შარშან 9000 სამუშაო ადგილი დაიკარგა
ელზა წიკლაური
13.03.2014

ეკონომიკური ზრდის ფონზე, ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი მატულობს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2013 წლის მეოთხე კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საწარმოებში დასაქმებულთა რიცხვი 9 ათასი ადამიანით შემცირდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუ სამუშაო ადგილების შემცირებამ ტენდენციის სახე მიიღო, ის მთლიანად ბაზარზე ცუდად იმოქმედებს.

"საქსტატმა" დაადასტურა ის, რასაც მოქალაქეები ისედაც გრძნობდნენ - დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდა. ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში 8 793 სამუშაო ადგილი დაიკარგა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თუ 2012 წლის მეოთხე კვარტალში დასაქმებულთა რიცხვი 527 828-ს შეადგენდა, 2013 წლის მეოთხე კვარტალში ეს რიცხვი 519 035 ერთეულამდე დავიდა.

ამავე მონაცემებით, დასაქმებულთა ძირითადი ნაწილი - 22% - ვაჭრობითა და რემონტით არის დაკავებული. ამ სექტორში ერთ კვარტალში 5 800 დამატებითი ადგილი შეიქმნა და 115 ათასს მიაღწია. სამაგიეროდ, მშენებლობაზე დასაქმებულთა რიცხვი თითქმის 15 ათასი ადამიანით შემცირდა. თუ 2012 წელს მშენებლობაზე 67 135 ადამიანი მუშაობდა, შარშან ამ სფეროში სულ 52 824 ადამიანი იყო დასაქმებული. შემცირდა დასაქმებულთა რიცხვი სამთომოპოვებით მრეწველობაში და სასტუმროებში.

სამუშაო ადგილების რაოდენობის ყველაზე დიდი 24,3%-იანი ზრდა დაფიქსირდა განათლებაში (19 ათასი), ხოლო კლება - თევზჭერაში: შარშან მეთევზეთა რაოდენობა განახევრდა და 353-ით განისაზღვრა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2013 წლის მეოთხრე კვარტალში საწარმოებში დასაქმებულთა საერთო რაოდენობამ 519 ათასი შეადგინა, საიდანაც 501,3 ათასი დაქირავებით დასაქმებული იყო. საერთო დასაქმექულებში კი 39% ქალი იყო, 61% კი - მამაკაცი. დასაქმებულების ყველაზე დიდი წილი - 61% მსხვილ ბიზნესზე მოდიოდა, 23,4% - წვრილზე, ხოლო საშუალო ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობამ კი სულ რაღაც 15,5% შეადგინა.

სამუშაო ადგილების შემცირება სწორედ მაშინ მოხდა, როცა ქვეყნის ეკონომიკამ ზრდა დაიწყო. ყოველ შემთხვევაში, თუ ქვეყნის მთავარ ფინანსისტს და ამასთან, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებს დავუჯერებთ, საქართველოში მშპ-მ მატება სწორედ მეოთხე კვარტალიდან დაიწყო. ოფიციალური მონაცემებით, ოქტომბერში ეკონომიკური ზრდა 4.4% იყო, ნოემბერში - 8%, დეკემბერში - 8.8%, ხოლო იანვარში 7,8%-იანი ეკონომიკური ზრდა აღინიშნა. წლეულს კი, მთავრობამ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა დაგეგმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა 6%-ზე მეტიც კი იწინასწარმეტყველეს.

ექსპერტი ეკონომიკურ-სოციალურ საკითხებში ნოდარ კაპანაძე თვლის, რომ 500 ათას ადამიანში უმუშევრობის მაჩვენებლის 9 ათასით შემცირებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის დაახლოებით 2%, რომელიც სტატისტიკურ ცდომილების ფარგლებშია. "როდესაც ცვლილება არის 2% ან უფრო ნაკლები, ეს არაფერს ნიშნავს, შეიძლება ვთქვათ, რომ დასაქმებულთა რიცხვი იგივეა, რაც იყო 2012 წლის მეოთხე კვარტალში. თანაც, ეს ტენდენცია არ არის და შესაბამისად, ამ ცვლილებაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ.

ზოგადად კი, დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება ძალიან ცუდია. თუ ასე გაგრძელდა, მაშინ შეიძლება დავადასტუროთ, რომ შრომის ბაზარზე პრობლემებია, თუმცა ჯერჯერობით ამ ორი მონაცემის შედარებით ამას ვერ დავასკვნით", - განაცხადა კაპანაძემ.

რაც შეეხება ეკონომიკის ზრდის ფონზე უმუშევრობის მაჩვენებლის მატებას, კაპანაძე ამბობს, რომ ეს სრულებით შესაძლებელია და ამაში ახალი არც არაფერია.

"როდესაც მთავრობა ამბობს, რომ ეკონომიკა იზრდება, ჩვენ მთავრობას უნდა მოვთხოვოთ დეტალური ინფორმაცია, თუ რას ნიშნავს ეს ზრდა. ზოგადად მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი არაფერის მთქმელი არ არის, აუცილებელია მისი "ჩაშლა" სექტორების მიხედვით. თუ ეკონომიკა იზრდება საბანკო სექტორის ხარჯზე, მაშინ ჩათვალეთ, რომ ამაზე ხელი მოსახლეობის 0,1%-საც არ მიუწვდება; თუ იზრდება სოფლის მეურნეობის ხარჯზე, მაშინ მოსახლეობის ნახევარზე მეტი უკეთესად იქნება; თუ იზრდება სახელმწიფო სექტორის ხარჯზე, ესეც მოსახლეობის უმრავლესობისთვის გადამწყვეტი ვერ იქნება. ამიტომ საჭიროა, რომ ეკონომიკური ზრდის შესახებ ინფორმაცია მთავრობამ უფრო დეტალური გახადოს", - დასძინა კაპანაძემ. უმუშევრობასა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე განცხადება რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გააკეთა. მისი თქმით, უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, რათა ადამიანების კეთილდღეობა მათივე შრომის ანაზღაურებით გაიზარდოს.

"ადგილობრივმა ბიზნესმა ადამიანები უნდა დაასაქმოს. იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდის ეფექტი მოსახლეობამ იგრძნოს, მხოლოდ სოციალური დახმარების პროგრამები არ არის საკმარისი. უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები, რათა ადამიანების კეთილდღეობა გაიზარდოს მათივე შრომის ანაზღაურებით და ქვეყანაში დოვლათის შექმნით. შრომის ბაზარზე პრობლემას წარმოადგენს მოთხოვნასა და მიწოდებას შორის არსებული დისბალანსი. არასაკმარისია სათანადო პროფესიული განათლების მქონე სამუშაო ძალა იმ ადგილების შესავსებად, რომელსაც პროფესიული კვალიფიკაცია სჭირდება. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით", - განაცხადა პრემიერმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×