"საბითუმო ბაზარზე ფასი შემცირებულია და რა თქმა უნდა, საცალო ქსელშიც აისახება"
თიკა სიბოშვილი
10.08.2022

დიდი სიძვირის შემდეგ საქართველოს ბაზარზე საწვავის გაიაფება დაიწყო. პოზიტიური ნიშნები ლარის კურსის გამყარებამ და ქვეყნის გარეთ ნავთობპროდუქტების გაიაფებამ გამოიწვია. სავარაუდოდ, მალე 1 ლიტრი ბენზინის ღირებულება მცირე (არაბრენდირებულ) ავტოგასამართ სადგურებზე 3 ლარს ჩამოსცდება, დიზელის ღირებულება კი - 4 ლარს. ახლა უკვე არსებობს დადებითი მოლოდინი იმის შესახებ, რომ ნავთობპროდუქტების ღირებულების კლების ტენდენცია კიდევ გაგრძელდება და გაიაფება კიდევ უფრო შესამჩნევი გახდება.

დიდი მოთხოვნისა და პროტესტის შემდეგ, როგორც იქნა, ქვეყანაში საწვავის მიმართულებით პოზიტიური ცვლილებებია. ლარის კურსის გამყარებამ დადებითად იმოქმედა ნავთობპროდუქტების ფასებზე, რასაც მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე მოვლენები ემატება. ნედლი ნავთობის გაიაფებასთან ერთად, "პლატცის" ფასიც მცირდება, რაც აშკარაა, რომ საერთო დინამიკაზე პოზიტიურად აისახება.

კომპანია „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებლის ზაალ იაკობიძის ინფორმაციით, ახლა საბითუმო ბაზარზე ფასები დაწეულია, თუმცა მომავალში რა იქნება, ძირითადად, საერთაშორისო ბაზარზეა დამოკიდებული.

„1 ლიტრი დიზელის ღირებულება საბითუმო ბაზარზე უკვე 3.70 ლარია, ხოლო ბენზინისა - 2.80 ლარს შეადგენს. შესაბამისად, საბითუმო ბაზარზე ფასი შემცირებულია და თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება, რა თქმა უნდა, საქართველოს ბაზარზეც შესაბამისად აისახება.

ყველაფერი, ძირითადად, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი ტენდენცია იქნება საერთაშორისო ბაზარზე და ასევე როგორ ჩამოყალიბდება ლარის კურსი - კიდევ უფრო მეტად გამყარდება თუასე დარჩება“, - აღნიშნა იაკობიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით დადებითი მოვლენების შენარჩუნებაა მოსალოდნელი. ამისათვის ყველა წინაპირობა გვაქვს. მაშინ, როცა 8 აგვისტოს 1 ტონა ბენზინის ღირებულება "პლატცის " მიხედვით 899 დოლარია, ხოლო დიზელის 886 დოლარი, 1 თვის წინ ბენზინი 1230 დოლარი ღირდა, დიზელი კი - 1102 დოლარი. ეს  აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ მკვეთრი გაიაფება უკვე სახეზეა და ეს ტენდენცია არა მხოლოდ მსოფლიოში, არამედ საქართველოშიც უნდა გაგრძელდეს, რადგან საამისოდ ყველა წინაპირობა არსებობს.

როგორც ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე აღნიშნავს, ნავთობპროდუქტების გაიაფება რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული.

„საწვავის გაიაფება სამ რამეზეა დამოკიდებული. პირველი ეს არის გლობალურ ბაზრებზე არსებული საწვავის ღირებულება, მეორე - ლარის კურსი. ამ ორი ფაქტორის ზეგავლენით ხდება ფასის ფორმირება საქართველოში. ხშირად იყო, რომ ლარი მყარდებოდა, თუმცა მუხედავად ამისა, საწვავზე ფასი არ მცირდებოდა, მაგრამ ეს მაინც გამომდინარეობდა კურსიდან, რადგან საწვავი რთულად იმპორტირებადი პროდუქტია და იგი დამოკიდებულია შემოტანის მარჟაზე.

მესამე ფქტორი კი არის კონკურენცია. საწვავი საქართველოში არ შემოდის მხოლოდ ერთი ქვეყნიდან, მეტ-ნაკლებად ბაზარი დივერსიფიცირებულია და რამდენიმე ქვეყნიდან შემოდის ჩვენთან ნავთობპროდუქტები, მათ შორის, სხვადასხვა მარკის.

აქედან გამომდინარე, ამ სამი ფაქტორის ერთობლიობით უნდა განვიხილოთ, თუ როგორია კონკურენციის მაჩვენებელი, საერთაშორისო ბაზარზე ფასების დინამიკა და ლარის კურსი“, - აღნიშნა ცუცქირიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ არსებობს პოზიტიური მოლოდინი საწვავის ფასის კიდევ შემცირების კუთხით.

„დღეს რომ შევაფასოთ ეს სამი რამ, დავინახავთ, რომ ლარის გამყარება შეუქცევადი. ბოლო პერიოდში ლარი არის ძალიან მტკიცე და პირველად ჩამოსცდა 2.70-იან მაჩვენებელს. ბოლო წლების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ნიშნული გვაქვს. მაისიდან ლარის ინტენსიური გამყარების ტენდენციაა დაწყებული.

ადრე ხშირად იყო მომენტი, როცა შემოდიოდა საწვავი და აპელირებდნენ იმაზე, რომ კურსი მერყევია და მოგების მარჟა არის არა მაღალი, არამედ წამგებიანიც კი საწვავის შემომტანი კომპანიებისთვის. დღეს შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს არგუმენტი იმპორტიორებს, ფაქტობრივად, გამოცლილი აქვთ ხელიდან, რადგან ლარი არის სტაბილური და გამყარებისკენ მიმავალი.

დღესდღეობით საქართველოში საწვავის გაიაფება დაიწყო ორი რამის გამო: არსებობს ლარის კიდევ უფრო გამყარების მოლოდინი და მეორე - საერთაშორისო ბაზრებზე  ასევე შეინიშნება საწვავის ფასის შემცირების პოზიტიური ტრენდი", - დასძინა ცუცქირიძემ.

მას შემდეგ, რაც ნედლის ნავთობის ფასმა ბარელზე 130 დოლარს მიაღწია, ფასი თანდათან შემცირდა. ახლა "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასი 95 დოლარამდეა, ამერიკული "ლაითის" ტიპისა კი - 91 დოლარამდე. ნავთობის ფასის კლება-ზრდის პარალელურად, მერყევია საწვავის ფასებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

აგვისტოს მონაცემებით, რეგიონში ყველაზე იაფი საწვავი აზერბაიჯანშია, სადაც 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი აგვისტოში 0.59 დოლარია (1.59 ლარი), დიზელი კი - 0.47 დოლარი (1.26 ლარი) ღირს. აზერბაიჯანის შემდეგ რუსეთი მოდის. იქ 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი 0.82 დოლარია (2.21 ლარი), დიზელის - 0.85 დოლარი (2.29 ლარი). სომხეთში "რეგულარის" ტიპის ბენზინი საშუალოდ 1.23 დოლარი (3.31 ლარი) ღირს, დიზელის საშუალო ფასი კი 1.21 დოლარია (3.25 ლარი). თურქეთში 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ღირებულება 1.25 დოლარს აღწევს (3.36 ლარი), დიზელის კი 1.38 დოლარს (3.71 ლარი). რაც შეეხება საქართველოს, 9 აგვისტოსთვის ქვეყნის ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე "რეგულარის" ტიპის (ქვეყანაში ყველაზე მოთხოვნადი სწორედ ამ ტიპის ბენზინია) ბენზინის საშუალო ფასი 3.68 ლარია, დიზელის კი - 4.55 ლარი, - აღნიშნულია „ბიზნესპრესნიუსის" გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საქართველოში საწვავის მთავარი შემომტანი 2022 წელს რუსეთი გახდა. შარშან პირველ ადგილზე თურქმენეთი იყო, თუმცა ამჟამად, საწვავის ფასის რეკორდული ზრდის გამო, ნავთობიმპორტიორებს საქართველოში ფასდაკლებული რუსულ საწვავი შემოაქვთ. 5 მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში შედიან რუმინეთი, თურქმენეთი, ბულგარეთი და აზერბაიჯანი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×