არ არის გამორიცხული, 1 ბარელის ფასი 67 დოლარამდე დაეცეს და მომავალში კიდევ უფრო შემცირდეს
ქეთო გოგოხია
28.11.2022

ნავთობის ფასი მკვეთრად ეცემა. ამ პროცესის  მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არის აშშ-ს გადაწყვეტილება ვენესუელას მიმართ სანქციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით, რამაც ნავთობპროდუქტების ბაზარზე აქამდე არსებული გაძვირების დინამიკა შეცვალა. აშშ ცდილობს შეამციროს ნავთობის ფასი ყველანაირი საშუალებით და ნავთობის მომწოდებელ მტრებს შორის  ყველაზე ნაკლებ მტერს არჩევს, რომელიც მისთვის ახლა ვენესუელაა.

აშშ-ის მთავრობა ვენესუელის ნავთობინდუსტრიაზე დაწესებული სანქციების ნაწილის გაუქმების და შემზღუდავი მექანიზმების შემსუბუქების გადაწყვეტილებას იღებს. უმსხვილეს ამერიკულ ენერგეტიკულ კომპანია "შევრონს" ვენესუელაში საქმიანობის გაგრძელებისა და ნავთობის მოპოვების უფლება მიეცა.

ამერიკის ეს ქმედება ნავთობის ბაზარზე დიდ რყევას გამოიწვევს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ფასი 80-დოლარიან ნიშნულს გაარღვევს და დიდი ალბათობით 1 ბარელი 67 დოლარამდეც გაიაფდება. ამ დროისთვის 1 ბარელი ნავთობი 81 დოლარი ღირს.

ფასებზე გარკვეულ გავლენას ახდენს შვიდეულის ქვეყნების სავარაუდო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უნდა დადგინდეს ზღვრული ფასი რუსულ ნავთობთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსული თავის ნავთობს იმაზე მაღალ ფასად ვერ გაყიდის, ვიდრე ამას განუსაზღვრავენ.

საერთაშორისო ექსპერტები გლობალურ ბაზრებზე ცვლილებას ჩინეთში კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების რეკორდულ ზრდას და ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებსაც უკავშირებენ. მოსახლეობა მოითხოვს, რომ მთავრობამ მკაცრი რეგულაციებისა და ლოქდაუნების დაწესება შეწყვიტოს. შეზღუდვებს უაღრესად ნეგატიური გავლენა აქვს ჩინეთის ეკონომიკურ აქტივობასა და მობილობაზე, რაც, თავის მხრივ, საწვავზე მოთხოვნის შემცირებას იწვევს. მოგეხსენებათ, ჩინეთი ნავთობის უმსხვილესი მომხმარებელია, მისი ეკონომიკის შეზღუდვა კი პირდაპირ ახდენს გავლენას ენერგორესურსების ფასებზე.

ბირჟის მამოძრავებელი მეორე ძირითადი ფაქტორი "დიდი შვიდეულის" წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებაა. შვიდეული და ევროკავშირი ამჟამად რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესებას განიხილავენ, თუმცა პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საჯაროდ ავრცელებს მუქარას, რომ რუსეთი ნავთობის მიწოდებას შეუწყვეტს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ფასის ლიმიტს დაადგენენ.

ამდენად, გლობალურ ბაზრებზე ფაქტობრივად ყველა პირობაა, რომ ფასები შემცირდეს. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ანალიტიკოსი ნიკა შენგელია ვარაუდობს, რომ ნავთობის ღირებულება  80-იან ნიშნულს გაარღვევს და არაფერი უშლის ხელს, 1 ბარელი 67 დოლარამდეც ჩამოვიდეს. 

,,ოპეკი პლუსის" მიერ ორიოდე დღის წინ გაცხადდა, რომ ის აპირებს გაზარდოს ნავთობმოპოვება. რა თქმა უნდა, ყოველი ასეთი განცხადება ფასების კლებას იწვევს. ერთია, რომ ფიუჩერსების ფასი იწევს,  მაგრამ მეორეა, რეალურად რა ფასად ხდება ნავთობპროდუქტების რეალიზაცია. მაგალითად, როდესაც 95 დოლარი იყო ბარელი ნავთობის ღირებულება, რუსეთი 20 დოლარით ნაკლებ ფასში ჰყიდდა. ამიტომ აშშ-ს მცდელობაა, შემცირდეს ფასი და რუსეთს უფრო ნაკლებად მოუწიოს გაყიდვამ, შესაბამისად, ნაკლები შემოსავალი მიიღოს, ანუ ქვეყანა ეკონომიკური ბლოკადის ქვეშ მოაქციოს. 

ამდენად, ყველა ფაქტორი ფასების კლებისკენ არის მიმართული. ტენდენცია გვაფიქრებს, რომ ნედლი ნავთობის ფასი 80-დოლარიან ნიშნულს გაარღვევს და შეიძლება 67 დოლარამდეც ჩამოვიდეს, ამაში ხელს არაფერს უშლის. შესაბამისად, საქართველოშიც გაიაფდება საწვავი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადეკვატური ცვლილება გვექნება, კარტელის პირობებში ეს წარმოუდგენელია", - განუცხადა ნიკა შენგელიამ ,,ბიზნეს-რეზონანსს".

ნავთობის გაიაფების რამდენიმე ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი, რომლის ვარაუდითაც, ფასის კლების პროცესი ისევ გაგრძელდება.

,, ფასებზე სერიოზულ გავლენას ახდენს დიდი შვიდეულის ქვეყნების სავარაუდო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უნდა დადგინდეს ზღვრული ფასი რუსულ ნავთობთან დაკავშირებით. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ვერ გაყიდის იმაზე მაღალ ფასად, ვიდრე ამას განუსაზღვრავენ. რუსეთისათვის ეს არის ერთ-ერთი მთავარი იარაღის ხელიდან გამოცლა, რომელიც მას გააჩნია ენერგორესურსების ექსპორტისა და რეალიზაციის მიმართულებით, ხოლო რიგი ქვეყნებისათვის იგი ნიშნავს შედარებით იაფ ნავთობს. აშშ-ს გადაწყვეტილებაც ვენესუელას მიმართ, რომ შეუმსუბუქოს სანქციები, ამით აიხსნება. ყველაფერმა საბოლოოდ ფასის ჩამოყალიბებაზე მოახდინა ზეგავლენა და ღირებულებამ დაიწყო მნიშვნელოვნად შემცირება. მომავალში გაიაფების პროცესი კიდევ გაგრძელდება", - განაცხადა ბაირახტარმა.

ანალიტიკოსმა ყურადღება გაამახვიოლა ჩინეთის ფაქტორზეც და დასძინა, რომ იქ შექმნილი კოვიდრეგულაციური სიტუაცია ფასებზე საგრძნობლად მოქმედებს, რაც გლობალურ ბაზრებზეც გარკვეულ ცვლილებას იწვევს.

,,ჩინეთის რამდენიმე პროვინციაში სხვადასხვა სახის, მათ შორის კორონას ტიპის ვირუსები გავრცელდა, რამაც შეზღუდვები გამოიწვია. ცხადია, ესეც აისახება ნავთობის ფასზე, ვინაიდან რეგულაციები ნიშნავს ნაკლებ ეკონომიკურ აქტივობას, ნაკლებ მოთხოვნას.

ფასებზე ასევე ზეგავლენა მოახდინა, მსოფლიო წამყვანი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პოტენციურმა მაჩვენებლებმა შემდეგი წლისათვის, რომლის მიხედვითაც, ევროზონის ეკონომიკა მხოლოდ 5%-ით გაიზრდება, პირველადი პროგნოზი კი გაცილებით მაღალი იყო. რასაკვირველია, რომ განსხვავებული მონაცემები და დაბალი მაჩვენებლები ნიშნავს ნავთობის მოხმარების შეზღუდვას”, - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს” ბაირახტარმა.

შეერთებულმა შტატებმა ვენესუელისა წინააღმდეგ მკაცრი სანქციები 2019 წელს დააწესა და მადურო არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. 2022 წლის ივნისში შტატებმა ბოლო ორ წელიწადში პირველად დაუშვა ევროპაში ვენესუელური ნავთობის მიწოდება, რომ რუსეთიდან ნედლეულის იმპორტი ჩაენაცვლებინა. ახლა აშშ, ფასების დაცემის მიზნით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობმიწოდების გაზრდას ცდილობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×