"ამ პროექტების დაფინანსების შესაძლებლობა მოგვცა სწორედ სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ"
გვანცა წულაია
29.11.2022

სოციალური მიმართულებებით საქართველოს მთავრობისგან მორიგი მნიშვნელოვანი სიახლეები გამოცხადდა. ცვლილებები, რომლებსაც 2023 წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს, ქვეყნის მოსახლეობის ნაწილისათვის დიდი დახმარება იქნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივები სოციალური მიმართულებით მნიშვნელოვან ეფექტს იქონიებს. სწორედ ასეთია სპეციალისტების მოლოდინი და ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის გათვლაც.

ერთ-ერთი მთავარი სიახლე მიმართულია სოციალურად დაუცველი ბავშვებისაკენ. მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, რომ მომავალი წლის პირველი ივლისიდან სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება 200 ლარი გახდება, ნაცვლად 100 ლარისა და ამაში 65 მილიონი ლარი დაიხარჯება.

მომავალი წლის პირველი იანვრიდან ცვლილება შევა დეკრეტული შვებულების პერიოდის ანაზღაურებაშიც, რაც 1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარი იქნება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარზე მეტი გამოიყოფა.

მიმდინარე წელს, მთავრობამ სოციალურად დაუცველი მოქალაქეები ეკონომიკაში ჩართო და ამ დროისთვის უკვე 30 ათასი მათგანი დასაქმდა. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში სულ მცირე 200 000 შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველია და მთავრობის სურვილია, ყველა დასაქმდეს. 

ასევე, მთავრობა 2023 წლიდან იწყებს ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარებას, მათ შორის არსებულის სრულ რეაბილიტაციას, რისთვისაც 200 მლნ ლარი გამოიყოფა.

ამის გარდა, სიახლეებია ინფრასტრუქრურის მიმართულებით. კერძოდ, პირველი იანვრიდან საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამა დაიწყება. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ პროგრამა განხორციელდება სამ ეტაპად. პირველი ეტაპი დაიწყება 2023 წლის პირველი იანვრიდან და მის დაფინანსებაში მიემართება 100 მილიონი ლარი.

სოციალური მიმართულებით დაანოსებულ ცვლილებებზე "რეზონანსთან" საუბრობს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია, რომელიც ადასტურებს, რომ სწორედ ბავშვიანი სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებაა მათი პრიორიტეტი.

"სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა სოციალურ პოლიტიკაში. ვიცით, რომ წელს, პირველი ივლისიდან 150 ლარი გახდა სოციალურად დაუცველი ბავშვის დახმარება და გარდა იმისა, რომ ზრდა მოხდა თანხობრივად, ასევე გაიზარდა ის ქულა, რომელიც კრიტერიუმს წარმოადგენს ბავშვის დახმარების მიღებისას. თუ მანამდე 100 ათასი და ნაკლები ქულის მქონე ოჯახები იყვნენ დახმარების მიმღებები, დღეს, 120 ათასი და ნაკლები ქულის მქონენი იღებენ დახმარებას.

სწორედ ბავშვიანი ოჯახების დახმარებაა ჩვენი სოციალური პოლიტიკის პრიორიტეტი და ამ თანხის 200 ლარამდე ზრდა, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რაც სიღარიბიდან ამოსვლაში ხელს შეუწყობს ბავშვებს და ბავშვიან ოჯახებს. დღეის მდგომარეობით, 220 ათასამდე ბავშვი იღებს ამ სახის დახმარებას და შესაბამისად, დაახლოებით იგივე რაოდენობის ბავშვი იქნება, ვისაც 1-ელი ივლისიდან გაეზრდება სოციალური დახმარება”, - განაცხადა თამარ ბარკალაიამ და იქვე სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმებაზეც ისაუბრა. 

"ესეც პოლიტიკის ნაწილი და უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. სოციალურად დაუცველი ბავშვთა დახმარების პარალელურად ვმუშაობთ შრომისუნარიანი სოციალურ გასაცემელზე დამოკიდებული პირების შრომის ბაზარზე აქტივაციაზე. ამისათვის კი, საზოგადოებრივი სამუშაოები არის მნიშვნელოვანი მექანიზმი. ეს არიან ის პირები, ვინც ან დიდი ხნის განმავლობაში უმუშევრები არიან, ან არ აქვთ ბაზარზე მოთხოვნადი უნარების დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

შესაბამისად, საზოგადოებრივი სამუშაოები სწორედ ისეთი ტიპის სამუშაოებია, რომელიც არ მოითხოვს კონკრეტულ კვალიფიკაციას. ამ ხალხის საზოგადებრივ საქმიანობაში ჩართვასთან ერთად, პარალელურად გავაგრძელებთ მათთან მუშაობას, რათა შემდგომში მოხდეს ისე, რომ ისინი საზოგადოებრივი სამუშაოებიდან გადავიყვანოთ ღია შრომით ბაზარზე, ანუ შევთავაზოთ სხვა ვაკანსიები, რომელთა მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებენ”, - განუცხადა "რეზონანსს” თამარ ბარკალაიამ.

დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ზრდაზე საუბრისას მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ცვლილება მომავალში გაუმჯობესებისაკენ იქნება ორიენტირებული.

"ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, პრემიერმა გააორმაგა დეკრეტული შვებულების ანაზღაურება და 1-ელი იანვრიდან 1000 ლარის ნაცვლად, 2000 ლარი იქნება. აქვე გეტყვით, რომ დეკრეტული შვებულების ანაზრაურება 2014 წლიდან არ გაზრდილა. ასე რომ, ეს არის ნამდვილად მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ ეს შრომითი უფლება დავიცვათ და შესაბამისი ანაზღაურებით უზრუნველვყოთ დეკრეტის პერიოდში. ბუნებრივია, რომ მომავალში გაუმჯობესებისაკენ იქნება ორიენტირებული”, - დასძინა თამარ ბარკალაიამ.

დევნილი ოჯახების ბინით უზრუნველყფა სახელმწიფოს მაღალ რანგში ჰყავს აყვანილი და ამ საკითხის მოსაგვარებლად, მთავრობა თანხებს გამოყოფს. ასე დაანონსდა მიმდინარე ეტაპზეც.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგნეტოს ხელძღვანელი ირაკლი მხეიძე აცხადებს, რომ "სახელმწიფოსთვის ძალიან პრიორიტეტულია დევნილ ოჯახებს ჰქონდეთ უსაფრთხო და ღირსებული საცხოვრებელი პირობები, რისთვისაც ყველაფერი კეთდება”.

"13 ათასი ახალი საცხოვრებელი სახლია გაანგარიშებული, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, რაც უნდა გადავცეთ ჩვენს დევნილებს. ეს არის ჩვენი გეგმა, მიზანი და პრიორიტეტი, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ. უბრალოდ, ეს იყოფა ორ ნაწილად: 13 ათასიდან 7 ათასი არის ახალაშენებული ბინები, ნულიდან დაიწყება მშენებლობა, რაც განხორციელდება 5 ქალაქში. თბილისში აშენდება - 3000 ბინა, რუსთავში - 800, ბორჯომში - 150, ქუთაისში - 720, ზუგდიდში - 1700. ახალ აშენებულ ბინებს ღირსეული საცხოვრებელი პირობებით გადავცემთ ჩვენს დევნილებს, სადაც ყველა საჭირო და მნიშვნელოვანი კომპონენტი იქნება. მათ აღარ მოუწევთ რემონტის წამოწყება, რადგან ბინები იქნება სრულად გარემონტებული. ამ 7000 ათასი ბინისთვის რომელიც 5 ქალაქში აშენდება, სამი წლის განმავლობაში, ჯამში 700 მლნ-მდეა ჩვენი ბიუჯეტი.

რაც შეეხება პარალელურ პროგრამას, ეს არის სოფლად სახლის პროგრამა, რომელიც ძალიან პოპულალურია ჩვენს დევნილ მოსახლეობაში, რადგან დროში მოქნილია. თუ მშენებლობას 2-3 წელი სჭირდება, სოფლად სახლი არ მოითხოვს ამდენ დროს, რადგან, ამ შემთხვევაში, თავად დევნილ ოჯახები მოიძიებენ მათ სასურველს სახლს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, თბილისშიც.

მიუხედავად იმისა, რომ პროექტს ჰქვია სოფლად სახლი, დევნილს არ ზღუდავს ადგილდმებარეობაში, თუმცა მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მაინც ისეთი სახლი უნდა იყოს, რომელსაც თან ახლავს მიწის ნაკვეთი, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა დევნილმა მოსახლეობამ, რომელთაც ამ გზით შევუძენთ სახლს, მიწის ნაკვეთზე მოიყვანოს სხვადასხვა კულტურა და ამით გარკვეული შემოსავალი მიიღოს. სახლი, ბუნებრივია, უნდა იყოს ნორმალურ კონდინციაში, არ უნდა იყოს ნგრევადი და ა.შ. მას დევნილი წარმოგვიდგენს და ჩვენ, დევნილათა სააგენტო მყისიერად შევუსყიდით.ამ კომპონენტში, მომდევნო სამი წლის განმავლობაში 6000 სახლი უნდა შევისყიდოთ და დევნილებზე მოვახდინოთ მათი გადაცემა, რისთვისაც 2 მლნ-ია ბიუჯეტი გათვალისწინებული.

ქვეყანაში თითქმის 92 ათასი დევნილი ოჯახია და ეს სულადობაში 290 ათასზე მეტს დევნილს ნიშნავს. აქედან 48 ათასზე მეტი დევნილი ოჯახია დაკმაყოფილებული საცხოვრებელი სახლით. 43 ათასზე ცოტა მეტი ოჯახი ჯერ კიდევ არ არის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფილი. ეს არის უდიდესი გამოწვევა, მაგრამ ჩვენი პრიორიტეტია ამ მიმართულებით მუშაობა. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ სანამ ერთი დევნილი ოჯახი მაინც იქნება ღირსეული საცხოვრებლის გარეშე, მანამდე არ გავჩერდეთ და მაქსიმალურად გვერდში დავუდგებით ჩვენს დევნილ მოსახლეობას”, - განუცხადა ირაკლი მხეიძემ "რეზონანსს”.

მომავალში პრემიერის მიერ გაცხადებული ცვლილებების ასახვა მოხდება ეკონომიკური და სოციალური მიმართულებებით. ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე აცხადებს, რომ მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ მთავრობას პროექტების დაფინანსების შესაძლებლობა მისცა.

"ეს ინიციატივები არის მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგი, რადგან ამ პროექტების დაფინანსების შესაძლებლობა მოგვცა სწორედ სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ. ბიუჯეტის თავდაპირველი პროექტი, რომელიც იყო, თუნდაც წლის დასაწყისში, არის მნიშვნელოვნად დაკორექტირებული. გაზრდილმა საბიუჯეტო პარამეტრებმა საშუალება მოგვცა, რომ ძალიან ბევრი ახალი მიმართულება დაგვეფინანსებინა, თუმცა მანამდეც იყო გაცხადებული ახალი მიმართულებები. ეს იყო თუნდაც ხელფასების ზრდა საჯარო სექტორში, რომელიც შეეხება მასწავლებლებს, ექიმებს, ძალოვან სტრუქტურებს და ამას ახლა ახალი პროგრამები დაემატა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, დემოგრაფიული კუთხითაც. მაგალითად, დეკრეტული შვებულებები 1000 ლარიდან 2000 ლარამდე გაიზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ კერძო სექტორიც იძულებული იქნება გაზარდოს დეკრეტული შვებულებების დაფინანსება.

ერთ-ერთი გადამწყვეტია სოციალურად დაუცველი ადამიანების ჩართვა ეკონომიკურ აქტივობაში. ისინი ადრე დასაქმებისგან თავს იკავებდნენ სტატუსი რომ არ დაეკარგათ. ახლა კი, მათ მუშაობის შესაძლებლობა აქვთ, თანაც ისე, რომ მათ არ დაკარგონ სოციალური სტატუსი. ეს დასაქმების ზრდას შეუწყობს ხელს და რაც უფრო მზარდი იქნება, მით უფრო მეტი შემოსავალი შევა ქართულ ოჯახებში და დამატებითი ღირებულება შეიქმნება”, - განუცხადა გიორგი ცუცქირიძემ "რეზონანსს”.

პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ სიახლეების მიესალმება ეკონომისტი ანდრია გვიდიანიც. მისი აზრით, 2023 წლის ბიუჯეტი ისეა შედგენილი, მაქსიმალურად პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დღეს საქართველოს მოსახლეობის წინაშე დგას. მნიშვნელოვანია, ეს პროცესები გაგრძელდეს და უფრო მეტად შეეხოს ყველა ადამიანს.

"ყველა ინიციატივა სათითაოდ არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო. ხელისუფლების ყურადღება ბავშვების მიმართ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მისასალმებელია, რომ პრემიერმა გადაწყვიტა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარების გაზრდა.

მთავარი არის ის, რომ მთავრობას აქვს მიღებული გადაწყვეტილება, სოციალური მიმართულებებით დახმარება გაზარდოს. სოციალურ მიმართულებაში შედის, ასევე, დეკრეტული შვებულება.

გაზრდილი დაფინანსება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც ხელს უწყობს პრემიერი და მთავრობა. შესაბამისად, ბიუჯეტის გაზრდილი შესაძლებლობების ფონზე, მთავრობამ გადაწყვიტა უფრო მეტი სოციალური ინიციატივები აეღო საკუთარ თავზე. ეს ყველაფერი საჭიროებს ხელისუფლების თანადგომას და ზოგადად გაზრდილ დაფინანსებას“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×