ფინანსისტები ადასტურებენ, რომ ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია ხანგრძლივად შენარჩუნდება
ქეთო გოგოხია
02.08.2022

ლარის გამყარების ტენდენცია ეკონომიკურ კანონზომიერებას უკვე აღარ ემორჩილება. იმაზე, თუ კონკრეტულად რა იწვევს შეუნელებელ გამყარებას, დაზუსტებით, ჯერჯერობით, ვერავინ საუბრობს. ერთადერთ ფაქტორად მიიჩნევა ტურისტული ნაკადების მოზღვავება, განსაკუთრებით _ ხანგრძლივი ვადით შემოსული კომერსანტი ვიზიტორების  ფულადი ტრანზაქციები, რამაც ლარზე მოთხოვნა გაზარდა. რევალვაციის პროცესს ვეღარ აჩერებს ვერც ეროვნული ბანკის მიერ დოლარის შესყიდვა. არ არის გამორიცხული, კურსი ახლო მომავალში 2,60-2,65-იან ნიშნულამდეც გამყარდეს, რაზეც საბანკო სფეროს სპეციალისტები უკვე საკმაოდ თამამ პროგნოზს აკეთებენ.

ფინანსისტი, პროფესორი ლია ელიავა ლარის გამყარებას ვიზიტორების გაზრდილი რაოდენობით ხსნის. იგი საუბრობს  სამწუხარო ტენდენციაზეც, რის გამოც ლარის კურსის დადებითი გავლენა სასიკეთოდ ვერც  საქართველოს ეკონომიკაზე აისახება და ვერც - მოსახლეობაზე.

„ლარის გამყარების ყველაზე მთავარი მიზეზია ის, რომ უცხოელები შემოდიან და შემოაქვთ დიდი რაოდენობით ფული. როგორც ვიცით, რუსეთმა შეარბილა უცხოური ვალუტის გატანაზე შეზღუდვა და, შესაბამისად, იქიდან შემოსულ  მოსახლეობას მოაქვს დიდი მოცულობის თანხა, რაც ლარის გამყარებას განაპირობებს.

სამწუხაროდ, არის ერთი საყურადღებო ფაქტორიც, ლარის გამყარებასთან ერთად, ფასები დაბლა არ იწევს. ფაქტია, რომ  საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს უცხოური გადმორიცხვებით. თუკი ადრე გამოგზავნილი უცხოური ვალუტით მეტი საქონლის შეძენა იყო შესაძლებელი, დღეს მისი წონა ბაზარზე ბევრად ნაკლებია, ამიტომ ასეთი გამყარება არც საქართველოს ეკონომიკას არგია და არც _ მოსახლეობას“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ ლია ელიავამ და დასძინა, რომ გამყარების ტენდენცია, სავარაუდოდ, ხანგრძლივად გასტანს და დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, რა ვადით დარჩებიან  საქართველოში სანქციებს გამოქცეული რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეები.

„გარანტიებს თუ მისცემს რუსეთი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს და ისინიც თუ აიბარგებიან საქართველოდან, ცხადია, თავიანთ კაპიტალსაც უკან წაიღებენ და კურსიც დაბრუნდება იმ ნიშნულზე, რაზეც მათ შემოსვლამდე იყო. მოკლევადიან პერსპექტივაში ეს არ მოხდება, შესაბამისად, ლარის გამყარების ტენდენცია ხანგრძლივად შენარჩუნდება. არ არის გამორიცხული, კურსი 2,60-2,65 ნიშნულამდეც დავიდეს, გააჩნია, რა მოცულობის ვალუტა შემოვა საქართველოში“, - განაცხადა ლია ელიავამ. 

ლარის გამყარების ანალოგიურ მიზეზზე ისაუბრა „რეზონანსთან“ ფინანსისტმა მიხეილ თოქმაზიშვილმა. ისიც ადასტურებს, რომ ლარზე არნახული მოთხოვნაა, რაც ამყარებს კურსს, სხვა ფუნდამენტური საფუძველი ამ პროცესს თან არ ახლავს.

„ყველაფერს თავისი ახსნა აქვს. პირველ რიგში, შევხედოთ სიტუაციას, როგორიცაა მოთხოვნა ლარზე და მისი გამომწვევი ფაქტორები. ცხადია, მოთხოვნა გაზარდა ტურისტულმა ნაკადებმა, განსაკუთრებით _ უკრაინიდან, რუსეთიდან და ბელარუსიდან. მათ შემოაქვთ დიდი ოდენობით ფული, აბანდებენ ბიზნესში და სხვა.  ესენი არიან ე.წ. ვიზიტორ-კომერსანტები, რომლებსაც გარკვეული ფინანსური ინტერესები ამოძრავებთ. მხოლოდ ამის საფუძველზე შემიძლია ავხსნა ასეთი დიდი მოთხოვნა ქართულ ლარზე.

უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ შემოსული ვიზიტორების ნაწილი დიდი ხნით ფიქრობს საქართველოში დარჩენას. შესაბამისად, ისინი დიდ თანხას აბანდებენ საქართველოში. საქმე ეხება შეძლებულთა ფენას. ისინი ჩამოვიდნენ იმიტომ, რომ რუსეთსა და სხვა ქვეყნებში კაპიტალდაბანდება უჭირთ.

მუდმივად გვესმის, რომ ახალდარეგისტრირებული საწარმოების რაოდენობა იზრდება. რამდენიმე გაიყიდა, ვინ ყიდულობს მათ, ეს მონაცემი რომ მოგვეპოვებოდეს, უფრო თამამად შევძლებდით საუბარს, თუ ვიზიტორების შემოსვლამ კურსზე რა გავლენა მოახდინა და რა მაჩვენებლით გაიზარდა ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნა.

ცხადია, რომ ეკონომიკაში სხვა ფაქტორები ლარის ასეთ გამყარებას ვერ გამოიწვევდა. ექსპორტ-იმპორტი თანაბარ დონეზე იზრდება, ფუნდამენტური ფაქტორები იგივე დარჩა, რაც იყო. ერთადერთი მასტიმულირებელი ლარის გამყარების მიმართულებით სწორედ რუსი ვიზიტორების შემოსვლას უკავშირდება. ასე რამდენ ხანს გასტანს, ვერ გეტყვით, ეს დიდწილად დამოკიდებულია რუსეთ-უკრაინის ომის ხანგრძლივობაზე. როგორც არ უნდა იყოს, ეს ტალღა  შემცირდება მომავალში  და ლარზე ასეთი დიდი ზეწოლაც თანდათან შესუსტდება“, - განაცხადა „რეზონანსთან“ მიხეილ თოქმაზიშვილმა.

ლარის მკვეთრი გამყარების პარალელურად, ეროვნულმა  ბანკმა  უცხოური ვალუტის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო და პირველ აგვისტოს  ბაზრიდან 10 მილიონი დოლარი შეიძინა. მიუხედავად ამისა, ეროვნულმა ვალუტამ გამყარება მეორე დღესვე გააგრძელა და უკვე 2.72-ის ნიშნულთან ტრიალებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×