ბაზრისთვის საექსპორტო მცურავი გადასახადის კლება ძალიან მნიშვნელოვანია
გვანცა წულაია
19.07.2022

განსაკუთრებული გაძვირების შემდეგ, მზესუმზირის ზეთი მალე გაიაფდება. ასეთი მოლოდინი პროდუქციაზე რუსეთში საექსპორტო მცურავი გადასახდის კლებამ შექმნა. იმპორტიორები ვადად 2-3 კვირას ასახელებენ და ამბობენ, რომ აგვისტოს თვის დასაწყისში მზესუმზირის ზეთის ღირებულება, მინიმუმ, 10%-ით დაიკლებს. 1-ლი ივნისიდან რუსეთმა მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო გადასახადი ტონაზე 372,3-დან 525 დოლარამდე გაზარდა, ივლისიდან კი 10%-ით შეამცირდა და 472 დოლარამდე ჩამოვიდა. რადგანაც რუსეთი მთავარი ქვეყანაა, საიდანაც საქართველო ზეთს ყიდულობს, ეს გარემოება ქმნის იმის საფუძველს, რომ მზესუმზირის ზეთი გაიაფდება.

მოსალოდნელ ცვლილებაზე საუბრობს ზეთის იმპორტიორი კომპანია „მზიურის” („ოლეინას” იმპორტიორი) სამეთვალყურეო საბჭოს წევრი დიმიტრი რამიშვილი. მისი თქმით, ბაზარზე ასეთი გადაწყვეტილებები 3-4 კვირის ვადაში აისახება.

„რა თქმა უნდა, ცვლილება იქნება ღირებულების კლების მხრივ. როგორც წესი, ბაზარი ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებზე, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში რეაგირებს. დღეს თუ ე.წ. პრემიუმ ზეთების ფასი 10 ლარის ფარგლებშია, შემდეგ მისი ღირებულება, დაახლოებით, 8 ლარამდე ჩამოვა”, - განუცხადა „რეზონანსს” დიმიტრი რამიშვილმა.

რუსეთმა საექსპორტო მცურავი გადასახადი შარშან აამოქმედა, რამაც მზესუმზირის ზეთი გააძვირა. განსაკუთრებული სიძვირე რუსეთის მიერ დაწყებულ ომს მოჰყვა. აღნიშნული გადასახადის ვადა მომდევნო თვეში იწურება. რამიშვილი აცხადებს, რომ საექსპორტო გადასახადით რუსეთს „მუქთა ფული შესდის, რისი გაუქმებაც არ უყვართ ხოლმე”.

„საექსპორტო გადასახადი აგვისტომდე მოქმედებს და სრულიად არაპროგნოზირებადია, რუსეთი აღნიშნულ გადასახადს გაახანგრძლივებს, თუ - არა. საერთოდ, ფასწარმოქმნაში რამდენიმე კომპონენტი მუშაობს, მარტო საექსპორტო ბაჟის ფაქტორი არ არის. კონკრეტულად ამ გადასახდით მათ მუქთა ფული შესდით ქვეყანაში, რისი გაუქმებაც არ უყვართ ხოლმე და ვნახოთ, ამჯერად რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ბაზარი უკარნახებს, მოხსნან თუ არა საექსპორტო გადასახადი”, - განუცხადა „რეზონანსს” რამიშვილმა.

ფასის კლებაზე საუბრობს კიდევ ერთი იმპორტიორი. კომპანია „ჩირინას” ხელმძღვანელი რევაზ ვაშაკიძე აცხადებს, რომ საექსპორტო გადასახდის შემცირება საქართველოში ფასთა ცვლილებას ნამდვილად გამოიწვევს.

„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საექსპორტო გადასახადის შემცირებას მივესალმები. რაც შეეხება გავლენას, რასაკვირველია, საქართველოში ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ზეთზე გაიაფება მოსალოდნელია”, - განუცხადა „რეზონანსს” რევაზ ვაშაკიძემ.

 მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე მცურავი გადასახადის ზომა 70%-ით დამოკიდებულია საბაზისო ფასის სხვაობაზე (1000 დოლარი ტონაზე) და საორიენტაციო ფასს შორის შემცირებული კორექტირების ფაქტორის მნიშვნელობაზე (50 დოლარი 1 ტონაზე). მცურავი ბაჟი საიმპორტო ქვეყნებისთვის განსაკუთრებული პრობლემაა. იმპორტიორების თქმით, რომ რა ეს გადასახადი, რუსეთიდან ზეთის შეძენა ასეთი ძვირი არ იქნებოდა და ფასი არც საქართველოში მოიმატებდა. შესაბამისად, ფასწარმოქმნაში ამხელა დამოკიდებულების გამო, საექსპორტო გადასახადის შემცირება ძალიან მნიშვნელოვანია.

საიმპორტო კომპანია „ალფა" ზეთის იმპორტს სწორედ რუსეთიდან ახორციელებს. კომპანიის ხელძღვანელის, ირაკლი ციხისთავის ინფორმაციით, 1 ბოთლი (1 ლიტრი) ზეთის ღირებულება ამჟამად, საშუალოდ, 7 ლარია, დაახლოებით 2 კვირაში კი ზეთის ფასი სადღაც 60 თეთრით შემცირდება.

„ამ ეტაპზე დახლზე ზეთი ძველი ფასით იყიდება, თუმცა, როგორც კი ახალ შესყიდვას განვახორციელებთ, ცვლილება ფასში აუცილებლად იქნება. დღემდე რუსეთში 1 ლიტრი მზესუმზირის ფასი 2 აშშ დოლარი იყო, ივლისის დასაწყისიდან კი მისი ფასი 1.75 დოლარამდე შემცირდა“, - განუცხადა ციხისთავმა „ბიზნეს პარტნიორს”. მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე მცურავი გადასახადი რუსეთის ფედერაციაში 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან შევიდა, რომელიც ძალაში 2022 წლის 31 აგვისტომდეა. ჯერჯერობით უცნობია, რას იზამს რუსეთი – მცურავ ბაჟს გაახანგრძლივებს, თუ დათქმულ ვადაში გააუქმებს.

საექსპორტო მცურავი ბაჟის გადასახადი სტატისტიკურად შემდეგნაირად გამოიყურება: 2021 წლის სექტემბერში - 169,9 დოლარი ტონაზე; ოქტომბერში - 227,2 დოლარი; ნოემბერში - 194,5 დოლარი; დეკემბერში - 276,7 დოლარი. რაც შეეხება მიმდინრე, 2022 წელს, იანვარში საექსპორტო გადასახადმა 280,8 დოლარი შეადგინა; თებერვალში - 251 დოლარი; მარტში _ 260 დოლარი; აპრილში _ 313 დოლარი; მაისში – 372,3 დოლარი; ივნისში - 525 დოლარი; ივლისში - 472 დოლარი.

საქართველოში 2022 წლის მეორე კვარტალში (იანვარი-ივნისი) მზესუმზირის ზეთის იმპორტი მნიშვნელოვნად არის შემცირებული. 2021 წლის 2 კვარტალში ქვეყანაში 1.168 მლნ ტონა ზეთი შემოვიდა, ღირებულებით 1.5 მლნ აშშ დოლარი, 2022 წლის 2 კვარტალში კი 683,86 ტონა ზეთი შემოვიდა, რომელიც 881 000 აშშ დოლარის ღირებულების იყო.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×