500 სკოლისა და 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და უამრავ ახალ შესაძლებლობას გააჩენს
გვანცა წულაია
30.11.2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ, 2023 წლის გაზრდილი ბიუჯეტი წარადგინა, სადაც სხვადასხვა სოციალურ სიახლეებთან ერთად, სკოლებისა და ბაგა-ბაღების რებილიცაციის პროგრამას ენიჭება პრიორიტეტი. მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც შემდგომში განათლების ხარისხზეც აისახება, მომავალი წლიდან დაიწყება და ბაღა-ბაღების შემთხვევაში 2030 წლისთვის, სკოლების ნაწილში კი, 2026 წელს დასრულდება.

გაზრდილი ბიუჯეტის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ განათლების მიმართულებით წარდგენილი პროგრამაა, რომელის ფარგლებშიც საწყის ეტაპზე იგეგმება 500 სკოლისა და 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია.

„განათლების მიმართულებით 400 მილიონი ლარით გავზარდეთ ბიუჯეტი. ამის ფარგლებში, დაგეგმილი გვაქვს 500 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მაგრამ დამატებით კიდევ 150 მილიონ ლარზე მეტს მივმართავთ განათლების დაფინანსებაზე.

მინდა, გაცნობოთ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თაობაზე. ბაღები ძალიან სავალალო მდგომარეობაშია ქვეყნის მასშტაბით. ამის თაობაზე, ირაკლი ქარსელაძემ, ჩემი დავალებით, დაამუშავა ეს საკითხი. გამოიკვეთა, რომ 885 საბავშვო ბაღი საჭიროებს მშენებლობა-რეაბილიტაციას, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, დავიწყოთ საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამა. ეს პროგრამა განხორციელდება სამ ეტაპად და პირველ ეტაპს დავიწყებთ 2023 წლის პირველი იანვრიდან. ამ პროგრამის დაფინანსებაში მიიმართება 100 მილიონი ლარი. სულ, ჯამში, დაგვიჯდება 1,3 მილიარდი ლარი და სრულიად განახლდება და აშენდება ახალი ბაღები მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პირველი იანვრიდან დაიწყება სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციაც. აქაც დაახლოებით 800 სკოლაა. 500 სკოლას ვიწყებთ გაისად, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი მომავალი თაობისთვის. ბავშვები უნდა იზრდებოდნენ ჯანსაღ გარემოში. ეს უნდა დავიწყოთ საბავშვო ბაღებიდან, შემდეგ კი სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში გაგრძელდეს. გარდა ამისა, 30 მილიონ ლარზე მეტი მიიმართება სკოლებში კომპიუტერული ლაბორატორიების მოწყობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„რეზონანსისთვის” ცნობილი გახდა, რომ ბაღების ნაწილში დაანონსებული პროგრამა 7-წლიანია და სამ ეტაპად იყოფა.

„საქართველოს მთავრობა საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის ახალ პროგრამას იწყებს. იგი ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობასა და რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა 7-წლიანია და 3 ეტაპად განხორციელდება, რასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1.3 მილიარდი ლარი მოხმარდება.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პროგრამის პირველი ეტაპისათვის, გამოავლინა 200-ზე მეტი ბაღი, რომლის მშენებლობა-რეაბილიტაცია 2023-2025 წლებში განხორციელდება. პირველადი შესწავლით, ამ 200-დან, 100-ზე მეტი ახალი ბაღი აშენდება.

პირველი ეტაპის სამუშაოების ჯამური ბიუჯეტი 400 მილიონი ლარი იქნება, საიდანაც, 100 მილიონი ლარი 2023 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.

ახალი პროგრამის ფარგლებში, საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და განახლდება. მოეწყობა ბაღების შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე  პირთათვის.

პროგრამის დასრულების შემდეგ, 2030 წლისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღები გვექნება”, - განუცხადეს „რეზონანსს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

სკოლების მიმაართულებით კი პროექტი ორ ეტაპად იყოფა. პირველი ეტაპი 2023-2024 წლებში განხორციელდება, დროსაც აშენდება 80 სკოლა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 320 შენობას. მეორე ეტაპი 400 სკოლის რეაბილიტაციას გულისხომბს, რაც 2025-2026 წლების განმავლობაში განხორციელდება.

„პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსდა მასშტაბური პროექტი, რაც გულისხმობს 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს, რომელიც ბიუჯეტი საერთო ჯამში იქნება 1 მლრდ ლარი. რა თქმა უნდა, ეს პროექტი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ სათანადო პირობები, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგებული საგანმანათლებლო სივრცე, ხარისხიანი განათლების მისაღებად.

რაც შეეხება პროცედურებს, 800 სკოლიდან 80 სკოლის მშენებლობა მოხდება, რომელიც დღეს უკვე გვაქვს დასასტურებულად, რომ სავალალო მდგომარეობაშია, ხოლო რეაბილიტაცია ჩაუტარდება 720 სკოლას და ეს იქნება, როგორც სრული, ისე ნაწილობრივი რეაბილიტაციის პროცესი.

პროცესი განხორციელდება ორ ეტაპად. პირველი ეტაპი იქნება 2023-2024 წლები, რა დროსაც აშენდება 80 სკოლა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 320 სკოლას და დარჩენილი 400 სკოლის პროგრამა განხორციელდება 2025-2026 წლების განმავლობაში. პროექტში გათვალისწინებულია, როგორც ქალაქის სკოლები, ისე სოფლად არსებული სკოლებიც. ასე რომ, ეს 800 სკოლა განაწილებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით.

როდესაც ინფრასტრუქტურაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ მხოლოდ საკლასო ოთახს. აქ იგულისხმება სრული აღჭურვა შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკით, ინტერნეტზე წვდომით და იმ რესურსებით, რაც მოგვეცმეს საშუალებას, რომ დამატებითი კომპონენტები იყოს შემოტანილი სწავლის პროცესში”, - განუცხადა „რეზონანსს” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ვალერიან გობრონიძემ.

გარემოს სწავლის ხარისხზე გარკვეული მნიშვნელობა აქვს, ამიტომ პროექტის შესაბამისად განცორიელება ძალიან საჭიროა. სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას განათლების ექსპერტი მუხრან გულიაშვილი და ფიქრობს, რომ სკოლების რეაბილიტაცია-მშენებლობა რეგიონებიდან უნდა დაიწყოს.

„საერთოდ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოსაც და შენობასაც. ეს მშობლებში ნდობას აამაღლებს და თავად მოსწავლეებშიც. კარგად გარემონტებული და შესაბამისად აღჭურვილი სკოლა მასწავლებლებსაც უფრო მეტად მიიზიდავს. შეიძლება, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ახალგაზრდობა თავს იკავებდეს პედაგოგობისთგან, იყოს გარემოპირობები, ამიტომ კარგ სკოლას მრავალმხრივი პოზიტიური მნიშვნელობა აქვს. საქართველოში სულ 2000 სკოლაა და უნდა შემუშავდეს დიდი პროგრამა. ვფიქრობ, რეაბილიტაცია-მშენებლობა რეგიონებიდან უნდა დაიწყოს”, - განაცხადა „რეზონანსთან” მუხრან გულიაშვილმა.

საქართველოს გაზრდილმა ბიუჯეტმა მთავრობას სხვადასხვა მიმართულებების დაფინანსების საშუალება მისცა. ეკონომიკური ზრდა ბაგა-ბაღებისა და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის საშუალებას იძლევა. ექსპერტ გიორგი ცუცქირიძის აზრით, აღნიშნული პროექტი მასშტაბური და ძალიან საჭიროა, რადგან სკოლები და ბაღები არა მხოლოდ შენობას, არამედ სასწავლო ცენტრებს წარმოადგენენ.

„სკოლებისა და ბაღების მშენებლობა ან ძველის აღდგენა და რეკონსტრუქცია არის განათლების მხარდაჭერის სისტემის ნაწილი. რეფორმა არ არის მხოლოდ მასწავლებლებისთვის ხელფასის ზრდა, რომელიც ასევე შედის ახალ ბიუჯეტში. ზოგადად, ამოცანაა, განათლების დაფინანსება გაიზარდოს საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე, ეს არის დაახლოებით 7-8%, ჩვენ დღეს დაახლოებით 4% გვაქვს. განათლებაზე დგას თანამედროვე ეკონომიკა და ნებისმიერი ქვეყნის განვითარება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა საუბარია სკოლებზე, რადგან ვერც ერთი უნივერსიტეტი ვერ გადაამზადებს კადრებს, თუ სკოლიდან არ შევიდა შესაბამისი ცოდნით ადამიანი.

გარდა ამისა, როდესაც სახელმწიფო ახორციელებს ასეთ მნიშვნელოვან პროექტებს, მათ შორის ინფრასტრუქტურის კუთხით, ბუნებრივია, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. ძალიან მასშტაბური პროექტია სასკოლო ინფრასტრუქტურის აღდგენა და მოდერნიზაცია, რადგან თანამედროვე სკოლა არის სხვა, ვიდრე ძველი სკოლები, რადგან ეს მხოლოდ შენობა არ არის, ეს არის სასწავლო ცენტრები.

ხაზი მინდა გავუსვა, სახელმწიფომ გაზრდილი ბიუჯეტით სოციალური პლატფორმა შექმნა. სწორედ ამ პლატფორმაში შედის დასაქმება, ხელფასების ზრდა და ყველაზე მნიშვნელოვანი - განათლების რეფორმა და მხარდაჭერა“, - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×