"რთული ვითარებაა ჩალადაც კი არ გამოდგება ის სიმინდი, რაც ყანებში დარჩა"
თიკა სიბოშვილი
26.09.2022

სიმინდის ფქვილი და ყველი კიდევ გაძვირდება. ორივე მიმართულებით სავალალო ვითარებაა. წელს დასავლეთ საქართველოში ყანები პირწმინდად განადგურდა, რაც ჯერ არანორმალურ ნალექიანობას და მერე საშინელ გვალვას უკავშირდება. ზუსტად ამიტომ პროდუქციის ღირებულება მუდმივად იზრდება. ანალოგიური მდგომარეობაა რძის ნაწარმზეც. ვითარება მინიმუმ გვიან გაზაფხულამდე არ გამოსწორდება.

ახლა ის პერიოდია, როცა მოსახლეობა ზამთრისთვის ემზადება. რამდენიმე თვის წინ სიმინდის ფქვილის შეძენა 3-4 ლარად შეიძლებოდა, თუმცა ახლა ეს წარმოუდგენელია, ფასი 2-3 ლარით არის გაზრდილი. ფერმერები ამას ცუდ მოსავალს უკავშირებენ, რადგან წელს ყანები განადგურებულია.

თერჯოლელი გლეხი, რომელიც სიმინდის დიდ მოსავალს ელოდებოდა, საშინლად იმედგაცრუებულია. მოსავალი მკვეთრად შემცირდა, რის გამოც ყველაფერი გაძვირდა - მარცვალი, ფქვილიც და ჩალაც.

„ყოველ სეზონზე ველოდები დიდი რაოდენობით სიმინდის მოსავალს, ეს ჩემი შემოსავლის წყაროა. დიდ ენერგიას ვდებთ ამ საქმეში და შესაბამისად, კარგ შედეგსაც ვიღებთ ხოლმე, თუმცა წელს, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, მოსავლით უკმაყოფილონი ვართ და ამიტომაც მოგვიწია გასაყიდი ფასის ზრდა. ოჯახიდან ვყიდით სიმინდის ფქვილს, ადრე 4 ლარი ღირდა, მაგრამ ახლა გაყიდვა 6 ლარად გვიწევს, რადგან სხვა გზა არ გვაქვს“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრსისას იმერელმა გლეხმა.

არსებულ გაძვირებაზე საუბრობს აგრარული დარგის სპეციალისტი ანზორ მესხიშვილიც. მისი აზრით, მდგომარეობა საგანგაშო არ არის, თუმცა ყურადღება აშკარად სჭირდება.

„სანამ გვალვა დაიწყებოდა სიმინდის მოსავლის ნაწილი იმ პერიოდიდან ნადგურდებოდა. ასევეა ყველზეც. საკმაოდ დიდი ხანია რაც ყველის ღირებულება გაზრდილია და არ იქნება გასაკვირი, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს საფასური. სხვა მხრივ გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა. ბოსტნეულის ფასი იგივეა და არ გაზრდილა, პირიქით, ზოგი რამ წინა პერიოდთან შედარებით გაიაფებულია და საბედნიეროდ, მთელი თბილისი გავსებულია პროდუქტებით.

ვერ ვიტყვით, რომ სიმინდის მთლიანი მოსავალი განადგურდა დასავლეთში, უბრალოდ, გვალვის გამო რაოდენობა შემცირდა. ამ საკითხთან მიმართებით სიფრთხილეა საჭირო, მნიშვნელოვანია, რომ კომბინირებული საკვები შემოვიდეს, რადგან არ ჩავარდეს მეცხოველეობის დარგი.

იმედია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაითვალისწინებს და ზარალს, რაც დასავლეთ საქართველოში მოსახლეობას ჰქონდა, რაღაცნაირად შეუმსუბუქებს. პირველ რიგში, საჭიროა, კომბინირებულ საკვების შემოტანა. ეს ყველაფერი, როგორც გლეხებზე და მეურნეობაზეც კარგად იმოქმედებს“, - აღნიშნა მესხიშვილმა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

ფასის ზრდა შესამჩნევია და ამაზე უკვე მოსახლეობაც საუბრობს. როგორც სამეგრელოში მცხოვრები გლეხი აცხადებს, სიმინდზე მომატებული ფასი მდგომარეობას ართულებს, რადგან ქვეყანაში ისედაც სოციალურად მძიმე ფონია.

„მიუხედავად იმისა, რომ ადრეც არ იყო სიმინდი იაფი, ახლა უკვე საგრძნობლად გაზრდილია. თანაც ფასი იმატებს და ამ დროს ხარისხი ძალიან ცუდია. სიმინდის ფქვილს ბაზარში 6 ლარად ვყდულობ, რაც ძალიან ძვირია. მართალია მე ბევრის ყიდვა არ მიწევს, მაგრამ მათ რა ეშველებათ, ვისაც ბევრი სჭირდებათ, აუცილებელია პრობლემაზე ყურადღების გამახვილეა, რადგან მოსახლეობაზე ცუდად არ იმოქმედოს“, - აღნიშნა ადგილობრივმა.

მძიმე მდგომარეობაა ყველისა და ზოგადად რძის ნაწარმის მიმართულებით. შარშანდელთან შედარებით ფასი ლამის გაორმაგებულია. ეს ხდება იმიტომ, რომ თვითონ გლეხების ხარჯიც გაზრდილია და იძულებულები არიან პროდუქტსაც მოუმატონ ფასი.

ახლა 1 კგ იმერული ყველის ფასი - 17 ლარია, ხოლო სულგუნის - 24 ლარი. ეს ციფრები ძალიან მაღალია განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა წინა წლებთან შედარებით, ყველა ტიპის სურსათი საგრძნობლად გაძვირებულია. დიდი ალბათობით ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება და ეს მაქსიმალური წერტილი სულაც არ იქნება.

როგორც ხონში მცხოვრები მეწარმე აღნიშნავს, ჯერჯერობით სიტუაცია არ შეიცვლება, ხოლო გაძვირება კი ისედაც გაზრდილ ხარჯს უკავშირდება.

„უკვე ყველა ამჩნევს, რომ ყველზე ფასი ძალიან მომატებულია, ეს გამოიწვია იმან, რომ ძროხების საჭმელი გაძვირდა და ამაში უკვე ფულის გადახდა გვიწევს, რაც ჩვენს ხარჯებსაც ზრდის. ამას ემატება ისიც, რომ წველადობაც შემცირებულია. ეს ყველაფერი ერთმანეთს ემატება და საბოლოოდ პროდუქტის ფასიც მატულობს.

გაძვირებულია ყველანაირი სახეობის ყველი და ალბათ ასეც გაგრძელდება. ზამთრის პერიოდში ისედაც იმატებს ხოლმე ფასი და წელს, ალბათ, მაქსიმალურ წერტილს მიაღწევს“, - აღნიშნა „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას მეწარმემ.

აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი მიიჩნევს, რომ უფრო მეტად უნდა ვეცადოთ მომავალში მოსავლის გადარჩენას, თუნდაც თანამედროვე ღონისძიებებით.

„ბუნებრივი მოვლენების მიმართ ბრძოლას დიდი დაფიქრება სჭირდება და ეს სულაც არ არის მარტივი. დღეს უკვე არის ისეთი ღონისძიებები, რომლის გატარების შედეგადაც ამ რისკებისგან თავის დაზღვევა შეიძლება, თუმცა ამისათვის საჭიროა, რომ ქვეყანას ჰყავდეს სპეციალისტები, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებს იცნობენ.

გლობალურმა დათბობამ მსოფლიოში ყველგან სავალალო შედეგები მოიტანა, ასეა საქართველოშიც. წელს სამეგრელოში ძალიან მძიმე შედეგები მივიღეთ, პრაქტიკულად ჩალადაც კი არ გამოდგება ის სიმინდი, რაც ყანებში დარჩა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არის ისეთი თანამედროვე საშუალებები და ტექნოლოგიები რომლითაც ამ საფრთხისგან თავის დაზღვევა შეიძლება. ჩვენ მათი ათვისება უნდა შევძლოთ“, - აღნიშნა კოღუაშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ პრობლემა დარგის არასწორ მართვაში მდგომარეობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×