ეს ფასებზე გავლენას ვერ ახდენს. რაც არ უნდა მოხდეს, არაფერი იცვლება და ეს, უმეტეს შემთხვევაში, ხდება სუბიექტური მიზეზის გამო“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს" გერლიანმა.

მისი აზრით, ოლიგოპოლიის გავლენა რამდენიმე მიმართულებას აშკარად ეტყობა, მაგრამ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ისევ საწვავის ბაზარზეა, სადაც ფასები გლობალური ტენდენციებისადმი არაადეკვატურია. „როდესაც საერთაშორისო ბაზარზე ფასები იცვლებოდა და ნამდვილად იყო ტენდენცია შემცირებისკენ, ჩვენთან მაშინაც არ იკლებდა, რაც ერთ-ერთი ინდიკატორია, რომ ოლიგოპოლია გვაქვს. ვიცით, რომ ეს სექტორი საკმაოდ მოიკოჭლებს კონკურენციის თვალსაზრისით და ვფიქრობ, რომ არის რესურსი, თუ იქნება კონკურენცია და თავისუფალი ბაზარი, მივიღოთ ადეკვატური ფასები. რა თქმა უნდა, საერთაშორისო მოვლენებსაც ექნება გავლენა, მაგრამ ასეთი ტემპით მაინც არ გაიზრდება ხოლმე საწვავზე ფასი", - დასძინა გერლიანმა „ბიზნეს-რეზონანსთან“.

რაც შეეხება სიტუაციიდან გამოსავალს, სახელმწიფო ბევრს ვერაფერს იზამს, გარდა იმისა, რომ ხელი შეუწყოს კონკურენციას და ბაზრების დივერსიფიცირება მოახდინოს. როგორც ეკონომისტი აცხადებს, ოლიგოპოლიებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვია და ყოველი ფაქტი კონკურენციის სააგენტოს მხრიდან ძირფესვიანად უნდა იქნას შესწავლილი და გამოვლენილი. სპეციალისტები, მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ პრობლემას ითვალისწინებენ, მთელ პასუხისმგებლობას ეროვნულ ბანკს აკისრებენ და პირდაპირ ამბობენ, რომ მან ვერ შეძლო დაკისრებული ვალდებულების შესრულება. ანალიტიკოს მერაბ ჯანიაშვილის აზრით, ისეთი მაღალი ინფლაცია, როგორიც საქართველოშია, არც რეგიონის ქვეყნებში ფიქსირდება და არც ევროპაში, პრობლემა არასწორი მონეტარული პოლიტიკით არის გამოწვეული.

„ვხედავთ, რომ მთელ მსოფლიოში ფასები იკლებს. ბოლო 2 თვეა, ეს ტენდენცია გრძელდება, მაგრამ ქართულ ბაზარს არაფერი ეტყობა, კვლავ მაღალია ინფლაცია ქვეყანაში. ამაზე კანონმდებლობით ცენტრალური ბანკია პასუხისმგებელი, თუ მას ამაზე პასუხს არავინ სთხოვს, ე.ი. კანონმდებლობაა შესაცვლელი. საქართველოს ეროვნული ბანკი ყველას პრობლემას ხედავს, გარდა საკუთარისა, ესაა მთავარი უბედურება. ცალკე პრობლემაა ოლიგოპოლია, რაც ეკონომიკურ სტაბილურობას ძირს უთხრის და უფრო და უფრო აუარესებს მოსახლეობის კეთილდღეობას, მაღალ ფასებს ხალხი უკვე ვერც უმკლავდება. ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რომელსაც 20%-იანი სიღარიბე აქვს, სოციალური გარანტიები მაღალ დონეზე უნდა იყოს, მაგრამ ბევრი დამაბრკოლებელი გარემოებაა.

პანდემიამდელ მდგომარეობას თუ შევადარებთ, 40-50%-ით არის ფასები მომატებული, ქვეყანაში ურთულესი მდგომარეობაა, მაგრამ ამის გამოსწორებას არავინ ცდილობს მაშინაც, როცა შანსი გვეძლევა. გლობალურ ბაზრებზე ფასების კლების ტენდენცია აქაც უნდა აისახებოდეს, მაგრამ არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენების კარტელური გარიგებების შედეგად ყველა ზარალდება - ქვეყანაც და ხალხიც. უმძიმეს სიტუაციაში აღმოვჩნდით გაზრდილი ფასების გამო. უცნაური ტენდენციის მომსწრე ვართ, როცა იმპორტი იაფდება და, შემცირების ნაცვლად, ფასი მატულობს. ამაზე რეაგირება აუცილებელია და ამისთვის გვყავს მთავრობა, რომ მოსახლეობის ინტერესები დაიცვას“, - აღნიშნა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას მერაბ ჯანიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ფასების შემცირების განსაკუთრებით მკვეთრი ტენდენცია სასოფლო-სამეურნო სექტორში. კერძოდ, ხორბალთან, სიმინდთან, შვრიასა და სოიასთან მიმართებით ბოლო რამდენიმე კვირაა დადებით დინამიკა შეუქცევადია: ხორბალი ბოლო პერიოდში 20.6%-ით გაიაფდა, სიმინდი - 21.3%-ით, შვრია - 26.8%-ით, სოია - 11.2%-ით, ყავა - 6.7%-ით, კაკაო - 3.6%-ით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×