ზოგიერთ რეგიონში პური უკვე 10 თეთრით გაიაფდა და სავსებით შესაძლებელია იგივე ნაბიჯი გადაიდგას თბილისშიც
ქეთი თოდუა
20.09.2022

იმ დროს, როდესაც  მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში პური ძვირდება, უმთავრესი საკვები პროდუქტის ფასის მიხედვით საქართველო სტაბილურობას ინარჩუნებს., ენერგომატარებლების გაძვირებამ ყველა მიმართულებით მკვეთრად უარყოფითი გავლენა მოახდინა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში გაზისა და ელექტროენერგიის გაძვირების ალბათობა, ფაქტობრივად, არ არსეობს, პურის ფასიც სტაბილურია. მეტიც, რეგიონებში პური უკვე 10 თეთრით გაიაფდა და სავსებით შესაძლებელია იგივე ნაბიჯი გადაიდგას თბილისშიც.

როგორც საქართველოს პურის მცხობელთა ასოციაციის ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე აცხადებს, ახალ წლამდე პურის ფასი დედაქალაქში არ შეიცვლება. თუმცა, რეგიონებში პური იაფდება, რასაც დოლიძეც ადასტურებს და ხაზს უსვამს, რომ რეგიონებში პური ტრადიციულად ნაკლები ღირს დიდი ქალაქებისგან განსხვავებით და ეს მოცემულობა სამომავლოდაც შენარჩუნდება.

,,თბილისში მაღალი გადასახადებია, რაც პურის ფასის კლების საშუალებას არ გვაძლევს. მართალია, ფქვილი გაიაფდა, მაგრამ გაზი საკმაოდ ძვირია. ჯერ კიდევ, ,,ყაზტრანსგაზის" პერიოდში 1 კუბ/მ გაზი 86 თეთრი ღირდა და  ,,თბილისი ენერჯიმ" გახადა 1,38 თეთრი, მკვეთრი ზრდაა.

პურის მიმართ ყველა ქვეყანას განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. აზერბაიჯანში სექტორი  დღგ-სგან განთავისუფლდა, ბელარუსში ენერგომატარებლების მიმართ ფრთხილი პოლიტიკას ინარჩუნებენ. ყველამ გააკეთა შეღავათი, საქართველოს გარდა, ჩვენთან უსაშველოდ ძვირდება. ორჯერ პურის სუბსიდირება გააკეთეს და ამით შემოიფარგლა მთავრობის მცდელობა.

არ ვედრებით შუააზიის  ქვეყნებს, იქ ყველაზე დაბალი ფასია. მაგალითად, ყაზახეთში საკუთარი ხორბალი აქვთ. რუსეთს, სომხეთს და აზერბაიჯანს თუ ავიღებთ, პურის ფასი ჩვენთან ყველაზე დაბალია. ამაზე მეტად ვერ გაიაფდება, მაგრამ მომატებას არ ვვარაუდობ.", - განუცხადა "რეზონანსს" მალხაზ დოლიძემ.

იგი ადასტურებს, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ქართული პურის ბაზარზე გამორჩეული სტაბილურობაა და არანაირი საფრთხე ამ მხრივ მოსალოდნელი არ არის.

"სტაბილურობა  ნამდვილად არის -  ხორბალი ბეღელში დაბინავებულია, იმპორტიც შემოდის, ყველანაირი საშუალებაა, რომ არსებული ფასი შენარჩუნდეს. რაიონებში ტრადიციულად უფრო დაბალი ფასია, ვიდრე ქალაქებში. თბილისშიც არის საცხობები, სადაც 10 თეთრს დავაკლებთო, ამბობენ, მაგრამ მასობრივად ფასის კორექტირება ჯერ ვერ მოხერხდება. უმეტეს შემთხვევაში ფასი არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდება.

რაც შეეხება ევროპას, ამ მხრივ იქ ნამდვილად რთული ვითარებაა, რადგან ყველგან მკვეთრი ნახტომი და სიძვირეა. მაგალითად,  გერმანიაში პურის ისედაც საკმაოდ ძვირი იყო და გაზის გაძვირებამ კიდევ უფრო დიდი გავლენა მოახდინა. ხარისხიანი პური 3-დან 5 ევრომდე ღირდა და უკვე 6 ევროს მიაღწია", - აღნიშნა ,,რეზონანსთან" დოლიძემ.

პურის გაიაფების შესაძლებლობაზე საუბრობს  „თემქის პურის“ ხელმძღვანელი დალი კუპატაძე. მისი აზრით, ფქვილი იაფდება და ეს ტენდენცია ადეკვატურ გავლენას პურის ფასზეც მოახდენს. 10 თეთრი კი ის ნიშნულია, რა დონეზეც მწარმოებელი ღირებულების შემცირებას არ გამორიცხავს.

„1 ტომარა ფქვილის ფასი 80 ლარს აღემატებოდა და ახლა 75 ლარს ჩამოსცდა, ეს დიდი სხვაობაა. ვითარებაც ისეთია, რომ შეიძლება კიდევ შემცირდეს. ევროპულ;ი ქვეყნებისგან განსხვავებით, ენერგომატარებლები არ გვიძვირდება, რაც დიდი უპირატესობაა. თამამად შეიძლება თქმა, რომ დასტაბილურების გზაზე ვდგავართ.

ევროპაში სრულიად საპირისპირო ტენდენციაა, რაც რუსეთ-უკრაინის ომს  უკავშირდება, რის გამოც გაზი და ელექტროენერგია გაძვირდა. ჩვენთან ეს პრობლემა წელს არ არის, ამიტომ მშვიდად ვართ. თუკი ფქვილის ღირებულება კიდევ დაიკლებს, პური შეიძლება 10 თეთრით გავაიაფოთ“, - განაცხადა დალი კუპატაძემ „რეზონანსთან“.

შეგახსენებთ, რომ ევროზონის მაღალი ინფლაციის ფონზე ევროკავშირის ქვეყნებში პური რეკორდულად გაძვირდა. "ეუროსტატის" მონაცემებით, აგვისტოში, ერთი წლის წინანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ევროკავშირში პურის საშუალო ფასი 18%-ით მეტი იყო. ყველაზე მეტად უნგრეთი, ლიეტუვა, ესტონეთი და სლოვაკეთი დაზარალდნენ. უნგრეთში პური წლის განმავლობაში 66%-ით, ლიეტუვაში - 33%-ით, ხოლო ესტონეთსა და სლოვაკეთში 32-32%-ით გაძვირდა.

ყველაზე ნაკლებად პურზე ფასის მერყეობა საფრანგეთში, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში შეინიშნებოდა. საფრანგეთში ერთ წელიწადში პური მხოლოდ 8%-ით, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში კი 10-10%-ით გაძვირდა.

სამომხმარებლო ფასების ზრდის ინდექსმა კი ევროზონაში, 2021 წლის აგვისტოსთან შედარებით, რეკორდულ 9,1%-ს მიაღწია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×