პაატა შეშელიძე: თუ თავად ბანკი დეტალურ კომენტარს არ გააკეთებს, გამოდის, რომ რაღაცაში თანამონაწილეები არიან
გვანცა წულაია
20.09.2022

„საქართველოს ბანკის” დაყაჩაღების სტატისტიკას კიდევ ერთი შემთხვევა მიემატა. ეს რიგით მერამდენე კრიმინალური აქტია, უკვე თვლაც კი შეუძლებელია. ძირითადად, თავდამსხმელები სწორედ აღნიშნულ ბანკს ირჩევენ. 10-დან 9 შემთხვევაში კრიმინალთა სამიზნე სწორედ ეს ორგანიზაციაა. რატომ მაინც და მაინც "საქართველოს ბანკი”? ეს უბრალოდ შემთხვევითობაა, თუ სხვა რამესთან გვაქვს საქმე?

ბოლო პერიოდში `საქართველოს ბანკზე” თავდასხმები გახშირდა, ამის გამო მოხმარებლებს შიშს გრძნობენ, რადგან მათი ბანკში ვიზიტი შესაძლოა, მოულოდნელად მძევლად აყვანით დასრულდეს.

ბოლო დროის ყველაზე "წარმატებული ძარცვა" ზუგდიდში 2020 წელს მოხდა. მაშინ ბადრი ესებუამ, 500 000 აშშ დოლარის წაღება მოახერხა. მას შემდეგაც, და მანამდეც, ბევრი იყო ასეთი შემთხვევა:

2021 წლის 16 აპრილს, ავლაბარში „საქართველოს ბანკის" ფილიალის დაყაჩაღება სცადეს.

2020 წლის 27 ნოემბერს, დილის საათებში დიღმის მასივში „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალი დააყაჩაღეს.

2020 წლის 25 ივნისს, შეიარაღებული პირი ფონიჭალაში მდებარე „საქართველოს ბანკის“ სერვის-ცენტრს ყაჩაღურად თავს დაესხა და იარაღის მუქარით გაიტაცა ბანკის კუთვნილი თანხა - 18 168 ლარი.

2019 წლის 8 მარტს „საქართველოს ბანკის“ გლდანის ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის დროს თავდამსხმელებმა თავისუფლება აღუკვეთეს ორ მოქალაქეს, ჩამოართვეს კუთვნილი ავტომობილი, ბანკში შეიჭრნენ და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფული მოითხოვეს.

2018 წლის 6 სექტემბრის დილას კი 51 წლის კაცმა „საქართველოს ბანკის"  ფილიალის დაყაჩაღება წერეთლის გამზირზე სცადა.

2017 წლის 18 და 19 დეკემბერს „საქართველოს ბანკის“ ორი ფილიალი დააყაჩაღეს. 18 დეკემბერს წერეთლის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალში 25 წლის მძარცველი შეიჭრა და მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა გასტაცა; 19 დეკემბრის ყაჩაღობა ისანი-სამგორის რაიონში მდებარე ფილიალში მოხდა. თვითმხილველების თქმით, ბანკში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა და მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 3900 ლარი გასტაცა.

„საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ექსპრეს-ფილიალი 2017 წლის 12 დეკემბერსაც დააყაჩაღეს. ოფიციალური ინფორმაციით, გვიან ღამით, 29 წლის შეიარაღებული მამაკაცი ბანკში შეიჭრა და მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 5415 ევრო, 8353 ამერიკული დოლარი და 7425 ლარი გასტაცა.

ძარცვა მოხდა 2022 წლის 10 ივნისსაც, რა დროსაც შეიარაღებული მძარცველი ბათუმის ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. თავდამსხმელი იარაღის მუქარით სალაროს გახსნას ითხოვდა. მან მძევლების აყვანა და თანხის გატაცება სცადა, თუმცა _ უშედეგოდ.

ეს იმ კრიმინალური შემთხვევების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში „საქართველოს ბანკზე" მოხდა. ის იმდენად გახშირდა, რომ ბანკში მყოფი მოქალაქეები არაფრისგან დაზღვეულნი არ არიან და ნებისმიერ დროს შეიძლება, მძევლად აიყვანონ.

„უახლოეს დღეებში, განვადების გადასახდელად „საქართველოს ბანკში” უნდა მივიდე, მაგრამ ცოტა არ იყოს მეშინია, რადგან უკვე რამდენჯერმე დააყაჩაღეს. ამ ბანკზე იმდენად ხშირია თავდასხმა, გარდა იმისა, რომ შიშს იწვვევს, ასევე აჩენს ეჭვს, რატომ ხდება ეს მხოლოდ და მხოლოდ „საქართველოს ბანკზე”? სხვათა შორის, ეს ამბავი თვითონ ბანკს ძალიან უფუჭებს რეპუტაციას”, - განაცხადა „რეზონანსთან” „საქართველოს ბანკის” მომხმარებელმა ია აბზიანიძემ.

გახშირებული თავდასხმები აჩენს იმის ეჭვს, რომ `საქართველოს ბანკში” უსაფრთხოების ნორმები საერთოდ იგნორირებულია, რაც მძარცველებმაც კარგად იციან. საზოგადოებაში ეს ბანკი დიდი სანდოობით სარგებლობს, მაგრამ, როგორც ჩანს, რეალობა სულ სხვაა.

მიზეზებზე საუბრობს „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტი პაატა შეშელიძე. მისი აზრით, ბანკზე გახშირებული თავდასხმები საეჭვოა, რაზეც ორგანიზაციას პასუხი მოეთხოვება.

`საქართველოს ბანკი” ყველაზე დიდი ბანკია, ყველაზე მეტი ფილიალი აქვს და შესაძლოა, ეს იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ასევე მიზეზი შეიძლება იყოს ხარვეზები დაცვით სისტემაში. მძარცველები ფიქრობენ, რომ ბანკის დაყაჩაღება გაუვათ. გარდა ამისა, ჩნდება ეჭვი - ეს ყველაფერი ხომ არ არის რაღაც სხვა ფაქტორებიდან გამოწვეული? მაგალითად, ხომ არ ხდება ამით ვიღაცაზე ხელის დაფარება, რაიმე შეკვეთის შესრულება ან რაიმე მსგავს გარემოებასთან ხომ არ გვაქვს საქმე, რაც ძნელი დასასაბუთებელია, მაგრამ ასეთი მოსაზრებაც არსებობს.

ბანკი, რომელსაც სისტემატიურად ძარცვავენ, ალბათ დიდ უარყოფით გავლენას უნდა განიცდიდეს ამისაგან. ასე არ ხდება, ბანკი ინარჩუნებს მაღალ პოზიციებს და მათი აქციები იყიდება, რეპუტაცია კი ეჭვქვეშ დგება. ამიტომაც არის ეს ყველაფერი ძალიან საეჭვო. მე არ მახსოვს, რომ ერთი და იგივე ბანკი ამდენჯერ დაეყაჩარებინოთ. საერთოდ, რამდენი თავდასხმა იყო ვინმემ დათვალა? სტატისტიკა არ მიწარმოებია, მაგრამ მგონი ზედმეტად ბევრია.

ნებისმიერ შემთხვევაში, ბანკს მოეთხოვება პასუხი გასცეს იმაზე, თუ როგორ არის ორგანიზებული მათი დაცვა და რატომ არ არის დაცული მომხმარებლის ინტერესები, რომლებიც, ალბათ ამით ზარალდებიან, რადგან გატაცებულ თანხებს, ანაზღაურება ხომ სჭირდება. აუცილებელია, დეტალური კომენტარი გააკეთონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ რაღაცაში თანამონაწილეები არიან და არ აინტერესებთ. მესმის, ეს მძიმე ბრალდებაა და ამის დასაბუთება არ შემიძლია, მაგრამ ჩანს, რომ რაღაც საეჭვოა”, - განუცხადა „რეზონანსს” პაატა შეშელიძემ.

გახშირებული ძარცვის ფონზე მნიშვნელოვანია, ნებისმიერმა ორგანიზაციამ გააძლიეროს უსაფრთხოების ნორმები, რათა მოახერხოს მოქალაქეებისა და მომხმარებლების დაცვა, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ეს ერთ-ერთი ძლიერი ბანკია. საბანკო სფეროს სპეციალისტი მიხეილ თოქმაზიშვილი კი მაინც ფიქრობს, რომ გახშირებული თანდასხმები ბანკის იმიჯზე ვერ იმოქმედებს.

„საქართველოს ბანკი” ერთ-ერთ ყველაზე მსხვილი ბანკია და ალბათ სწორედ ამიტომ არის შეტევა კონკრეტულად ამ ბანკზე. აქ ფსიქოლოგიური საკითხიცაა და ისინი უფრო იტყვიან, რა პირობით ირჩევენ თავდამსხმელები მაინც და მაინც „საქართველოს ბანკს”.

რაც შეეხება იმიჯს. ხშირი დაყაჩაღებები საბანკო იმიჯზე და სისტემაზე საერთოდ არ იმოქმედებს. არც ანაბრებს და არც ბანკის კლიენტებს, ეს არ შეეხებათ, რამდენადაც თავდასხმის ქმედება ყოველთვის შეზღუდულია, რომელიც არა მგონია, რომ შორს წავიდეს”, - განუცხადა „რეზონანსს” თოქმაზიშვილმა.

ცნობისთვის, `საქართველოს ბანკის” გახშირებულ თავდასხმებზე `რეზონანსი” რამდენიმე თვის წინაც წერდა. მაშინ, ბანკში თავი აარიდეს კითხვებზე პასუხის გაცემას და აღნიშნეს, რომ მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით განცხადება არ იგეგმება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×