ქეთო გოგოხია
29.11.2022

მართვის მოწმობის აღების მსურველებს გამოცდებზე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოვლენა და ავტომობილის ტექნიკური გამართულობის შემოწმება დაევალებათ. ამას ევროპული რეკომენდაცია ითვალისწინებს. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ  მართვის მოწმობის საგამოცდო პირობები კიდევ მკაცრდება. რა ტიპის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა მოეთხოვებათ გამოცდაზე გასულ კანდიდატებს?

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ფიქრობს, რომ საგზაო უსაფრთხოებისთვის მძღოლობის კანდიდატებმაც ნამდვილად უნდა იცოდნენ ავტომობილის გარკვეული ტექნიკური მახასიათებლები.

„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს ცვლილებები ევროდირექტივის მოთხოვნებს ეყრდნობა. საერთაშორისო გამოცდილებაც ასეთია, რომ მძღოლობის კანდიდატმა უნდა შეეძლოს ავტომობილის ტექნიკური გამართულობის შემოწმება. ეს საჭიროა არა მხოლოდ გამოცდისთვის, არამედ ზოგადი სათანადო ცოდნისთვის. ყველა მძღოლი ვალდებულია, ვიდრე ექსპლუატაციას გაუწევს საკუთარ ავტომობილს ელემენტარულად იცოდეს სად რა არის ამ ავტომობილში და განსაკუთრებით ის მონაცემები, რომელიც უკავშირდება საგზაო უსაფრთხოებას. მაგალითისთვის ეს შეიძლება იყოს საბურავები, სამუხრუჭე სისტემა, მინამწმენდი, შუქმაჩვენებლები და ასე შემდეგ. მე ამ მოთხოვნებს მივესალმები“, - განაცხადა მესხიშვილმა.

სპეციალსიტების ნაწილი საუბრობს იმაზეც, რომ ამიერიდან მართვის მოწმობის მქონე ახალბედა მძღოლებს უკვე პრაქტიკულად ეცოდინებათ, როგორ პირობებში მოუწევთ ავტომანქანის მართვა, ეცოდინებათ საგზაო მოძრაობის წესები და შესაბამისად, ნაკლებად სახიფათონი იქნებიან.

ასე ფიქრობს ,,საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის", თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი, რომლის თქმითაც, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი გადავიდა რეალურ საგზაო მოძრაობაში - შესაძლოა ზოგიერთმა ­ პირველი ეტაპის გავლა მოახერხოს კიდეც რაიმე ხრიკის გამოყენებით, მაგრამ მეორე ეტაპზე ვეღარ დაიძვრენს თავს.

,,მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა მხოლოდ სპეციალურ, დახურულ მოედანზე იმართებოდა. გამოსაცდელები სხვადასხვა მოძრაობასა თუ მანევრს ,,იზეპირებდნენ" , იღებდნენ მართვის მოწმობას, მაგრამ რეალურად ვერ ახერხებდნენ გადაადგილებას ერთი უბნიდან მეორეში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის გადატანა რეალურ საგზაო მოძრაობაში. შესაძლოა, ზოგიერთმა პირველი ეტაპის გავლა მოახერხოს კიდეც რაიმე ხრიკის გამოყენებით, მაგრამ მეორე ეტაპზე ვეღარ დაიძვრენს თავს. რეალურ საგზაო მოძრაობაში მძღოლს სულ სხვა უნარ-ჩვევები სჭირდება და გამოცდაზე გასულსაც მეტი მომზადება და პასუხისმგებლობა ექნება. ამიერიდან მართვის მოწმობის მქონე ახალბედა მძღოლებს უკვე პრაქტიკულად ეცოდინებათ, როგორ პირობებში მოუწევთ ავტომანქანის მართვა, საგზაო მოძრაობის წესებს სრულყოფილად შეისწავლიან და მათი მოძრაობა ნაკლებად იქება რისკიანი", - განაცხადა ლალიაშვილმა ,,რეზონანსთან".

პრაქტიკული გამოცდების გართულებას მიესალმებიან ავტოსკოლების წარმომადგენლებიც, მაგრამ აქვე აღნიშნავენ, რომ ევროპის ქვეყნების ნაწილში ავტოსკოლები მაღალ დონეზეა განვითარებული და თვითნებური სწავლების საფუძველზე არავინ გადის გამოცდაზე, რასაც ქართულ პრაქტიკაც უნდა ითვალისწინებდეს.

ავტოსკოლა ,,ავტომობილის“ ხელმძღვანელი თამაზ თოფაძე აცხადებს, რომ მინიმუმ, 20-25 გაკვეთილი აუცილებელია იმისთვის, რომ მოსწავლემ სრულად შეძლოს დაეუფლოს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას და გავიდეს გამოცდაზე.  რაც შეეხება თვითნებურ სწავლას, თოფაძე მას დაუშვებლად მიიჩნევს და ამბობს, რომ მართვის მოწმობის აღებამდე პრაქტიკული სწავლების კურსის გავლა აუცილებელია.

„მანქანის მართვას საფუძვლიანი სწავლა უნდა. დღეს კი მისი შესწავლა თვითნებურად კომპიუტერით ყველას შეუძლია. კარგი იქნება, რომ ავტოსკოლა რეკომენდაციას უწევდეს მოსწავლეს, მზადაა თუ არა  ან რა დონეზეა მზად როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილში. მე ლიცენზირებული ავტოსკოლა მაქვს და პასუხისმგებელი ვარ, ერთი მხრივ, მომსახურების სააგენტოს და, მეორე მხრივ, მოსწავლის წინაშე. მინიმუმ,  20-25 გაკვეთილია საჭირო, სანამ ადამიანი შეეჩვევა საჭეს და მართავს ავტომობილს. შეიძლება ზოგს ნაკლებიც დასჭირდეს, ვინც ამ პერიოდში ვერ ისწავლი, მან შეიძლება საერთოდ ვერ მართოს ავტომობილი. პრაქტიკულთან ერთად, მძღოლისთვის საჭიროა თეორიული მყარი ცოდნა, როგორ იმოძრაოს ქუჩებსა და საავტომობილო გზებზე. სწავლებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემაა.  ავტოსაგზაო შემთხვევების სიმრავლე პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ მოქალაქეებს ავტომობილების მართვის უნარ-ჩვევა არ  აქვთ გამომუშავებული“, - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას თოფაძემ.

საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა შს მინისტრის ბრძანებაში ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს მართვის მოწმობის გამოცდის კიდევ ერთ ეტაპს და ეს ეხება ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის შემოწმებას.

კერძოდ, ცვლილება გულისხმობს გამომცდელის დავალების შესაბამისად, სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე მძღოლობის კანდიდატის მიერ პასუხის გაცემას ვიზუალურად ჩვენებით, შესაბამისი ხელსაწყოს გამოყენებით ან სხვა მოქმედებით ან/და ზეპირად (ზეპირი პასუხის გადმოცემა შესაძლებელია თავისუფალი თხრობით, თუმცა პასუხი შინაარსობრივად უნდა შეესაბამებოდეს ამ პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით შესაბამისი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისათვის გათვალისწინებული შესაბამისი დავალების პასუხს).

სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის შემოწმებასთან დაკავშირებით გამომცდელის მიერ მძღოლობის კანდიდატისათვის შერჩევითად შეიძლება მიცემულ იქნეს შემდეგი დავალებები:

1. განმარტოს, როგორ მოწმდება ძრავში ზეთის აუცილებელი დონის არსებობა

2. განმარტოს, როგორ მოწმდება რეზერვუარში სამუხრუჭო სითხის აუცილებელი დონის არსებობა

3. განმარტოს, როგორ მოწმდება სადგომი მუხრუჭის გამართულობა

4. განმარტოს, როგორ მოწმდება მუშა მუხრუჭის გამართულობა

5. განმარტოს, სად მოიძიება ინფორმაცია საბურავებში რეკომენდებული ჰაერის წნევის შესახებ

6. განმარტოს, როგორ მოწმდება უსაფრთხო მოძრაობისათვის საბურავების საერთო მდგომარეობა

7. განმარტოს, როგორ მოწმდება დამუხრუჭების სიგნალების გამართულობა

8. განმარტოს, როგორ მოწმდება საჭის გამაძლიერებლის გამართულობა

9.განმარტოს, როგორ მოწმდება მოხვევის შუქ-მაჩვენებლების მუშაობის გამართულობა და ა.შ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×