ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები მარაგების შექმნის თვალსაზრისით სათვალავშიც არ არის ჩასაგდები, იმდენად მცირეა
ქეთო გოგოხია
26.07.2022

პანდემიამ, შემდეგ უკვე რეგიონში მიმდინარე ომმა სასურსათო უსაფრთხოების რისკები გაზარდა. საქართველოში პრობლემაა როგორც მოსავლიანობა, ასევე არასაკმარისი მუშახელი, რის გამოც მოსავლის დროული დაბინავებაც შეიძლება ვერ მოხერხდეს. მართალია, რაოდენობრივად 2022 წლის მოსავალი გასული წილის მაჩვენებლებს არ ჩამორჩება, მაგრამ არც გაუმჯობესებაა. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, წლევანდელი მოსავლის მარაგი რამდენიმე თვესაც ვერ გასტანს.

ცალკე პრობლემა მოსალოდნელია ექსპორტზეც, ვინაიდან ომის გამო რუსეთში ექსპორტი შეზღუდულია, უკრაინასთან გაჩერებული, ხოლო ალტერნატიულ ბაზრებზე წვდომა ჯერ კიდევ გვიჭირს, რაც განსაკუთრების აგრარული პროდუქტის ექსპორტს უქმნის პრობლემას.

როგორც აღმოჩნდა, ხორბლის მოსავლის წლევანდელი მაჩვენებლები დაახლოებით 160 ათასი ტონის ფარგლებშია, თხილის მოსავალი სავარაუდოდ 60 000 ტონას მიაღწევს, რაც წინა წლის მაჩვენებლებს ჩამოუვარდება. დაახლოებით ამდენივეა ციტრუსის საპროგნოზო მაჩვენებელიც. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს შორის სიმინდი ერთადერთია, რომლის რაოდენობაც ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნას 100%-ით აკმაყოფილებს.

როგორც აგრარული სფეროს სპეციალისტი პაატა აროშიზე ,,ბიზნეს-რეზონანსთან" აღნიშნავს, წლევანდელი მსოავალი არ არის იმ მოცულობის, რომ გრძელვადიანი მარაგი გაკეთდეს და მძიმე ზამთრის გადატანაში დაგვეხმაროს, საქართველოს დიდწილად წელსაც იმპორტის იმედადაა.

,,სასურსათო უსაფრთხოება საქართველოსთვის ნამდვილად არის გამოწვევა, როგორც მსოფლიოს უამრავ ქვეყანაშია. კაკლოვანი კულტურა, რომელიც საექსპორტო პოტენციალს ამაღლებს, დაახლოებით შარშანდელი მაჩვენებლების დონეზეა, რაც შეეხება ცისტრუსოვანთა ნაყოფის მოსავლიანობვას, ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შეიძლება, თუმცა თუკი ხელისშემშლელი პირობები გამოირიცხება, შეიძლება მოსავალმა 60 000 ტონას მიაღწიოს. ყურძენი, რომელიც საექსპორტო ნედლეულია, იგივე მდგომარეობაშია, რაც წინა წელს იყო. მოსავლიანობის მოაჩვენებლები გაუარესებული არ არის, მაგრამ არც გაუმჯობესებულა სიტუაცია. ბევრი იწერება მუშა ხელის დეფიციტზე მთლიან ეკონომიკაში, მათ შორის შრომის ბაზარზე, თუ არ შეივსო, მოსავალი შეიძლება იყოს, მაგრამ აღება გაჭიანურდეს. ამას ემატება კლიმატის გავლენა, რა პრობლემაც აგრარულ სექტორში ნამდვილად დგას. ქართული ციტრუსის 90%-ზე მეტი რუსეთსა და უკრაინაში იყიდებოდა. დღეს ომის გამო უკრაინის მიმართულება დაკეტილი იქნება, პორტები დაბომბილია, ხოლო იმის გამო, რომ მანდარინი მალფუჭებადია, მისი საავტომობილო გზით გაშვება რისკიანია, ამიტომ გატანა გაჭირდება. როცა რუსეთს ემბარგო ჰქონდა დაწესეებული, ქართული პროდუქტი უკრაინიდან და ბელარუსიდან გადიოდა, მაგერამ ეს მიმართულებები პრობლემურია და ამაზე იმედის დამყარება არ შეიძლება. სხვა მიმარტულებებზე დიდი მოძრაობა არ შეინიშნება. ციტრუსის მიღებამდე 2-3 თვეა დარჩენილი, არ მგონია შეიცვალოს ვითარება და გაიხსნას რომელიმე ახალი ბაზარი. პრობლემა შეექმნება ხურმასაც, რომლის 90% უკრაინაში გადიოდა, ასევე ალკოჰოლური პროდუქციის დიდ ნაწილს, ომი ქართული პროდუქტის ექსპორტირებას მძიმე ვითარებაში ჩააყენებს", - განაცხადა პაატა აროშიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

მისი თქმით, წლევანდელი მოსავალი გამორჩეული იქნება ფასებითაც, რომელიც ფაქტობრივად ყველა მიმართულებით მზარდია და ხელმისაწვდომობის მხრივ რისკებს ზრდის.

,,ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები მარაგების შექმნის თვალსაზრისით სათვალავშიც არ არის ჩასაგდები, იმდენად მცირეა. ერთი შეხედვით, ატმის კარგი მოსავალია, მაგრამ პრაქტიკულად ეს დასავლეთის ბაზარს არ ეტყობა. ივლისში მოსული პროდუქცია აგვისტოს შუა რიცხვებამდეც არ არის. დღეს უკვე დეფიციტშია ალუბალი, ბალი, მარწყვი და თანდათან იმპორტით ჩანაცვლდება. ეს არის ჩვენი პრობლემა, თავს ვიკმაყოფილებთ მხოლოდ სიმინდით, ერთადერთი თვითკმარი პროდუქციაა საქართველოს სოფლის მეურნეობისთვის, დანარჩენი იმპორტით ივსება. რაც შეეხება ფასებს, საკურორტო ზონაში საზამთრო - 80 თეთრი, ვაშლატამა 1,50 ლარია. სეზონური პროდუქციის გაძვირება ყოველთვის პრობლემაა საქართველოსთვის. ტურისტები საკმაოდ დიდ ფულს იხდიან პროდუქტებში და არც ფერმერები აიაფებენ, ამასობაში ადგილობრივი მოსახლეობა ზარალდება.

მთლიანობაში, 2022 წლის მოსავლიანობა წინა წლის მაჩვენებლებს არ გადააჭარბებს, მაგრამ არც ნაკლები იქნება. როცა მოსახლეობამ დატოვა ქალაქები პანდემიის გამო, 2020 წელს მოსავლიანობა გარკვეულწილად გაიზარდა, მაგრამ პანდემიის შენელების ფონზე ხალხი ისევ დაუბრუნდა ურბანულ ტერიტორიებს და მომდევნო 2021 წელს მოსავლის რაოდენობაც შემცირდა. ცალკე პრობლემაა მუშახელიც, რის გამოც ჭირნახულის აღებასაც ასევე დიდი პრობლემა შეექმნება", - განაცხადა პაატა აროშიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

რაც შეეხება თხილის მოსავალს, როგორც აღვნიშნეთ, ამ მიმართულებით კლებაა მოსალოდნელი. თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი თოდუა ,ამბობს, რომ წლევანდელი მოსავალი შესაძლოა 5 000-დან 10 000 ტონამდე შემცირდეს.

,,რაოდენობრივად, მსხმოიარობა ცუდი არ არის, მაგრამ შარშანდელივით უხვი მოსავალი არ გვექნება. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რაოდენობა 60 000-65 000 ტონა იქნება სავარაუდოდ, 2021 წელს ეს მაჩვენებელი 75 000 ტონას შეადგენდა. ახლა მთავარია, თხილის ხარისხზე გავაკეთოთ სწორება, ამისთვის აგროღონისძიებებში ფერმერები მასიურად ჩაერთონ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ასეთი აქტიურობა არ შეიმჩნეოდა, რაც დიდწილად თხილის ფასმა გამოიწვია. პროდუქტის გაიაფებამ ხალხი უიმედოდ განაწყო, მაგრამ ამის საფუძველი ნამდვილად არ აქვთ. რაც უკეთესი იქნება ხარისხი, ფასის მხრივ პრობლემა არავის შეექმნება", - განაცხადა თოდუამ.

მისი თქმით, 2021 წელთან შედარებით შედარებით თხილი დაახლოებით 35%-ით არის გაიაფებული. თუმცა ვისაც ხარისხიანი მოსავალი ჰქონდა, სეზონზე 8 ლარადაც შეძლო გაყიდვა.

წელს გაზრდილია კარტოფილის მოსავლიანობაც, თუმცა რეალზიაციის მხრივ პრობლემა ამ მიმართულებითაც მოსალოდნელია.

როგორც მარნეულის მკვიდრი, ფერმერი გურამ ჩანქსელიანი ,,ბიზნეს-რეზონანსთან" აღნიშნავს, მოსავალი წლიდან წლამდე მზარდია, თუმცა კარტოფილის გაყიდვა ადგილობრივ ბაზარზე ყოველთვის ჭირს.

,,კარტოფილის მარაგის მხრივ ჩვენ პრობლემა არ გვაქვს, მაგრამ ცოტა რთული სიტუაციაა, რადგან ამ პროდუტის გაყიდვა ადგილობრივ ბაზარზე გვიჭირს. მეზობელ რეგიონებში ადრე ექსპორტი მეტნაკლებად შესაძლებელი იყო და წელს ვერც ეს მოვახერხეთ. თუმცა სტატისტიკურად კარტოფილის ექსპორტი რეკორდულია, შეიძლება ეს რეექსპორტი იყოს, ამაზე არ შევჩერდები, ფაქტია, რომ იმდენად ცუდი რეალიზაციაა, სულ გვეფიქრება, გვიღირს თუ არა კარტოფილის დარგვა. არ იყიდება და ინტერესიც არ არის. შენახვის პრობლემა მეტნაკლებად მოგვარდა, მაგრამ სამაცივრე მეურნეობებზე ყველას არ მიუწვდება ხელი. გლეხების ნაწილს მოსავალი ულპება. შარშანაც საუკეთესო მოსავალი მოვიწიეთ, მაგრამ ვერ გავყიდეთ. წელს უკეთესი მსოავალია, მაგრამ გაყიდვებში მხარდაჭერა თუ არ გვექნება, კარტოფილი დაგვილპება, ფერმერი ამ პრობლემას დამპუკდიებლად ვერ მოაგვარებს, ადგილობრივ წარმოებას დახმარება უნდა გაეწიოს, რომ მოსავლის ზრდა ჩვენს ჯიბეებზეც დადებითად აისახოს", - აღნიშნა ჩანქსელიანმა ჩვენთან საუბრისას.

ფერმერის თქმით, მოსავლიანობა 2021 წელს საუკეთესო იყო, მაგრამ ამით ხალხმა სარგებელი ვერ მიიღო, რადგან კარტოფილის რეალიზაცია ვერ მოხერხდა, ქართული პროდუქტი კი თურქეთიდან იაფად შემოტანილ კარტოფილს კონკურენციას ვერ უწევს

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×