გვანცა წულაია
26.07.2022

საქართველოსთვის უმუშევრობა დღემდე გამომწვევ პრობლემად რჩება. ქვეყანას სამეზობლოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი უმუშევრობის მაჩვენებელი აქვს, რომელიც პანდემიის შემდეგ იზრდება. საინტერესოა, რა არის გამოსავალი და რა გზით შეუძლია ქვეყანას უმუშევრობის დაძლევა.

2021 წელს საქართველოში 20.5%-იანი უმუშევრობა იყო. მონაცემები იზრდება პანდემიის შემდეგ. თუკი ქვეყანას 2019 წელს 17.6%-იანი უმუშევრობის დონე ჰქონდა, 2020 წელს მაჩვენებელმა 18.5% შედგინა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმუშევრობის მაჩვენებლით მხოლოდ სომხეთი უსწრებს და ისიც ძალიან მცირედით - 0.03%-ით. ანუ, საქართველო უმუშევრობის მაჩვენებლით სამეზობლოში მეორე ადგილზეა. უფრო თვალსაჩინო რომ იყოს, გაგაცნობთ სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება: სომხეთი: 2021 - 20.9%; 2020 - 21.2%; 2019 - 18.3%; 2018 - 19%; 2017 - 17.7%. საქართველო: 2021 - 20.6%; 2020 - 18.5%; 2019 - 17.6%; 2018 - 19.2%; 2017 - 21.6%. თურქეთი: 2021 - 13.4%; 2020 - 13.1%; 2019 - 13.7%; 2018 - 10.9%; 2017 - 10.8. აზერბაიჯანი: 2021 - 6.6%; 2020 - 6.5%; 2019 - 4.8%; 2018 - 4.9%; 2017 - 5%. რუსეთი: 2021 - 5%; 2020 - 5.6%; 2019 - 4.5%; 2018 - 4.8%; 2017 - 5.2%.

როგორც პროფესორი ავთო სილაგაძე მიიჩნევს, უმუშევრობის მაჩვენებლის შემცირება წარმოების მასშტაბების ზრდით არის შესაძლებელი.

„ამ პრობლემის მოგვარება, როგორც ყოველთვის, შესაძლებელია სამამულო წარმოების მასშტაბების ზრდით. ქვეყნის შიგნით წარმოება თუ არ განვითარდა, სამუშაო ადგილები როგორ შეიქმნება? ცოტა პარადოქსია, როდესაც გაიზარდა წარმოების მასშტაბები, იმავე 2021 წლის მონაცემებით და, პარალელურად, რატომ არ მოხდა უმუშევრობის დონის შემცირება. რეალური სექტორი ვერ განვითარდა ისე, როგორც ეს სასურველი იყო და ვერ შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები", - განაცხადა „რეზონანსთან" ავთო სილაგაძემ. ის იმედოვნებს, რომ 2022 წლის უმუშევრობის მაჩვენებელი, 2021 წელთან შედარებით, შემცირდება.

„იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალში ზრდის მაჩვენებელი აღარ დაფიქსირდება და უმუშევრობა წლიურ ჭრილში შემცირდება. ახლა საქართველოს აქვს შანსი, მაჩვენებელი შეამციროს, თუნდაც იმის გამო, რომ, გარკვეულწილად, ჩვენზე, კარგი გაგებით, არის ზეწოლა, თუნდაც ტრანსპორტირების თვალსაზრისით, ტვირთების გადაზიდვის მხრივ, ტურიზმის კუთხით და ა.შ. ამიტომ მიმაჩნია, რომ უმუშევრობის შესამცირებლად ყველა მაჩვენებელი არსებობს, თუმცა წლის მაჩვენებლის მიხედვით, ანუ 2022 წლის მაჩვენებელი უფრო ნალები იქნება, ვიდრე 2021 წლის იყო", - განუცხადა „რეზონანსს" ავთო სილგაძემ.

მართალია, უმუშევრობა პანდემიის პერიოდში გაიზარდა, თუმცა ამ მიმართულებით სახარბიელო ვითარება არც 2019 წლამდე ყოფილა.

სტატისტიკოსი გივი მომცელიძე აცხადებს, რომ პრობლემა სათავეს ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან იღებს, მისი მოგვარების გზა კი ღია და თავისუფალი ეკონომიკა და ინვესტიციების ზრდაა.

„ამ პრობლემას სათავე აღებული აქვს ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან, საბჭოთა კავშირიდან. უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობდა სოფლად, ვიდრე ქალაქად. განვითარებულ ქვეყნებს რომ შევხედოთ, ყველგან ისე განვითარდა ინდუსტრია, რომ ადამიანები, ძირითადად, ცენტრებში გადავიდნენ საცხოვრებლად და სოფლად ნაკლები ადამიანი დარჩა. ჩვენთან ეს არ მოხდა. როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ურბანიზაცია 50% გვქონდა, ანუ 50% დაგვრჩა სოფლად. სოფლის მოსახლეობა რეალურად წესიერად დასაქმებული არ არის. ოფიციალურად კი აღრიცხულია, რომ თვითდასაქმებულია, მაგრამ არ მუშაობს ეს ხალხი. სოფლებში ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი ცხოვრობს, მათ ცოტა მიწა აქვთ, 3-4-ჯერ უფრო გაჭირვებულები არიან, მაგრამ მაინც რჩებიან იქ და ითვლებიან დასაქმებულებად.

რაც შეეხება ქალაქებს, თბილისსა და ბათუმში რეალურად სამუშაო ადგილები კი არის, მაგრამ მხოლოდ ეს ორი ქალაქი ხომ არ გვაქვს? რუსთავიდან ხალხი თბილისში დადის და ქუთაისში კიდევ მართლა ცუდი სიტუაციაა დასაქმების მხრივ, რადგან, თბილისისა და ბათუმის გარდა, სხვა ქალაქი არ გაძლიერებულა და არ შექმნილა ინდისტრიული საწარმოები ან რამე ისეთი, რაც გაზრდიდა დასაქმებულთა რაოდენობას.

მოწყვლადი ქვეყანა ვართ და იმაზე უნდა ვფიქრობდეთ, რომ ვიყოთ გახსნილები. ჩვენ არ გვაქვს გახსნილი ეკონომიკა, საზოგადოებაც არ არის მზად იმისთვის, რომ ინვესტიციები მშვიდად მივიღოთ. უცხოელებს, რომლებიც ჩამოდიან, გარდა ტურისტებისა, ვერ ვხვდებით კარგად. ცალკეა ორგანიზაციული პრობლემები და ა.შ." - განუცხადა „რეზონანსს" გივი მომცელიძემ და დასძინა, რომ პრობლემებია თავად ბიზნესშიც, დაბალი ხელფასის კუთხით.

„სწორედ უმუშევრობის გამოხატულებაა უცხოეთში წასვლა. უნდა ითქვას ისიც, რომ ქვეყანაში დაბალი ხელფასებია, ანუ ბიზნესშიც პრობლემებია. ჩაძინებული ეკონომიკა უცებ გამოცოცხლდა, შესაბამისად - ბიზნესიც. ამ დროს, პარალელურად, ფასები გაიზარდა, კერძო სექტორი კი ისე არ გამოცოცხლებულა, რომ ხელფასები გაზარდოს. ფასები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე, გამოცოცხლებული ეკონომიკის პირობებში, ბიზნესის აქტივობა. 6-დან 12 თვემდეა საჭირო, რომ ეს დაწევა მოხდეს. ალბათ, გაისად უკეთესად იქნება საქმე და ბიზნესი უფრო შეძლებს მეტი ხელფასის გადახდას. უნდა ითქვას, რომ კვალიფიკაციის პრობლემაც არის ზოგჯერ", - დასძინა „რეზონანთან" გივი მომცელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×