არ არსებობს რაიმე საფრთხე, რომელიც ეროვნულ ვალუტას პრობლემას შეუქმნის
გვანცა წულაია
23.11.2022

ლარი ისევ მყარდება და დადებითი ტენდენცია მომავალი თვეების განმავლობაშიც გაგრძელდება. ქართული ვალუტა პოზიციებს ინარჩუნებს "სეზონური მერყეობის” დროსაც. მიმდინარე პერიოდში კურსს გაუფასურება ახასიათებს, თუმცა ახლანდელი მოცემულობა სრულიად სხვაგვარია და ლარი შეუქცევადად სტაბილურია. უფრო მეტიც, "თიბისი კაპიტალის” პროგნოზით, ლარის გამყარება მომავალ წლებშიც გასტანს.

„თიბისი კაპიტალის“ ყოველკვირეულ მიმოხილვაში ნათქვამია, რომ კურსის ბოლოდროინდელი დინამიკა მიუთითებს, ლარის კურსის სეზონურობის მხრივ ბიზნესისა და მოსახლეობის ნდობაზე და მისი სეზონური მერყეობა უკვე ნაკლებად რელევანტურია.

პუბლიკაციის მიხედვით, ოქტომბრის საქონლით საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები შედარებით სუსტი იყო, განსაკუთებით ექსპორტის ნაწილში, თუმცა ტურიზმის შემოდინებები, მიგრაციის ეფექტის ჩათვლით და გზავნილები რუსეთიდან გადმორიცხვების შესწორების გათვალისწინებითაც კი ძლიერი იყო.

"2023 წელს, სავარაუდოდ, რუბლის შედარებითი დასუსტებისა და საქართველოში დაბალი ინფლაციის გათვალისწინებით, მომდევნო წლებში ლარი დოლართან უფრო მეტად გამყარდება და ევროსთან გაუფასურდება“, - აღნიშნავენ „თიბისი კაპიტალში“. 

რეგიონში მიმდინარე ომის პარალელურად, ქვეყანაში დადებითი ტენდენციებია. ბოლო პერიოდში საქართველომ დიდი სარგებელი მიიღო, რაც საბოლოო კურსზე აისახა. გარდა ამისა, ქვეყანა უდიდეს ფუნქციას იძენს, რაც სამომავლოდ ლარზე კვლავ იქონიებს გავლენას. ინვესტიციები, ემიგრანტების გადმორიცხული თანხების, ტურიზმის და საქართველოს დერეფნის გააქტიურების ფონზე, სფეციალისტების პროგნოზი დადებითია.

სწორედ ქართული ფულის გამყარების მიზეზებზე საუბრობს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე და აცხადებს, რომ ლარის კურსი იქნება შეუქცევადად გამყარებადი.

"სხვათა შორის, "თიბისი კაპიტალის” კვლევას ვეთანხმები. სექტემბრის თვის შემდეგ ტურიზმის პიკი გადავლილია, მცირდება ნაკადები და შესაბამისად, შემოსავლებიც, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ლარი მაინც გამყარდა. ანუ, რეალურად გამოდის, რომ ლარი მხროლოდ ტურიზმზე აღარ არის დამოკიდებული. ინვესტიციბის გაზრდილი და გეტყვით, რომ ჩემი პროგნოზით, უცხოური კაპიტალის ნიშნული მიმდინარე წელს იქნება ერთ-ერთ ყველაზე მაღალი, ბოლო 10 წლის მანძილზე. შეიძლება, მიახლოებულიც კი იყოს 2017 წლის მონაცემებს, როცა ისტორიული მაქსიმუმი გვქონდა და მაშინ 1.9 მლრდ იყო შემოსული პირდაპირი უცხოური კაპიტალის ოდენობა.

უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ საქართველო შუა დერეფნის ფუნქციას იძენს. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია განხორციელებდი უახლოეს წლებში. პირველი ეს არის დერეფნში ნავთობპროდუქტების გატარება, სადაც ვგულისხმობ, როგორც ყაზახურს, ისე აზერბაიჯანულ ნავთობსაც. არა მხოლოდ ენერგომატარებლები, არამედ აზიიდან წამომავალ ტვირთსაც, რომელიც ციმბირული დერეფნის ჩაკეტვის გამო, გადმომისამართდა საქართველოში. ჩვენი ქვეყნის პორტებზე გაზრდილია მოთხოვნა.

საუბარია მწვანე ენერგეტიკაზეც, ანუ ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე, სადაც იგულისხმება ჰაერისა და მზის ენერგია, ამ ყველაფრის საქართველოში დანერგვა, ანუ ახალი ინვესტიციები მოიზადება. საქართველო ხდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა აზიური და ევროპული ტვირთბრუნვისთვის. გარდა ამისა, პოზიტიურად უნდა შევხედოთ ევროკომისარის ვიზიტსაც, ევროკავშირის სტრატეგიულ ინვესტიციებსაც, რომელიც საქართველოში ჩაიდება და კერძო ინვესტიციებსაც.

ჩამოთვლილი სიახლეები დაკავშირებულია უცხოურ ვალუტასთან, ინვესტიციებთან. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ახალი სამუშაო ადგილებიცაა და ასევე უცხოური ვალუტის შემოდინებაც, რაც პირდაპირ აისახება სავალუტო ბალანსზე. ამიტომ აბსოლუტურად ვეთანხმები ამ ტენდენციას, რომ ლარის კურსი იქნება შეუქცევადად გამყარებადი.

სატრანსპორტო ჰაბი ასე თუ ისე, ვიყავით. ენერგეტიკული ჰაბიც ვართ, მაგრამ კიდევ უფრო გაძლიერდება ეს ფუნქცია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ შეიძლება გავხდეთ ციფრული ჰაბიც, რაც არის თანამდროვე ეკონომიკა, თანამედროვე ეკონომიკური ტექნილოგიები. შესაძლოა, მწვანე ენერგიის ჰაბიც გავხდეთ, სადაც საუბარია ალტერნატიული ენერგიის წყაროებზე. ასე, რომ სავსებით მოსალოდნელია, რომ ეს ყველაფერი ჩვენთვის იქნება კარგის მომტანი და დღეს კურსთან დაკავშირებით რისკები მოხსნილია”, - განაცხადა რეზონანსთან” ცუცქირიძემ.

რამდენიმე თვიან სტაბილიზაციას პროგნოზირებს საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირებიც ვიცე-პრეზიდენტი, ფინანსისტი ნიკა შენგელიაც. მომავალი წლის პირველ კვარტალში კურსი არ გაუფასურდება, ამის შემდეგ კი მოვლენების განვითარება ომზე იქნება დამოკიდებული.

"ლარის გაუფასურებას 2023 წლის პირველ კვარტალში ნამდვილად არ ველოდებით, რადგან ძლიან ჭარბი ვალუტა არის შემოსული, რაც გამოიწვია იმ ცნობილმა მოვლენებმა, რომელიც 24 თებერვლის შემდეგ დაიწყო და მიმდინარეობს. ბევრი კერძო ინვესტორია ქვეყანაში შემოსული. ემიგრანტების მხრიდან გადმორიცხული თანხების კუთხით კი, ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდება 2022 წელს. ახლა, რა თქმა უნდა, ბანკებს აქვს ჭარბი ვალუტა და მათ სავალუტო ბირჟაზე ერთმანეთთან დიდი მოცულობით ვაჭრობა არ უწევთ. სწორედ ამ ყველაფერმა განაპირობა ქართული ფულის გამყარება.

ვფიქრობთ, დეკემბერში შესაძლოა, ლარი მაქსიმუმ 2.80-იან ნიშნულამდე გაუფასურდეს, თუმცა ეს იქნება გარკვეული ერთჯერადი ეფექტი, მაგრამ ძირითადად, როგორც გითხარით, მომავალი წლის პირველ კვარტალში ლარის სტაბილურობას ველოდებით.

რა მოხდება პირველი კვარტალის შემდეგ, ეს გამოჩნდება სადღაც მარტის შუა რიცხვებისათვის. რა თქმა უნდა, თუ ვითარება არ გამოსწორდა და ომის არ დასრულდება, მაშინ იგივე მოცემულობა გვექნება ლარის კურსის მხრივ.

მოკლედ რომ გითხრათ, უახლოესი 4 თვის განმავლობაში არც დიდ რყევებს ველოდებით და რაც გაუფასურებას და არც გამყარებას ველოდებით 2.70-იანი ნიშნულის დაბლა”, - განაცხადა ნიკა შენგელიამ `რეზონანსთან”.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×