ფერმერის დღე საქართველოში ახალი ენთუზიაზმით და ინიციატივებით აღნიშნა
ქეთო გოგოხია
24.11.2022

საქართველოში ფერმერის დღე აღინიშნა. ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ერთობლივი ინიციატივით, თბილისში გაიმართა. ამ დღის მიზანი ფერმერთა მხარდაჭერა და მათი პროდუქციის პოპულარიზაციაა. ღონისიძიების ინიციატორებმა გამოავლინეს და დააჯილდოვეს ისეთი ფერმერები, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ, დოვლათს ქმნის და დარგის განვითარებაში ღირსეული წვლილი შეაქვთ.

ფერმერის დღის აღნიშვნის ტრადიცია საქართველოში 2015 წლიდან არსებობს. წლიდან წლამდე იყი იხვეწება, იცვლება და ემატება ხალი ნომინაციები. წელს ასეთია ,,გმირობის ნაყოფი", რომლის ფარგლებშიც საზღვრისპირა ზოლში მცხოვრები წარმატებული ფერმერები დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულებს, სპეციალურ ჯილდოსთან ერთად, დიპლომები გადაეცათ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ხაზი გაუსვა, რომ მთავრობისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერა.

"სახელმწიფოს ექნება ახალი პროგრამები, ახალი ინიციატივები, რომელიც კონკრეტულ საჭიროებებზე იქნება მორგებული. ძვირფასო ფერმერებო, თითოეულ თქვენგანს მინდა მადლობა გადაგიხადოთ დაუღალავი შრომისთვის. თქვენ ქმნით პროდუქტს და იმკვიდრებთ თავს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. მე პირადად, როგორც მინისტრი გპირდებით, რომ ყველგან და ყოველთვის ვიქნები თქვენი მხარდამჭერი. გილოცავთ დღევანდელ დღეს და წარმატებებს გისურვებთ თქვენ და ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა,  წლების განმავლობაში მთავრობა აქტიურად ეხმარება ფერმერებს პირველადი წარმოების, გადამუშავების, მარკეტინგული ღონისძიებების, პროდუქციის რეალიზაციის განხორციელების მიმართულებებით.

,,ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ სოფლის მეურნეობაში, ყოველწლიურად, გვაქვს სულ უფრო მეტი წარმოება, მეტი ექსპორტი. კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოების ზრდის ხელშეწყობისთვის, მთავრობის მხრიდან ფერმერების მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება. ვულოცავთ ამ დღეს პირველ რიგში ფერმერებს და შემდეგ ყველას, ვისაც აგრარული დარგის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მანვე ასევე  იმ მიმართჲლებებზე ისაუბრა, რომლებსაც სახელმწიფო ფერმერთა მხარდაჭერისთვის ახორციელებს.

,,ბოლო წლებში გვაქვს სტაბილურად მნიშვნელოვანი ზრდა როგორც პირველადი, ისე გადამმუშავებელი წარმოების კუთხით, ზრდა აშკარაა ექსპორტის მაჩვენებლებში და ასე გავაგრძელებთ წელსაც და უკეთესი მაჩვენებლები გვექნება. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.

ჩვენი პარტნიორების დახმარებით, ჩვენ ვახორციელებთ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს იმისათვის, რომ ქართული აგროპროდუქცია იყოს მეტად კონკურენტუნარიანი, ფერმერებმა აწარმოოთ უფრო მეტი პროდუქცია და მეტად განვითარდეთ", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრს არც არსებული გამოწვევები დარჩენია ყურადღების მიღმა, რაც მისი შეფასებით, გლობალური ფაქტორებით არის განპირობებული და მათი მოგვარება საქართველოს მთავრობის მხრიდან დიდ ძალისხმევვას მოითხოვს.

,,დღეს მსოფლიო არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. მათ შორის, უმნიშვნელოვანესია სასურსათო უსაფრთხოება. ბოლო პერიოდის განმავლობაში, რამდენიმე კონფერენციას დავესწარი, სადაც ჩვენი პარტნიორი ქვეყნების კოლეგა მინისტრებთან ერთად ვიმსჯელეთ ყველა იმ გამოწვევაზე, რაც ამ კუთხით არსებობს. დღეს ყველაზე მწვავედ დგას სურსათით მომარაგების საკითხი. აუცილებელია ერთობლივად ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ვაწარმოოთ უფრო მეტი პროდუქცია, გავზარდოთ თვითუზრუნველყოფა და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ღონისძიებაზე წლის ფერმერები 11 ნომინაციაში  გამოვლინდნენ:  წლის ახალგაზრდა ფერმერი, წლის ქალი ფერმერი, წლის კაცი ფერმერი, წლის ინოვაციაზე ორიენტირებული ფერმერი, წლის ექსპორტზე ორიენტირებული ფერმერი, წლის უწყვეტ განათლებაზე ორიენტირებული ფერმერი, წლის აღმოჩენა ფერმერი, წლის რეგიონს დაბრუნებული ფერმერი, წლის ეკომეურნეობაზე ორიენტირებული ფერმერი, წლის ტრადიციული პროდუქტის მწარმოებელი ფერმერი და  გმირობის ნაყოფი.

 პარალელურად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, ფერმერის დღის ფარგლებში ორგანიზებული ქართული აგროპროდუქციის გამოფენა დაათვალიერა. გამოფენა კამპანიის ,,მეტი ქართული ხარისხიანი პროდუქტი“ ფარგლებში მოეწყო და მასში სახელმწიფო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროგრამებით მოსარგებლე სამოცამდე ფერმერმა მიიღო მონაწილეობა. გამოფენა-ბაზრობაზე ადგილობრივი წარმოების თაფლი, სუნელები, ჯემები, მურაბები, გამშრალი ხილი, ჩირი, ჩურჩხელა, ღვინო, ჭაჭა, ხორცპროდუქტი, ყველი, წვენი და მიკრო მწვანილი იყო წარმოდგენილი. ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, ევროკავშირთან , გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან , აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  სოფლის მეურნეობის პროგრამასთან და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით გაიმართა.

როგორც საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნინო ზამბახიძემ აღნიშნა, ფერმერთა დღე  შექმნილია მათთვის, რომლებიც წლების განმავლობაში ხარისხიან პროდუქციას აწარმოებენ. მისი აღნიშვნით გამოიხატება მადლიერება და ზრუნვა ფერმერების მიმართ და მათი ღვაწლის დაფასება, რაც ბევრისთვის სოფლად ცხოვრების, შრომის და წარმატების მიღწევის მოტივაციაა.

,,ჩვენ 2015 წლიდან აღვნიშნავდით ფერმერთა დღეს, თუმცა პანდემიამ ხელი შეგვიშალა. ახლა განახლებული მოტივაციით და ენთუზიაზმით ვაგრძელებთ ტრადიციას. წელს ისეთი ნომინაცია დაემატა, როგორიცაა ,,გმირობის ნაყოფი", რომელიც  საზღვრისპირა რეგიონნში ფერმერების წარმოჩენას უწყობს ხელს. მთლიანობაში, ასეთი ღონისძიებები  დიდ როლს ასრულებს ფერმერების განვითარებასა და მათი მოტივაციის ამაღლებაში, ეს დღეც ამ ადამიანებისთვის შეიქმნა, რომ უწყვეტი განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეთ.

წარმატებულია ყველა ფერმერი, ვინც სოფლის მეურნეობაშია და დოვლათს ქმნის. თუმცა ვაცნობიერებთ იმასაც, რომ არის გამოწვევებიც, რის დაძლევაშიც მათ ვეხმარებით. ერთ-ერთი ასეთია განათლების ნაკლებობა, ინფრასტრუქტურა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ცნობილია, რომ სოფლის მეურნეობაში დიდი ინვესტიციები იდება, ბევრი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული პროდუქციის საწარმოებლად, მაგრამ მეტი მხარდაჭერა სჭირდება ფერმერებს, რომლებიც რეგიონეებში ცხოვრობენ და თავდაუზოგავად შრომობენ", - განაცხადა ნინო ზამბახიძემ.

აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილე ფერმერები, შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენლებმა შეარჩიეს.

თითო ნომინაციაზე წარდგენილი 3 ნომინანტიდან (ჯამში 11 ნომინაციაზე 36 ფერმერი) გამარჯვებული შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდა.

დაჯილდოების ცერემონიის დასრულების შემდეგ, ფერმერთა პროდუქციის დეგუსტაცია გაიმართა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×