გვანცა წულაია
06.12.2022

ბიზნესში კადრების პრობლემა სულ უფრო ღრმავდება. მუშახელს ყველა დარგი ითხოვს, მაგრამ დასაქმება დიდად არავის სურს. კერძო სექტორმა არსებული პრობლემის  (შრომის შეუსაბამო ანაზღაურება) გამოსწორება თითქოს დაიწყო, თუმცა ბაზარზე მაინც დიდი დეფიციტია. „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია, თუკი ბიზნესი ხელფასებს ზრდის, რატომ ვერ ხერხდება კადრების მოზიდვა?

მას შემდედ რაც, სარესტორნო ინდუსტრიიდან თანამშრომლების გადინება დაიწყო, სექტორში ანაზღაურება გაიზარდა, მიუხედავად ამისა, ბიზნესმა მუშახელის შენარჩუნება ვერ შეძლო. სწორედ ამაზე საუბრობს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის კოტე გაბრიჩიძე, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ სარესტორნო სფეროში დასაქმებულთა ანაზღაურება მინიმუმ 1,5-ჯერ გაიზარდა, თუმცა სექტორი კვლავ კადრების დეფიციტს განიცდის.

„კადრების დეფიციტი ისევ პრობლემად რჩება, განსაკუთრებით მთის კურორტებზე. ჩვენი ასოციაცია, დასაქმების ეროვნულ ბიუროსთან ერთად, 9 დეკემბერს აწყობს დასაქმების ფორუმს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სტუდენტური ნაკადი გვინდა, რომ შემოვიყვანოთ. უკვე მეორედ იმართება მსგავსი ვაკანსიების ფესტივალი. პირველზე წარმოდგენილი იყო 47 ოპერატორი, დაახლოებით 500-ზე მეტი მაძიებელი ესწრებოდა, მათი 90% ქართველები იყვნენ.

რატომღაც ჩვენი ბიზნესის ხელფასი აინტერესებს ყველას, თავის ბიზნესზე არავინ საუბრობს. ყველას, ბანკირსაც და პოლიციელსაც აინტერესებს რესტორანში დასაქმებულს თუ მოემატა ხელფასი. ჩვენ არ ვმალავდით კადრების დეფიციტს და სხვები ნაკლებად საუბრობენ. სამედიცინო სექტორი უდიდესი გამოწვევის წინაშე არის, მაგრამ ისინი დუმილს ამჯობინებენ.

გვიხარია, რომ ეკონომიკა ჩვენს მიმართულებაზე ზრუნავს, მაგრამ სხვა სექტორებმაც იფიქრონ დასაქმებულებზე და მათაც გაუზარდონ ანაზღაურება. ჩვენთან 1.5-ჯერ არის მინიმუმ ხელფასი გაზრდილი, რაც არ მომხდარა არც ერთი მიმართულებით.

ცხადია, ხელფასების ზრდამ და მეორე მხრივ, ჰიპერინფლაციამ მნიშვნელოვნად გააძვირა პროდუქცია და მომსახურება. ინგრედიენტებისა და კომუნალურების ფასი იმდენად სწრაფად იზრდება, რომ მენიუს გადაბეჭდვას ვერ ვასწრებთ. ზოგ შემთხვევებში ორჯერაც არის წინა წელთან შედარებით ფასი მომატებული“, - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ „საქმიან დილაში“.

სარესტორნო სექტორიც გარდა, პრობლემაა სხვა ბიზნესშიც. ხელფასებთან ერთად, კერძო სექტორი სამუშაო პირბების გაუმჯობესებაზე დაიწყო ფიქრი. კომპანია "კაიროს ლოგისტიკის" დირექტორი მიხეილ ნამადოვი ამბობს, რომ  პრობლემის დაძლევას კადრების გადამზადებით ცდილობს, თუმცა აღნიშნული სირთულის წინაშე მთლიანად დარგი დგას და საუბარი შესაძლოა, 1000 მძღოლს ეხებოდეს.

„ქვეყანაში უცხო ენის მცოდნე კადრები დიდი პრობლემაა. ჩვენ პროფესიონალი ლიგისტიკის მენეჯერების აღზრდა და სხვადასხვა მიმართულებით მათი განვითარება გვიწევს. მძღოლების კუთხით, დღეს, ავტოპარკის 2-ჯერ გაზრდაზე ვმუშაობთ და 50 ახალ მანქანას ვყიდულობთ, თუმცა ეს ერთი საკითხია და ორჯერ უფრო დიდი პრობლემა მძღოლების მოძიებაა. ჩვენ მსგავსად ეს პრობლემა ბევრს აქვს. ათასობით მძღოლზეა საუბარი, რადგან პროფესიონალი მძღოლი ყველა გადამზიდავისთვის საკმაოდ დიდი პრობლემაა“, - განაცხადა ნამადოვმა.

მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესი ხელფასს ზრდის, სპეციალისტების ნაწილი ამბობს, რომ ეს დასასაქმებლად და მისაზიდად საკმარისი არ არის, რადგან შრომით პირობებთან ხშირ შემთხვევაში მაინც შეუსაბამოა. აკადემიკოს ავთო სილაგაძის აზრით, პრობლემა კომპლექსურია და ხელფასების ზრდა, ბიზნესს მეორე დღესვე კვალიფიციურ მუშახელს ვერ გაუჩენს, ამისთვის დროა საჭირო. 

„ანაზღაურება ძალიან მკვეთრად არ გაზრდილა, რომ ამ ფაქტორს ის ნაკადი შეემცირებინა, რომელიც უცხოეთში მიდის უფრო მეტი თანხის გამოსამუშავებლად. ხელფასების მატება არ მომხდარა იმდენად, რომ პრობლემა არსებითად გადაჭრას,

პრობლემაა კვალიფიციური მუშახელიც. ეს საკითხი ასე სწრაფად მაინც ვერ მოგვარდება. ამას დასჭირდება საკმაოდ დიდი დრო და გადაიდგა კიდეც შესაბამისი ნაბიჯები, ბოლო წლებში ინტენსიურად მიმდინარეობს პროფესიული სასწავლებლების გაძლიერება, მაგრამ, როგორც გითხარით, ხელფასის ზრდას მეორე დღესვე არ მოჰყვება პროფესიონლი კადრების გამოჩენა.

მაღალი ინფლაციის პირობებში, ხელფასების რეალური ზრდა არ გამოდის, ამიტომ მდგომარეობა არ იცვლება. ამიტომ საჭიროა, ეკონომიკის კიდევ უფრო სწრაფი გაზრდა და ამისთვის ორნიშნა ციფრზეც კი არის საუბარი“, - განუცხადა „რეზონანსს“ ავთო სილაგაძემ.

კადრების დეფიციტის მიზეზებზე საუბრობს ეკონომისტი, „ახალი კონომიკური სკოლის“ დამფუძნებელი პაატა შეშელიძეც.

„ადამიანები არ არიან კვალიფიციურები ამა თუ იმ საქმისთვის და არ ჰკიდებენ ხელს. ამ საქმეში, სამწუხაროდ, არის ინფლციის წილიც. ზოგიერთ სექტორში არ არის ისეთი ანაზღაურება, რომელიც მიმზიდველია. შესაბამისად, ადამიანებს, რომლებიც სოციალურ დახმარებებს იღებენ, არ აქვთ არავითარი მოტივაცია, რომ დასაქმებაზე გადაერთნონ.

ძალიან ბევრი ადამიანი იღებს შემოსავალს ისეთი საქმიდან, რომელიც არ არის რეგისტრირებული, თუმცა მათ შემოსავალი მაინც აქვთ. მაგალითად, კრიპიტოსივრცეში მუშაობენ განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებმაც ისწავლეს მუშაობა კოდირებისა და სხვა მსგავსი პროგრამის გამოყენებით. სხვადასხვა ელექტორნული მარკეტინგის ათვისება შეძლეს და ისინი არ მიდიან ისეთ სამსახურში, რომელიც იმ დროს წაართმევს, რა დროშიც უფრო მეტის გამომუშავებას შეძლებენ“, - განუცხადა „რეზონანსს“ პაატა შეშელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×