უბედური შემთხვევების რაოდენობა სულ უფრო მატულობს, სეზონმა ისე არ ჩაივლის, რომ ტრაგედია არ დატრიალდეს
ქეთო გოგოხია
01.08.2022

გართობისა და ექსტრემალურ ტურიზმის მომხმარებლების უსაფრთხოება საქართველოში მინიმალურ დონეზეც არ არის დაცული. ამის მიზეზი შესაბამისი კანონმდებლობის უქონლობაა, მიუხედავად იმისა, რომ  რამდენიმე მიმართულება რეგულირდება, როგორიცაა პარაპლანისტების  და მძღოლების ლიცენზირების საკითხები და სხვა, მაგრამ დიდი პრობლემაა აღსრულების მხრივ. ამის გამო სათავგადასავლო გართობა და დასვენება განსაკუთრებით ბოლო პერიოდში ძალიან სახიფათო მიმართულებას იძენს.

სულ ცოტა ხნის წინ გუდაურში დიდი ტრაგედია დატრიალდა, პარაპლანით ფრენისას ჩამოვარდნილი პილოტისა და ტურისტის გადარჩენის დროს სასაზღვრო ვერტმფრენის ჩამოვარდა და 8 სრულიად უდანაშაულო ადამიანი გარდაიცვალა. პარაპლანის კატასტროფა, რამაც ტურისტის დაღუპვა გამოიწვია, არ არის პირველი შემთხვევა. ტრაგიკული შემთხვევები, ფაქტობრივად, ყოველ სეზონზეა, განსაკუთრებით სამთო-სათხილამრურო კურორტებზე. უსაფრთხოებაზე კონტროლი მინიმალურ დონეზეც არ ხერხდება, ხოლო უბედური შემთხვევები მატულობს.

სპეციალისტთა შეფასებით, კონტროლი უნდა გამკაცრდეს და აღსრულების მექანიზმი დაიხვეწოს. მით უმეტეს, სპეციალიზებული და სათავგადასავლო ტურიზმი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სახეობებია. საქართველოში  დიდი პოპულარობით სარგებლობს ლაშქრობა, ალპინიზმი, ჯომარდობა, მთის მდინარეებზე ტივით დაშვება, პარაპლანით ფრენა, ნადირობა და ა.შ, სადაც უსაფრთხოება მაღალ დონეზე უნდა იყოს გარანტირებული. რეალურად არაფერი მსგავსი არ ხდება. სპეციალისტების მოითხოვენ, ასეთი სახის დასვენება-გართობაზე მკაცრი კონტროლი დაწესდეს.

როგორც ტურიზმის სფეროს სპეციალისტი მაია მურაჩაშვილი ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ აღნიშნავს, რომ დიდი პრობლემაა საგზაო უსაფრთხოების მხრივაც, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ ექსტრემალური ტურების მოანწილეთა უსაფრთხოებას, სანამ სექტორი მკაცრი რეგულაციების ქვეშ არ მოექცევა, მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია.

,,უსაფრთხოების მხრივ მრავალი გამოწვევაა. მთავრობა მუშაობს ტურიზმის კანონზე და სანამ კანონი იგი არ ამოქმედდება, ტურიზმი ვერ იქნება უსაფრთხო. დღესდღეობით უამრავია საფრთხეა. ნებისმიერი მიმართულება, თუნდაც ის, რომ მანქანა შეიძლება არ იყოს გამართული, საგზაო მონაკვეთებია მოსაწესრიგებელი, განსაკუთრებით თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის გზაზე. საგზაო ინფრასტრუქტურა  იმდენად გლობალური პრობლემაა, რომ ამას  მარტივად  ვერ მოვერევით.  ჩართული უნდა იყოს როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ასევე შსს.

რაც შეეხება უშუალოდ პარაპლანით ფრენას, საბაგიროების, საქანელების, ატრაქციონების და სხვა გასართობი მიმართულების უსაფრთხოებას, კანონმდებლობა ლიცენზიის საკითხს დაარეგულირებს. ამ ეტაპზეც არის მოთხოვნა, რომ ლიცენზირებული უნდა იყოს პარაპლანის მფრინავი, მაგრამ არ არის მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც დარღვევების აღმოჩენისას შესაბამის ჯარიმებს გამოწერს და მკაცრი კონტროლს განხორციელებს. გარკვეული რეგულაციები არის, მაგრამ დარღვევებიც ბევრია “, - განაცხადა მურაჩაშვილმა.

ექსტრემალური ტურისმის პრობლემაზე ისაუბრა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ პროფესორმა ნიკა კვარაცხელიამ, რომელიც ფიქრობს, რომ სამთო კურორტებზე, განსაკუთრებით გუდაურში ინფრასტრუქტურა არ არის სტანდარტთან შესაბამისი, განსაკუთრებით პარაპლანით ფრენებისთვის.

,,საქართველოში ექსტრემალური ტურიზმი განვიტარების ეტაპზეა, მაგრამ ვხედავ, რომ ბევრი რამ გასაკეთებელია. ეს ხომ არ არის კულტურული ტურიზმი, სადაც შეიძლება დაუშვა შეცდომა, მაგალითად, რაღაც არასწორი  თქვა და ამას ყველა მიხვდეს, მაგრამ ეს არ იქნება ტრაგედია.  როდესაც  ტურიზმი ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან არის დაკავშირებული, სტანდარტების მაქსიმალური დაცვა აუცილებელია. 

საბჭოთა კავშირის დროს, როცა ექსტრემალური ტურიზმი ვითარდებოდა, ყველა დეტალი მაქსიმალურად გათვლილი იყო.  ჩვენი მთამსვლელები სანიმუშოდ ითვლებოდნენ მთელ მსოფლიოში.

პარაპლანით ფრენა მაღალ რისკს უკავშირდება, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობისას მონაწილეობა უნდა მიიღოს ბევრმა ადამიანმა -  სად უნდა იყოს სტარტი, სავარაუდო დაშვებების ადგილები და სხვა. ვფიქრობ, ინფრასტრუქტურა არ არის სწორად მოწყობილი, განსაკუთრებით გუდაურში, სადაც პარაპლანთან დაკავშირებით უბედური შემთხვევები საკმაოდ ხშირია“, - აღნიშნა კვარაცხელიამ.

მისი აზრით, აუცილებელია კონტროლის გამკაცრება და უკვე მომხდარი უბედური შემთხვევის საფუძვლიანად გამოძიება, რომ პასუხი გაეცეს კითხვებს და ვიცოდეთ ტრაგედიის გამომწვევი ნამდვილი მიზეზი.

,,საქართველოში ექსტრემალურ ტურიზმთან დაკავშირებით შიში პირველად 2003-2004 წლებში გამიჩნდა, როცა ტურიზმის განვითარების მეორე კონცეფცია დაიწერა ამერიკელების მიერ. მას ,,ქართული გზა“ ერქვა. მთავარი იყო, რომ დოკუმენტში ჩადებულიყო  წამყვანი ქვეყნების გამოცდილება, მათ შორის ამერიკელი ექსპერტების და ტურისტების მონათხრობიც. განსაკუთრებით მახსენდება ეპიზოდი, სადაც ერთი ტურისტი ეუბნებოდა მეორეს, არ ენდოთ საქართველოში გამყოლს, რადგან ის პირველი დაიკარგება უამინდობისა და რაიმე სხვა სახიფათო სიტუაციაშიო.  ეტყობა, არასასიამოვნო გამოცდილება მას უკვე ჰქონდა მიღებული. ჯერ კიდევ მაშინ უნდა გვენახა, რა შეცდომას ვუშვებდით. 

დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, მაგრამ დღესაც დიდი კითხვის ნიშნებია, რაც უნდა მოიხსნას. სახელმწიფო კარგად უნდა გაირკვეს. გამომძიებლები იმუშავებენ და  გაარკვევენ სიმართლეს, რამ გამოიწვია ვეტმფრენის ჩამოვარდნა გუდაურში. ღმერთმა დაგვიფაროს მსგავსი შემთხვევისგან, მაგრამ საჭიროა ვიცოდეთ ყველა დაშვებული შეცდომა, რომელიც მომავალში უნდა გავითვალისწინოთ“, - განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" კვარაცხელიამ.

სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცია უკვე მრავალი წელია მუშაობს და შემუშავებული აქვს მრავალი საერთაშორისო სტანდარტი სათავგადასავლო ტურიზმის უსაფრთხოების მხრივ. მათ შორის გამოსარჩევია ISO 21102 სტანდარტი, რომელიც  შემუშავებულია დარგის ექსპერტების მიერ და ამკვიდრებს მსოფლიოში აღიარებულ საუკეთესო პრაქტიკას. მათი დახმარებით ტურისტული სააგენტოები და გიდები მაღალ დონეზე უზრუნველყოფენ ტურისტების დაცვას მოგზაურობის დროს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×