რატომ გადავადდა 1 თვეში ასამოქმედებელი ცვლილება და რა უნდა გაკეთდეს ახლო მომავალში?
გვანცა წულაია
22.11.2022

ტყეში სათბობი შეშის მოპოვებას მოსახლეობა 2026 წლამდე შეძლებს. ამის შემდეგ კი, ქვეყანაში ე.წ. საქმიანი ეზოები მოეწყობა, სადაც მოსახლეობა შეშის შესყიდვას შეძლებს. ცვლილება ძალაში იანვრიდან უნდა შესულიყო, თუმცა რამდენიმე წლით გადავდდა.

2026 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ე.წ. სოციალური ჭრის პრაქტიკა აღარ იარსებებს და მოქალაქეები სპეციალური ბილეთის საფუძველზე ტყეში შესვლასა და შეშით უზრუნველყოფის მიზნით ხე-ტყის დამზადებას ვეღარ შეძლებენ. ამის ნაცვლად მოეწყობა ე.წ საქმიანი ეზოები, სადაც მოსახლეობა სათბობი მასალის შეძენას შეძლებს.

გადავადების მიზეზებზე და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე "რეზონანსთან” "კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციის ქსელის" გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი საუბრობს.

"რეზონანსი”: რას შეიძლება უკავშირდებოდეს ცვლილების 2026 წლამდე გადავადება?

რეზო გეთიაშვილი: სოციალური ჭრის გაუქმება, რაც მნიშვნელოვნი გადაწყეტილებაა, რთულად განსახორციელებელია. თავდაპირვეად, საკმაოდ დიდი მხარდაჭერა არსებობდა მთავრობის, ფინანსთა სამინისტროს და მათ შორის, საერთაშორისო დონერების მხრიდანაც. რეალურად, დაიწყო მომზადება და საკმაოდ დიდი ინვესტიციებიც ჩაიდო სახელმწიფო სატყეო მეურნეობების – ე.წ. საქმიანი ეზოების მოსაწყობად. 40-ზე მეტი საქმიანი ეზო მოეწყო კიდეც, მაგრამ, სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა საკმარისი. მათ შორის, ის ინვესციტია, რომელიც ჩაიდო. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ უკვე აშკარა იყო, რომ ცვლილების მიღება ვერ მოესწრებოდა, ამიტომ გადავადება ლოკიგურია.

დღეს, სახელმწიფო არ არის მზად ახალ სისტემაზე გადასასვლელად, ამიტომ აუცილებლად უნდა დაისვას კითხვა – რამდენად მზად იქნება 2026 წელს? კითხვა იმიტომ ჩნდება, რომ საკმაოდ დიდი სამუშაოები დარჩა ჩასატარებელი. გეგმის მიხედვით, უნდა მოეწყოს სისტემა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოახდენს საქმიანი ეზოების ისე მოწყობას და აღჭურვას, რომ სახელმწიფომ შეძლოს სოციალური ჭრის პრაქტიკა ჩაანაცვლოს ახალი მეთოდით.

"რ”: რადგან ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, კიდევ გადავადებას ხომ არ ელით?

რ.გ: აუცილებლად უნდა შემუშავდეს გეგმა და 2026 წელს საზოგადოებამ დანამდვილებით უნდა იცოდეს, რომ მდგომარეობა კიდევ ერთხელ არ შეიცვლება. რეალურად, კიდევ ერთხელ გადავადების საფრთხე მაინც არსებობს. პრეცენდენტი უკვე მოხდა, რაც, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის. როდესაც სახელმწიფო ასეთი დონის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს და შემდეგ მისი განხორციელება ვერ ხერხდება, რასაკვირველია არასასურველია.

იმედია, შენარჩუნდება ის ნდობა, რომელიც 2020 წელს ამ რეფორმას ჰქონდა. დაფინანსება გაგრძელდება და ალბათ, უნდა გაიზარდოს. ჩვენ, რაც ვნახეთ, ფინანსები 2021 წელს უფრო მეტი იყო, ვიდრე 2022 წელს და ეს ტენდენცია უნდა დასრულდეს და პირიქით, უნდა მოხერხდეს სახსრების მოზიდვა, რათა 2026 წელს მზად ვიყოთ ყველანაირად. სწორედ ამიტომაა საჭირო გეგმა, რომელიც იქნება შეთანხმებული ფინანსთა სამინიტროსთან, პარლამენტთან.

"რ”: თავად მოსახლეობა როგორ აღიქვამს ამ ცვლილებას და მათთვის რამდენად მისაღებია?

რ.გ: ძალიან მგრძნობიარე თემაა. მოსახლეობის მხრიდან ყველაფერი დაკავშირებულია ფინანსებთან, რადან ცვლილება მთლიანად არის სოციალური პროგრამა, ამიტომ ბუნებრივია, რომ სიახლე უნდა ეფუძნებოდეს სოციალური პირობების გაუმჯობესებას, რაც ჯერჯერობით სახეზე არ გვაქვს. სწორედ ამიტომ არის საჭირო სხვადასხვა გადაწყვეტილებების პოვნა ისე, რომ მოსახლეობას სათბობი შეშა არ გაუძვირდეს. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მიგნებულია, მაგრამ ეს აღსრულების ნაწილია და ჯერ დანერგილი არ არის. მაგალითად, შეიძლება მოხდეს შეშის სოციალური ფასის სუბსიდირება. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც სოციალური მხარდაჭერა სჭირდება, მათთვის შეიძლება სწორი და ჯანსაღი ღონისძიებების გატარება.

პარალელურად შეიძლება უფრო მეტად აქცენტის გაკეთება შეშის მოხმარების შემცირებაზე და იქ მოსახლეობას სახელმწიფოს მხარდაჭერა აუცილებლად სჭირდება. გათბობის სიტემები, რომელიც ძალიან მოძველებულია, საჭიროა რაღაცნაირად თანადაფინანსებით მათი ჩანაცვლება.

დღეს სახელმწიფომს მხრიდან შეშას არ აქვს ფასი. ეს არის 6 ლარი 1 კუბურ მეტრზე. ამიტომ როგორც კი იმაზე ფიქრს დავიწყებთ, რომ მოპოვება უნდა გახდეს ლეგალური და ბიზნესის და ეკონომიკის ნაწილი, ბუნებრივია, რომ ამას მოჰყვება ფასის ცვლილება. სწორედ ამიტომ არსებობს სახელმწიფო, რომ ეს პროცესი დაარეგულიროს. მან უნდა აიღოს ვალდებულება, რომ შეშას ექნება ხელმისაწვდომი ფასი.

"რ”: საერთო ჭრილში ამ `მიშვებულობამ” ტყეები თუ დააზიანა?

რ.გ: ყველა კვლევა, რომელიც ამ მიმართულებით ჩატარდა, სამწუხაროდ, იძლევა ერთი და იგივე პასუხს, რომ მოთხოვნა და მოხმარება გაცილებით მეტია, ვიდრე ტყეს აქვს ამის რესურსი. ამიტომ იგი განიცდის მუდმივ დეგრადაციას.

ტყე, როგორც ენერგიის წყარო, არის განახლებადი რესურსი და მას აქვს უნარი იმისა, რომ თვითონ განახლდეს, მაგრამ ეს არის შეზღუდული შესაძლებლობა. ახლა რესურსი, ძირითადად, ყველგან ამოწურული გვაქვს. სადაც კი გზა მიდის, იქ უკვე შეშის ჭრის არანაირი საშუალება აღარ არსებობს, ამიტომ მუდმივად გვიწევს ახალ-ახალი გზების გაყვანა, ხეობების სიღმეებში და მდინარეების სათავეებისკენ გადანაცვლება, სადაც უფრო მგრძნობიარეა ეკოსისტემა. მეორე მხრივ, თვალის დახუჭვაც გვიწევს უკანონი ჭრაზე, ამიტომ, საბოლოო ჯამში, ჩვენ შეიძლება მივიდეთ ტყეების შეუქცევად დეგრადაციასთან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×