ქვეყანაში ახლა ნავთობპროდუქტების სიჭარბეა, ანუ საჭიროზე მეტი რაოდენობაა შემოტანილი
გვანცა წულაია
22.09.2022

საქართველოში საწვავის გაიაფება გრძელდება. საბითუმო ბაზარზე ღირებულება მკვეთრად არის შემცირებული, სადაც 1 ლიტრი ბენზინის ფასმა 2.75 ლარი შეადგინა. იაფდება დიზელიც. გამოსწორებულ სიტუაციასთან ერთად, არსებობს დადებითი მოლოდინიც, რაც საქართველოში საწვავის მეტად გაიაფებას უკავშირდება.

შედარებით გაიაფების ტენდენცია ქვეყანაში ივლისის შუა რიცხვებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. მაშინ, საბითუმო ბაზარზე ბენზინის ფასი 3 ლარს აღემატებოდა, ხოლო დიზელისა - 4 ლარს. ახლანდელი ვითარება კი საგრძნობლად შეცვლილია. ამჟამად საბითუმო ბაზარზე ბენზინის ფასი 2.75 ლარს, ხოლო დიზელი ღირებულება 3.40 ლარს შეადგინს.

ფასების მკვეეთრ ცვლილებაზე საუბრობს კომპანია "სენტა პეტროლიუმის” დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე და აცხადებს, რომ ქვეყანაში საწვავის ჭარბი რაოდენობაა შემოსული, რამაც სიიაფე განსაზღვრა და რომ არა ეს ჭარბი რაოდენობა, არც ბენზინის და არც დიზელის ფასი ისე არ შემცირდებოდა, როგორც დღესაა. 

"ბოლო მდგომარეობით, საბითუმო ბაზრის ფასები შემდეგნაირად გამოიყურება: 1 ლიტრი ბენზინის ფასი შეადგენს 2.75 ლარს. რაც შეეხება დიზელს, მისი ღირებულება დაახლოებით 3.40 ლარია, ანუ საბითუმო ბაზარზე საწვავის საგრძნობი გაიაფება გვაქვს.

შეიძლება ითქვას, რომ ახლა არაადეკვატური სიტუაციაა, რადგან ქვეყანაში საქონლის სიჭარბეა, ანუ გაცილებით მეტი რაოდენობაა შემოტანილი. შესაბამისად, ამ მომენტიდან გამომდინარე, ფასები ცოტა არაადეკვატურად დაეცა, თვითღირებულებასაც კი ჩამოსცდა. ამიტომ შეიქმნა ასეთი მდგომარეობა, რომ საერთაშორის ღირებულებასთან შედარებით ნაკლებია. საქართველოში საწვავის სიჭარბე რომ არ ყოფილიყო, ასეთი დაბალი ფასები არ გვექნებოდა.

გლობალურად კი, მსოფლიოშიც იაფდება ნავთობი. პლატცის ფასიც გაცილებით ნაკლებია წინა თვეეთან შედარებით. ბოლო პერიოდში, კლების ტენდენცია შეინიშნება და ეს ალბათ გაგრძელდება”, - განუცხადა ზაალ იაკობიძემ "რეზონანსს”.

ქვეყანაში საწვავის გაიაფების შესაძლებლობა და რესურსი კიდევ არსებობს. ამის ყველა საშუალებაა - ნედლი ნავთობის და პლატცის ფასი, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით – ეს ყველაფერი იძლევა იმის საშუალებას, რომ ნავთობიმპორტიორებმა გაიაფებაზე კიდევ იფიქრონ.

ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე ამბობს, რომ საწვავის გაიაფებაში დიდი როლი რუსულ ნავთობს მიუძღვის.

"საწვავის ღირებულება შემცირებულია და ეს რამდენიმე ფაქტორის გამოა. პირველ რიგში, უკავშირდება საერთაშორისო ტენდენციას, გარდა ამისა, თვითონ საწვავის ბაზრის დივერსიფიკაციაა და მესამე - ლარის კურსს. სწორედ ეს ფაქტორები განსაზღვრავს საქართველოში საწვავის ფასს. ამ ფაქტორების გათვალისწინმებით, შედეგი შეიძლება იყოს პოზიტიური ან პირიქით, ნეგატიური. მაგალითად, თუ კურსი გამყარდება, მაგრამ საერთაშორისო ბაზრებზე ფასი აიწვევს, ლარის გამაყრება გადაიფარება, რადგან ჩვენთან საწვავი არის მთლიანად იმპორტირებული.

რაც შეეხება დივერსიფიკაციას, ანუ ფასს ბაზარზე, ამას განსაზღვრავს ის, თუ რომელი ქვეყნებიდან შემოდის საწვავი. ჩვენ ნავთობპროდუქტი, ძირითადად, შემოგვაქვს რუსეთიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან, მათ შორის რუმინეთიდან და ბულგარეთიდან და ასევე, თურქეთიდან. ევროკავშირში ბრენდირებულ ნავთობზე ფასები დაახლოებით 45%-ით მეტია, ვიდრე რუსეთში. დავუშვათ, რომ საქართველოში რუსული ნავთობპროდუქტები არ შემოდიოდეს, მაშინ ფასი არსებულზე 60%-ით მეტი გვექნება. ფაქტობრივად, ფასის შემცირებაზე გავლენას ახდენს რუსული ნავთობი, რომელიც, როგორც გითხარით, 45%-ით უფრო იაფია.

უნდა ვეცადოთ, უფრო მეტად ვიყოთ დივერსიფიცირებული, რადგან საწვავის გაძვირება უარყოფით გავლენას ახდენს ყველა მიმართულებით. პირველ რიგში, კი პირდაპირ იმოქმედებს სამომხმარებლო ფასებზე და ეკონომიკაზე.

სხვათა შორის, რუსულ ნავთობს, პრაქტიკულად ყველა ქვეყანა ყიდულობს. მაგალითად, თურქეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, იტალია. ასე რომ, ეს სულაც არ არის დიდი პრობლემა”, - განაცხადა ცუცქირიძემ "რეზონანსთან”.

რაც შეეხება საერთაშორისო ბაზარს სიტუაცია, ვითარება აქაც გამოსწორებისკენ მიდის. ნავთობის გაიაფების ტენდენციაა მსოფლიოში, 1 ბარელი ნავთობი 90 დოლარი ღირს. წლის ბოლოს კი, არსებობს იმის მოლოდინი, რომ 84 დოლარის ფარგლებში იქნება.

1 ტონა ბენზინი ღირებულება კი დაახლოებით 800 დოლარის ფარგლებში ტრიალებს. გაიაფდა დიზელიც, რომელიც ახლა 880 დოლარი ღირს. ადრე თუ გლობალურად დიზელსა და ბენზინს შორის დიიდ სხვაობა იყო, ახლა სხვაობა თვალი საცემად შემცირდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×