პრემიერის ინიციატივამ კანონის სახე მიიღო და მედიკამენტებზე რეფერენტული ფასი დაწესდება
ქეთო გოგოხია
05.12.2022

პრემიერის ინიციატივა რეფერენტული ფასების დაწესების შესახებ, მედიკამენტებს დაახლოებით 40%-ით გააიაფებს. შესაბამისი კანონი პარლამენტმა უკვე დაამტკიცა, მსგავსი მოდელის დასანერგად საქართველო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების - ლატვიის, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის და ბულგარეთის გამოცდილებით იხელმძღვანელებს. ცვლილების მიზანია მედიკამენტების ჯგუფზე შემცირდეს ხარჯი და წამლები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

უკვე ცნობილია სქემაც, რომლის მიხედვითაც მთავრობა წამლების რეალიზაციის ფასს გააკონტროლებს, რაც არსებულ რისკებს მინიმუმამდე შეამცირებს. გაკეთდება ბაზა, სადაც მედიკამენტების გაყიდვის ტრანზაქციები  ელექტრონულად აისახება. ბაზაში განსაზღვრული იქნება დაშვებული მაქსიმალური ფასი და თუკი რომელიმე კომპანიას უფრო მაღალ ფასად დაუფიქსირდება რეალიზაცია, წამლების რეგულირების სააგენტოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოხდება.

როგორც  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა ,,ბიზნეს-რეზონანსს“ განუცხადა, რეფერენტული ფასები პირველ ეტაპზე დაახლოებით 1000-1200 მედიკამენტს შეეხება. ამ მექანიზმის შემოტანა დღეს ბაზარზე არსებული ფასების მკვეთრ კლებას გამოიწვევს.

,,ეს ნიშნავს, რომ მაქსიმალური ფასი, ანუ ჭერი დაწესდება, რაც ხელს შეუწყობს წლის დასაწყისში განსაზღვრულ ამოცანას, რომ წამლებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. რეფორმის მიზანია,  მედიკამენტები განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. რეფერენტულ ქვეყნებად არჩეული გვაქვს აღმოსავლეთ ევროპის 4 ქვეყანა: ლატვია, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და ბულგარეთი. საქართველოს წამლების რეგულირების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს მათ სტრუქტურებთან, რომლებიც ოფიციალურად აქვეყნებენ მედიკამენტებზე ფასებს. ვიღებთ ამ მონაცემს, ვასაშუალოებთ, რასაც ემატება მოგების მარჟა, რაც საცალო გამყიდველს  შეუძლია დაამატოს. შესაბამისად, განისაზღვრება ფასი ქართულ ბაზარზეც.

საერთო ჯამში, ჩვენი ფასები გაუტოლდება ევროპული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში წამლების ღირებულება ევროპულ ქვეყნებზე მაღალი არ იქნება. დაახლოებით 40%-ით უნდა გააიაფოს წამლები, რაც საბოლოოდ მოგვცემს შედეგს, რომ ქვეყანაში მაქსიმალურად შემცირდება ჯიბიდან დანახარჯები ჯანდაცვის მიმართულებით და  შემდეგ ეტაპზე რეფერენტული წამლების პოლიტიკა გავრცელდება და მოიცავს ყველა მედიკამენტს“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

მან ასევე რეალიზაციისას კონტროლის მექანიზმზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერ დარღვევაზე მკაცრ რეაგირებას მოახდენენ. გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა თურქული წამლების იმპორტზეც, რომელიც პრემიერის ინიციატივაა და მისი გახორციელება მომხმარებელს წამლებზე ხარჯს  200 მილიონი ლარით შეუმცირებს.

,,დაგეგმილია და 2023 წლის მეორე კვარტლიდან აუცილებლად გავაფართოებთ მედიკამენტების ჩამონათვალს და პირველ რიგში, დავამატებთ მეორე ჯგუფის მედიკამენტებს, რომელიც ამჟამად რეცეპტებით გამოიწერება. გეგმაში გვაქვს, ჩამონათვალი გავაფართოვოთ და საბოლოო ჯამში, ყველა წამალი დავუქვემდებაროთ რეფერენტულ ფასებს. რეფორმის ფარგლებშივაკეთებთ ბაზას, სადაც მედიკამენტების რეალიზაციის ტრანზაქციები აისახება ელექტრონულად. ბაზაში განსაზღვრული იქნება დაშვებული მაქსიმალური ფასი და თუკი რომელიმე კომპანიას უფრო მაღალ ფასად დაუფიქსირდება გაყიდვა, შესაბამის რეაგირებას მოახდენე, ეს ჯარიმები თუ სხვა სადამსჯელო ღონისძიება. ცხადია, კომპანიებს მოუწევთ მოერგონ იმ საფასო პოლიტიკას, რასაც სახელმწიფო განუსაზღვრავს.

ჩვენ წლის დასაწყისშივე ვთქვით, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა გამხდარიყო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, სადაც სხვადასხვა ღონისძიება იყო დაგეგმილი, პირველ რიგში, თურქეთის ბაზრის გახსნა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივაა. ვიმედოვნებთ, 2023 წელს მხოლოდ თურქული მედიკამენტების იმპორტის შედეგად დაახლოებით 200 მილიონი ლარის ეკონომიას მიიღებს მომხმარებელი.

რეფორმის შემდგომი ეტაპი იყო ელექტრონული რეცეპტების  ვალდებულება  ექიმებსა და ფარმაცევტებზე, ასევე ჯენერიკული მედიკამენტების რეცეპტების გამოწერის ვალდებულება. რეფორმა  გაგრძელდება მომავალშიც“, - განაცხადა ილია ღუდუშაურმა.

რეფერენტული წამლების პოლიტიკის შემუშავებაში ჩართული იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზიაციის და მსოფლიო ბანკის მიერ დაქირავებული ექსპერტები, რომლებმაც თავის დროზე  ევროპაში ამ პოლიტიკის დანერგვის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

ფარმაცევტრულ ბაზარზე მოსალოდნელ ცვლილებაზე საუბრობენ სპეციალისტებიც, რომელთა შეფასებითაც,  რეფერენტული ფასების დაწესება სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის აკაკი ზოიძის აზრით, ახლა მთავარია, მექანიზმი სწორად განხორციელდეს.

"ბაზარზე არ უნდა შეიქმნას დეფიციტი და ამავე დროს, გაცილებით ხელმისაწვდომი უნდა გახდეს წამლები, რისი შეძენაც მომხმარებლებს, მათ შორის, ვისაც სოციალური სტატუსი არ აქვთ, ყოველდღიურად სჭირდებათ. ქრონიკული წამლების მიმღებებს ამით ფინანსური ტვირთი მნიშვნელოვნად შეუმსუბუქდებათ. პენსიონერებისთვის ეს ხარჯი შესაძლოა, საპენსიო თანხის ნახევარსაც გაუტოლდეს.

ვფიქრობ, ჯამში მედიკამენტები 40%-მდე გაიაფდება. თუმცა თავიდან კომპანიების მხრიდან შეიძლება არც იყოს მედიკამენტების შემოტანის ინტერესი. ეს რისკიც არსებობს“, - განაცხადა ზოიძემ და დასძინა, რომ მოსახლეობა არაციონალურად მოიხმარს წამლებს, რაც ასევე უნდა იქნას გათვალისწინებული და ეს პრობლემაც როგორმე მოგვარდეს.

,,დიდი პრობლემაა ის, რომ ხალხი მოიხმარს ისეთ წამლებსაც, რომელთა მიღება სულაც არ არის საჭირო. ეს არის არაციონალური მოხმარება, რითაც ექიმები არიან დაინტერესებული. ამიტომ მიმაჩნია, რომ პრობლემა როგორმე უნდა მოგვარდეს და რეფერენტული ფასი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წამლებზე გავრცელდეს, განსაკუთრებით, ვისაც ქრონიკული დაავადება აქვს და ყოველდღიურად უხდებათ ამა თუ იმ წამლის შესყიდვა. საჭიროა, მედიკამენტების ჩამონათვალი გაფართოვდეს და სოციალურად დაუცველებს სიმბოლურ ფასად მიეცეთ მედიკამენტები. რაც შეეხება დანარჩენ მოქალაქეებს, მათთვის წამლებზე ზედა ზღვრის დაწესება მართლაც დიდი შეღავათი იქნება“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

ცნობისთვის, რეფერენტული ფასის მექანიზმი კარგად აპრობირებული მექანიზმია, რომელიც დანერგილია ევროპის 36 ქვეყანაში, მათ შორის, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში, ასევე ევროპის რეგიონის მიღმა ბევრ ქვეყანაშიც, როგორიცაა კანადა, სამხრეთ აფრიკა, ვიეტნამი და სხვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×