"ზამთრის პერიოდში, როდესაც ძლიერი წვიმები და უამინდობა იყო, სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა"
მაკა ხარაზიშვილი
04.03.2014

წლის ბოლოს ჩქაროსნული ავტომაგისტრალი აგარამდე უნდა ჩავიდეს. გეგმა ასეთია. ამ მონაკვეთზე გავლისას კი შთაბეჭდილება რჩება, რომ თვეების განმავლობაში ერთი ადგილი იტკეპნება და მშენებლობა რუისს ვერ გასცდა. ფაქტია, რომ მაგისტრალის მშენებლობა ვერც ახალმა ხელისუფლებამ დააჩქარა. რეგიონული ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შარშანდელი დანაპირები ვერ შეასრულა და წლევანდელი ტემპიც სახარბიელო არ არის.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ უამინდობის გამო აქტიური პროცესი შეჩერებული იყო, თებერვლის ბოლოს სამუშაოები განახლდა და წლის ბოლომდე ავტობანი სოფელ აგარამდე აუცილებლად ჩავა.

მაგისტრალის აღნიშნული მონაკვეთი ბევრჯერ მოხვედრილა "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკის ქარცეცხლში. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამუშაო ტემპს ჩვეულებრივი ადამიანებიც უწუნებენ. დღეს დასავლეთისკენ მიმავალ მგზავრს მუდმივად თავს ახსენებს დაპირება, რომ მალე მაგისტრალი აგარამდე უნდა ჩასულიყო.

"დასავლეთში ხშირად მიწევს ჩასვლა. უკვე მეორე წელია, რუისის მონაკვეთზე მიდის მუშაობა, მუშაობას არც დავარქმევ, ვინაიდან ბოლო პერიოდში ამ მონაკვეთზე მსგავსი არაფერი შემინიშნავს.

დასავლეთის მიმართულება ძალიან გადატვირთულია, განსაკუთრებით პარასკევსა და კვირა საღამოს. ამ პერიოდში მგზავრობა ტანჯვაა. მაინტერესებს, როდემდე უნდა იყოს ტექნიკა რუისში გაჩერებული და რა ეშველება ავტობანს", - ამბობს თერჯოლელი მალხაზ არაბიძე.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, უამინდობის გამო ავტობანზე სამუშაოები შეჩერებული იყო და ამ ეტაპზე ეს პროცესი აქტიურად განახლდა. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ნუგზარ გასვიანის ინფორმაციით, რუისი-აგარის მონაკვეთზე მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების სამუშაოები - ეს არის მილები, კეთდება სახიდე გადასასვლელები, ეწყობა ხიმინჯები. გასვიანი აღნიშნავს, რომ ეს სამუშაოები მოსახლეობისთვის თვალში მოსახვედრი არ არის, როდესაც გზის საფარის მოწყობა დაიწყება, შემდეგ ყველა შეამჩნევს, რომ პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

"ზამთრის პერიოდში, როდესაც ძლიერი წვიმები და უამინდობა იყო, სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა. ეს სამუშაოები თებერვლის ბოლოდან მთლიანად განახლდა. რაც შეეხება იმას, რომ მოსახლეობა აქტიურ სამუშაო პროცესს ვერ ხედავს, მინდა აღვნიშნო, რომ ხიმინჯების მოწყობა თვალში მოსახვედრი არ არის.

მას შემდეგ, რაც ხელოვნური ნაგებობების მოწყობა დამთავრდება და დაიწყება გზის საფარზე მუშაობა, პროცესი უფრო გამოჩნდება. ეს არის შრომატევადი სამუშაო, რომელიც დროსთან არის დაკავშირებული", - ამბობს გასვიანი და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ხიმინჯების მოწყობა უკვე დასრულებულია. შემდეგ გაგრძელდება კონსტრუქციული რემონტები.

"მარტშივე გაგრძელდება კოჭების დამონტაჟება აღნიშნულ ხიდებზე, ასევე მიდის რკინა-ბეტონის მილების, მიწისქვეშა გასასვლელებისა და ნახირსარეკების მოწყობა. ამ მონაკვეთზე ეტაპობრივად გატარდება ავტოტრანსპორტი", - ამბობს ნუგზარ გასვიანი.

ახალი პროექტით, მთავარი მაგისტრალი სოფელ საღოლაშენიდან გადაუხვევს მარცხნივ და დღეს არსებულ გზას აღარ მიესადაგება. წლის ბოლომდე დასრულდება რუისი-აგარის მონაკვეთი და შემდეგ დაიწყება აგარა-ოსიაურის მონაკვეთის მშენებლობა. 2016 წლამდე ეს პროცესიც უნდა დასრულდეს. აღსანიშნავია, რომ 3 წლის შემდეგ ხაშური ავტომაგისტრალის მიღმა დარჩება და იქ სატრანსპორტო კვანძი აღარ იქნება.

სოფელ აგარებში, რომელიც ხაშურთან ახლოს მდებარეობს, აშენდება დიდი სატრანსპორტო კვანძი, რომელიც ერთმანეთთან აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს დააკავშირებს.

რუსის-აგარის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე 70,8 მილიონი ლარი დაიხარჯება. რაც შეეხება მეორე ეტაპს, გასვიანის განცხადებით, ამჟამად მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები. როგორც კი ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება, ამ მაგისტრალის მშენებლობის ღირებულებაც დაიდება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2014 წლის სამოქმედო გეგმის მიხედვით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 501 მილიონი ლარი დაიხარჯება. მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება 250 კილომეტრ საავტომობილო გზას და 30 საავტომობილო ხიდს. აგრეთვე, აშენდება 5 ახალი ხიდი.

ავტომაგისტრალის მშენებლობა 8 წლის, წინ 2006 წლის 15 მარტს დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში სამუშაოები 5 ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპი იყო ნატახტარი-აღაიანის 16-კილომეტრიანი მონაკვეთი, შემდეგ აღაიანი-იგოეთის 12-კილომეტრიანი მონაკვეთი, იგოეთი-სვენეთის 25-კილომეტრიანი მონაკვეთი, სვენეთი-რუისის 15-კილომეტრიანი მონაკვეთი და ამჯერად რიგში რუისი-აგარის მონაკვეთია.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×