ქეთო გოგოხია
21.03.2023

საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების მიმართ წამყვანი ქვეყნების მხრიდან  ინტერესი მატულობს. გავლენიანი გამოცემები ბოლო დროს საკმაოდ ინტენსიურად წერენ, რომ იმოგზაურონ საქართველოში. შესაბამისად, წამყვანი ტურისტული ქვეყნების გეოგრაფიულ არეალში მოექცა საქართველოც, რაც ქვეყნისთვის დიდი შანსია, მხარჯველი ტურისტების მოსაზიდად.

ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესო გზავნილია გერმანული გამოცემა "ბილდის" მიერ მომზადებული გზამკვლევი, რომელიც მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოცემა გაზაფხულსა და ზაფხულში საინტერესო სამოგზაურო ტურისტულ მიმართულებებს აქვეყნებს.

სტატიის ავტორის მტკიცებით, გერმანელი ტურისტები განსაკუთრებით მიმზიდველია ესპანეთის, კაბო-ვერდეს, ხორვატიის, ალბანეთისა და საქართველოს კურორტები.

„საქართველოს ტერიტორია ბავარიისხელაა, მოსახლეობა კი ბერლინის. საქართველოს უნდა ეწვიოთ, არა მხოლოდ იმიტომ რომ ის წელს საერთაშორისო ტურისტული გამოფენის მასპინძელი იყო. მიუნხენიდან და დიუსელდორფიდან თბილისამდე 4 საათია საფრენი. პირდაპირი ავიარეისები სრულდება ბერლინიდან, მემინგენიდან და დორტმუნდიდან ქუთაისის მიმართულებით“, - წერს "ბილდი" საქართველოს შესახებ.

ამდენად, გლობალური მასშტაბით საქართველოს პოზიციები საკმაოდ გაუმჯობესებულია, რასაც ,,რეზონანსთან" დარგის სპეციალისტებიც ადასტურებენ, თუმცა საუბრობენ გამოწვევაზეც, რაც საქართველოში მხარჯველი ვიზიტორების შემოსვლას აფერხებს. ტურიზმის სფეროს ექსპერტი ნიკა კვარაცხელია განმარტავს, თუ ვინ არის სინამდვილეში მხარჯველი ტურისტი და რა პოტენციალი აქვს საქართველოს ამ კატეგორიის ადამიანების მოსაზიდად.

,,მნიშვნელოვანია, სწორად გავიგოთ, რომელია მხარჯველი და არამხარჯველი ტურისტი. ვიზიტორი, რომელიც შედის 4 და 5-ვარსკვლავიან სასტუმროში, უკვე მხარჯველია. აქ არის გასათვალისწინებელი ასევე  სათამაშო ბიზნესის ფორმა, სასტუმროებში განთავსებული კაზინოები მუშაობენ აქტიურად, რაც ტურისტს ასევე აინტერესებს.

არ არის მარტივი, რომ ქვეყანამ შეძლებული ტურისტი მოიზიდოს, საბერძნეთიც კი, რომელიც ჩვენთან შედარებით, განვითარებული ქვეყანაა, ამ მხრივ პრობლემას აწყდება. საქართველოში დღესდღეობით რუსული კაპიტალი დიდ როლს თამაშობს, თუმცა უშუალოდ ტურისტულ სეგმენტში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსი დამსვენებლები  ნაკლებ ფულს ხარჯავენ. ასე ნამდვილად არ არის. ტაჯიკეთიც კი, რომელიც პატარა ქვეყანა, ყოველწლიურად 1,2 მილიონ რუს ტურისტს მასპინძლობს.

ერთი ამერიკელი გვირჩევნია ერთ რუსს, მაგრამ ისინი არ ჩამოდიან, ხოლო ერთი ტურისტის ხარჯს არ შეუძლია დიდი მოგების მოტანა, სარგებელი მოაქვს მხოლოდ დიდი რაოდენობის ხალხს. ამ თვალსაზრისით, მართალია, არაბები ბევრს ხარჯავენ, მაგრამ მათ გართობის და მოგზაურობის სხვა ინტერესები აქვთ. ებრაელებიც კი, მიუხედავად, რომ მდიდარი ხალხია, საქართველოში არ ჩამოვლენ, გარდა მოთამაშეებისა ან აქედან წასულებისა, რომლებსაც არც ისე ბევრი ფული აქვთ, მაგრამ უყვართ საქართველო", - განუცხადა "რეზონანსს" კვარაცხელიამ.

იგი მხარჯველი ტურისტების რანგში განიხილავს აზერბაიჯანელებსაც და ეჭვობს, რომ მათ მიერ დახარჯული თანხა სტატისტიკურ მონაცემებში სათანადოდ ვერ აისახება.

,,მხარჯველი ტურისტი განსაკუთრებული კატეგორიაა. საქართველო ასეთი მოგზაურებით დიდად განებივრებული არ არის. თუმცა აშკარად უნდა გამოვყოთ აზერბაიჯანელი, თურქი და ებრაელი ტურისტები. განსაკუთრებით აზერბაიჯანელი მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში საკმაოდ დიდი რაოდენობის ფულს ხარჯავენ, მაგრამ რატომღაც არ ჩანს ოფიციალურ სტატისტიკაში. ვფიქრობ, გამოთვლილი არ არის საფუძვლიანად, რამდენი დაიხარჯა აზერბაიჯანელი დამსვენებლების მიერ საქართველოში", - აღნიშნა ნიკა კვარაცხელიამ.

სპეციალისტების ერთი ნაწილი ტურისტული სექტორის გაჯანსაღებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მუდმივად მატულობს დამსვენებელთა ნაკადი, მათ შორის ევროპის ქვეყნებიდან.

ტურიზმის სფეროს სპეციალისტის მანანა ალადაშვილის ინფორმაციით, ევროპელებს განსაკუთრებით ეკო და აგროტურიზმი იზიდავთ. შესაბამისად, მარნები ამ მხრივ დიდ აქტიურობას იჩენენ და თითქმის ყველა ევროპულ ტურებზე მუშაობს.

,,ევროპული ნაკადი ბოლო პერიოდში მკვეთრად არის გაზრდილი, რაც უმეტეს შემთხვევაში მაღალმხარჯველ კატეგორიად მიიჩნევა. ჩვენ რეგულარულად ვატარებთ კვლევას, რითაც ირკვევა, რომ საქართველოში არსებული თითქმის ყველა კომპანია და ღვინის მარანი ევროპულ ტურებზე მუშაობს. თუმცა დიდი აქტიურობაა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდანაც. განსაკუთრებით ეკო და აგრო ტურიზმი იზიდავთ. 

2023 წლისთვის სამზადისი გაცილებით ადრე დაიწყო და მსოფლიო ტურისტულმა ორგანიზაციამ იგი ტურიზმის წლად გამოაცხადა. 1,8 მილიარდ ვიზიტორს ვარაუდობენ მსოფლიოში, საქართველოს შემთხვევაში, ცხადია, მკვეთრი მატება იქნება. უცხოური გამოეცემების მხრიდან ინტერესის ზრდაც ამას ადასტურებს. ჯერ კიდევ 2020 წელს, როცა საქართველოში მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის კონფერენცია ჩატარდა, ითქვა, რომ 16 მილიონს მიაღწევს ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში. ყოველ შემთხვევაში, მოლოდინი ნამდვილად პოზიტიურია", - აღნიშნა ალადაშვილმა და დასძინა, რომ წლევანდელ ზაფხულის სეზონზე დიდ იმედს ამყარებს.

,,როგორც წესი, პროგნოზი ჯავშნების მიხედვით, მარკეტინგული გათვლებით და სხვა კრიტერიუმით დგინდება. ამ ეტაპზე ჩვენ რაიმე ხელისშემშლელი მიზეზი არ გვაქვს, საქართველოში ზაფხულის ტურიზმი ნამდვილად წარმატებით შედგება. ზამთრის შემთხვევაში ხშირად ამინდი გვიშლის ხელს, ამ მხრივ ზაფხულის პერიოდში საფრთხე ნაკლებადაა“, - განუცხადა ,,რეზონანსს" მანანა ალადაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×