რეზონანსი
26.07.2022

რეგიონში მიმდინარე ომის კვალდაკვალ და რუსეთის აგრესიის გამო შექმილი რთული ვითარების ფონზე, მსოფლიოში ახალი საფრთხე გამოიკვეთა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის" გამო, გლობალურად საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მსოფლიო დღეს შეზღუდვების გარეშე ცხოვრობს, თუმცა საინტერესოა, რეალურად რამდენმად არსებობს იმის საფრთხე, რომ ვითარება სწორედ აქეთკენ წავიდეს, რადგან როგორც ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, შემოდგომიდან ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გამწვავდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით ჯანდაცვის სფეროში გლობალურად საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შესაბამისი განკარგულება 24 ივლისს გამოიცა. მიღებული გადაწყვეტილება კი, „მაიმუნის ყვავილით" ინფიცირების შემთხვევების ზრდას უკავშირდება.

გაერო-ს ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ტედროს ადჰანომ გებრეისუსის განცხადებით, 75 ქვეყანაში 16 000-ზე მეტი შემთხვევაა რეგისტრირებული.

„ჯანმო-ს შეფასებით, „მაიმუნის ყვავილის" რისკი გლობალურად არსებობს და ყველა რეგიონში, გარდა ევროპისა, მისი გავრცელების რისკი მაღალია. ჩვენ გვაქვს აფეთქება, რომელიც სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში, გადაცემის ახალი გზების მეშვეობით, რომლის შესახებაც ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით. ამ მიზეზის გამო, მაიმუნის ყვავილის გლობალური გავრცელება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გადაუდებელ საერთაშორისო შეშფოთებას წარმოადგენს. „მაიმუნის ყვავილის" რისკი გლობალურად საშუალოა. ყველა ამ მიზეზის გამო, მე გადავწყვიტე, რომ „მაიმუნის ყვავილის" გლობალური გავრცელება წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო შეშფოთების გადაუდებელ მდგომარეობას", - განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

2019 წლის შემდეგ მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. უკვე თითქმის ერთ წელზე მეტია, რაც ვითარება შედარებით სტაბილურია. მაშინ, როდესაც ყველა ფიქრობდა, რომ კორონავირუსი საბოლოოდ დამარცხდა, ჯანდაცვის სფეროში გლობალურად ახალი საფრთხე გამოიკვეთა.

მიმდინარე ეტაპზე საქართველოში, ისე როგორც მსოფლიოში ყველანაირი შეზღუდვა მოხსნილია. სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ შემოდგომიდან, როგორც კორონავირუსის, ისე შესაძლოა, „მაიმუნის ყვავილის" გამო, ეპიდემიოლოგიური ვითარება გამწვავდება და შესაძლოა, შეზღუდვების რაღაც ნაწილის შემოღება ისევ საჭირო გახდეს, მაგალითად დახურულ სივრცეში პირბადის ტარება, ნაწილის მოსაზრება კი სრულიად სხვაგვარია და მიიჩნევენ, რომ კორონავირუსი მასშტაბურ საფრთხეს ვეღარ შექმნის და შესაბამისად, არც ისეთი ვითარება შეიქმნება, რომ სხვადახვა რეგულაციის გატარების საჭიროება დღის წესრიგში დადგეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევებმა იმატა, ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა ქვეყანაში არსებულ ვითარებას საგანგაშოდ არ აფასებს.

„ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ბოლო 2-3 კვირის მანძილზე შედარებით გაუარესებულია, ამაზე მეტყველებს ის მაჩვენებლები, რაც გვაქვს, თუმცა მდგომარეობას საგანგაშოდ ვერ შევაფასებდი, რადგან ძირითადად ინფიცირებულების მართვა ხდება ამბოლატორიულად ბინაზე და მძიმე პაციენტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა არ ფიქსირდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ისეთი რეკომენდაციები იქნას დაცული და ისეთი პრევენციული ღონისძიებები იქნას გატარებულია, როგორიც არის მაგალითად, ვაქცინაციის უფრო აქტიური წარმართვა, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებში, ესენი არიან ასაკოვანი ადამიანები, ქრონიკული დაავადებების მატარებელი პირები და ა.შ. მოსახლეობის მხრიდან კი უნდა იქნას ის რეკომენდაციები დაცული, რაზეც სპეციალისტები მოგვიწოდებენ. ვიცით, რომ ყველანაირი რეგულაცია გაუქმებულია, თუმცა მაინც, ჩემი აზრით, თუ გვაქვს გარკვეული სიმპტომები, როგორიც არის ყელის ტკივილი, ხველა, ტემპერატურა, მოვერიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს და თუ კომუნიაცია და დახურულ სივრცეში ყოფნა მაინც გვიწევს, გამოვიყენოთ პირბადე.

თუ ამ რეკომანდაციას დავიცავთ, ასევე ის რისკ ჯგუფები, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე, უფრო აქტიურად ჩაერთვებიან ვაქცინაციის პროცესში, მაშინ შევძლებთ, რომ მეტ-ნაკლებად სტაბილური სიტუაცია შევინარჩუნოთ. მდგომარეობა რომც გაუარესდეს, ეს არ უნდა აისახოს მძიმე პაციენტების ზრდაში და საავადმყოფოების გადატვირთვაში", - განაცხადა „ბიზნეს რეზონანსთან" ალექსანდრე გოგინავამ.

რაც შეეხება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, ინფექციონისტი ამბობს, რომ „მაიმუნის ყვავილი" ისე მარტივად არ ვრცელდება, როგორც კორონავირუსი.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა მაიმუნის ყვავილი, რაც ძირითადად დაკავშირებულია იმასთან, რომ ევროპაში არის პაციენტების მკვეთრი მატება. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან ოფიციალური მონაცემებით, ერთი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ეს დაავადება არ ვრცელდება ისე ადვილად, როგორც კორონავირუსი, თუმცა ამ დროსაც გარკვეული რეკომენდაციები არის გასათვალისწინებელი, განსაკუთრებით ადამიანებს ვისაც აქვს მოგზაურობის ანამნეზი ევროპის რეგიონში, ან ენდემურ კერაში ანუ აფრიკის რეგიონში და მათ აღენიშნებათ ისეთი სიმპტომები, როგორიც არის გამონაყარი, ცხელება. ასეთ დროს აუცილებელია მიმართონ ექიმს, რათა დროულად მოხდეს დაავადების დიაგნოსტირება და შემდეგ გატარდეს გარკვეული ღონისძიებები", - დასძინა „ბიზნეს რეზონანსთან" ალექსანდრე გოგინავამ,

„მაიმუნის ყვავილის" მიმართულებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და პირბადის სავალდებულო ტარების საკითხი არ განიხილება. განსხვავებულად ფიქრობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკური დირექტრი, ივანე ჩხაიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ „ძალიან სწორი იქნება, თუ დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების აუცილებლობას აღვადგენთ".

კორონავირუსის პანდემიის გამო, კერძო სექტრმა დიდი ზარალი მიიღო. შეზღუდვების პირობებში, ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებებმა დიდი ფინანსური დანაკარგი განიცადა, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ მიმდინარე ეტაპზე, ბიზნესი საფრთხეს ვერ გრძნობს, ვერც კორონავირუსის გამო და ვერც „მაიმუნის ყვავილის" მიმართულებით.

„ვფიქრობ, რომ ჯერჯერობით არანაირი საფრთხე კორონავირუსის პანდემიისგან და იგივე „მაიმუნის ყვავილისგან" ბიზნესს არ აქვს და არც გრძნობს. გვექნება პერიოდი, როდესაც ინფიცირების შემთხვევები მოიმატებს და პირიქით, შემცირდება, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ პანდემიასთან ურთიერთ თანაცხოვრება ვისწავლეთ.

დღეს, ბიზნესისთვის გაცილებით უფრო დიდი პრობლემაა რუსეთ-უკრაინის ომი, ვიდრე კორონავირუსი. პრობლემაა ომის შედეგად გაძვირებული ენერგომატარებლები, მოშლილი ლოგისტიკური ჯაჭვები და ზოგადად, ინფლაცია, რომელიც ომმა განაპირობა. ომმა მძიმე დარტყმა მიაყენა, განსაკუთრებით გლობალურ ეკონომიკას, ქვეყნებს და მათ შორის საქართველოსაც, თუმცა გლობალურად უფრო დიდი პრობლემია, ჩვენ ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას მაინც ვახერხებთ.

პანდემია შედარებით უმნიშვნელო პრობლემა გახდა ბიზნესისთვის. როგორც უკვე გითხარით, დღეს გაცილებით დიდი პრობლემაა ომი და ის ინფლაცია, რომელიც განაპირობა აღნიშნულმა ომმა, შესაბამისად, მანამ, სანამ ეს ომი გაგრძელდება, პანდემია იქნება ძალიან უმნიშვნელო", - განუცხადა „ბიზნეს რეზონანსს" გიორგი კაპანაძემ, რომელიც ფიქრობს, რომ ბიზნესს პანდემიის გამო, არც შემდგომ პერიოდში ემუქრება ლოკდაუნი და შეზღუდვები.

„მიმაჩნია, რომ შემდგომ პერიოდებშიც შევძლებთ პანდემიასთან ერთად თანაცხოვრება ვისწავლოთ და ბიზნესის ის ლოკდაუნები და პრობლემები, რომელიც გამოიარა, აღარ ემუქრება", - განუცხადა „ბიზნეს რეზონანსს" გიორგი კაპანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×