"ძალიან რთული პროცესებია, დროში გაჭიმული. ტენდენცია გაიაფებისკენ არ მგონია, რომ წავიდეს"
თიკა სიბოშვილი
11.08.2022

საქართველოში უძრავი ქონების ღირებულება საგრძნობლად გაზრდილია. ბინებზე ფასის მატების მთავარ მიზეზად სამშენებლო მასალების გაძვირება სახელდება. ბოლო პერიოდში სექტორში პოზიტიური ნიშნები გამოიკვეთა. „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია რა ტენდენციაა მშენებლობის კუთხით და როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში.

ლარის გაუფასურებამ თითქმის ყველაფერზე უარყოფითი გავლენა იქონია და არც სამშენებლო სფერო აღმოჩნდა გამონაკლისი. ბოლო პერიოდში, უძრავი ქონების ფასი მუდმივად იზრდებოდა, რასაც ნაწილობრივ გაცვლით კურსს, ნაწილობრივ კი, მასალების გაძვირებას უკავშირებდნენ. ახლა, კი რეალურად დაწყებულია მასალების გაიაფების პროცესი, რამაც ნეგატიური ტენდენცია დადებითით უნდა ჩაანაცვლოს, თუმცა რა იქნება ახლო მომავალში ჯერჯერობით მაინც რთული სათქმელია.

როგორც დარგის ექსპერტი შოთა გუჯაბიძე მიიჩნევს, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება სამშენებლო სფეროზე სარკისებურად აისახება.

„მდგომარეობა დღესდღეობით არამდგრადი და არასტაბილურია, რადგან ეს ყველაფერი არის ვრცელი ეკონომიკური მექანიზმი, რომელიც ჯაჭვური რეაქციასავით ერთმანეთთანაა დაკავშირებული - ეს იქნება ვალუტის კურსის სხვაობა, იმპორტი და ექსპორტი, შიდა წარმოება თუ სხვა. ლარის გარკვეულ დონეზე გამყარება, ბოლო პერიოდში აშკარაა, თუმცა რატომ მყარდება ეს ცოტა ბუნდოვანია, რადგან ამის გრძელვადიან ეკონომიკურ სტრატეგიაზე დაფუძნებული ეკონომიკური ასპექტები არ არსებობს და ძირითადად, გამოწვეულია ადგილობრივად, ორი ან სამი ოპერაციით.

როცა კურსი ასე თამაშობს, უკვე ექსპორტ-იმპორტს შორის დისბალანსი იქნება, რადგან მე, როგორც მშენებელმა აღარ ვიცი, რომელს მივანიჭო უპირატესობა, ადგილობრივი წარმოების პროდუქცია შევიძინო და ამის ფასებზე გათვალო მშენებლობა თუ იმპორტირებულ მასალაზე. იმპორტიც ყოველთვის მომგებიანი ხომ არ არის. ეს ყველაფერი კი, საბოლოოდ პროდუქტის ფასზე მოქმედებს.

ბაზარს ახასიათებს სეზონურობა და ამას თუ გავითვალისწინებთ სტანდარტული ეკონომიკური პრინციპებით შემოდგომის შუა პერიოდამდე კურსი ცოტა გამყარდება და შემდეგომ უკვე საახალწლო პერიოდში გაუფასურდება ისევ“, - დასძინა გუჯაბიძემ.

ფაქტია, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისი აშკარად აისახა უძრავი ქონების ბაზარზე. ახლა სექტორი გამოწვევების წინაშეა, რადგან არ შეუძლიათ იმის პროგნოზირება თუ რა იქნება მომავალში. ისიც ფაქტია, რომ მასალების გაიაფება დიდ შეღავათს ვერ მისცემთ მათ და მნიშნელოვანია ცვლილებები უფრო შესამჩნევი იყოს. დარგის სპეციალისტის ირაკლი როსტომაშვილის აზრით, განსაკუთრებული ცვლილებები სექტორში ამ ეტაპზე არ არის, რის გამოც წინასწარ ტენდენციებზე საუბარი რთული იქნება.

„თუ ამ ჯერზე არმატურა გაიაფდა, გასათვალისწინებელია, რომ მას კომპანია ყოველ დღე არ ყიდულობს, ამას ყიდულობენ  კვარტალში ერთხელ. ის ნაყიდი პროდუქტი, რომელიც გაიაფდა, ერთი კვირის წინ ღირდა 1200 დოლარი და ეს არ არის შეღავათი, თუმცა, როცა შემდეგ პარტიას იყიდის, მერე შეიძლება დაეტყოს.

საწვავი, კომუნალური გადასახადები, ტრანსპორტი არ გაიაფებულა, ერთი შემადგენელი ნაწილის ფასის ცვლილება დიდ ცვლილებას არ იწვევს. ამასთანავე სახელფასო ხარჯი მატულობს, რადგან გადახდა ლარებშია. ადრე, მაგალითად, კომპანია ხელოსანს თუ უხდიდა 2000 ლარს, ის იყო 700 დოლარი, ხოლო დღეს არის 900 დოლარი. ეს პირობითად, თუმცა, საბოლოოდ, არ არის ასეთი მარტივი და ძალიან რთული პროცესებია, დიდ დროში გაჭიმული.

ჩემი აზრით, ბინები გაძვირდება, ტენდენცია გაიაფებისკენ არ მგონია, რომ წავიდეს. ზოგადად კი, მასობრივო გაიაფება რომ დაიწყოს, ბევრისთვის იქნება ცუდი, რადგან მხოლოდ ჩემი აშენებული ბინა კი არ გაიაფდება, არამედ ისინიც, რომლებშიც ადამიანები ცხოვრობენ და აქვთ ქონების სახით; ანუ საერთო ღირებულება დაეცემა და უძრავი ქონებ ფასს დაკარგავს", - აღნიშნა როსტომაშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×