"შეიძლება, ევროპისკენ წყლის მილსადენი გაიყვანონ"
ელზა წიკლაური
27.03.2014

საქართველომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, მტკნარი წყლის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. ერთ-ერთი პირველი, სადაც დიდი რაოდენობით წყლის გატანა მოხდება, ირანი იქნება. ეს საკითხი სამთავრობოთაშორისი უწყებების დონეზე უკვე გადაწყვეტილია. დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანას 18 მლრდ კბ/მ მტკნარი წყლის მარაგი აქვს, საიდანაც მხოლოდ 5%-ია ათვისებული.

როგორც ცნობილია, მტკნარი მიწისქვეშა წყლის რესურსული პოტენციალის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა მსოფლიოში. ამ მხრივ იგი, საშუალოდ, 2,5-ჯერ აღემატება მსოფლიო მაჩვენებელს ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით. სპეციალისტთა ერთი ნაწილის გათვლით, საქართველოს მიწისქვეშა სასმელი წყლების საექსპლოატაციოდ დასაშვები მარაგის რაოდენობა არის 301 კბ/მ წამში, ანუ 26 მილიარდი ლიტრი დღე-ღამეში. ადამიანის დღიური ფიზიოლოგიური ნორმის (2-2,5 ლიტრი) გათვალისწინებით, ეს რესურსი საშუალებას იძლევა, ყოველდღიურად დააკმაყოფილოს მსოფლიოს მოსახლეობის მოთხოვნილება 17,5 მილიარდი ლიტრი მტკნარი სასმელი წყლით ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას საქართველოს ბიოეკოლოგიურ გარემოს.

აქედან გამომდინარე, დაფასოებული სასმელი წყლის საერთაშორისო ბაზარზე გატანით საქართველოს შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს ადამიანისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტის მსოფლიო დეფიციტის შევსებაში, თუმცა საქართველოს მოსახლეობას, ბუნებრივია, ის უფრო აინტერესებს თუ რას მოუტანს წყლის რეალიზაცია ქვეყანას და ხალხს.

პროფესორ ირაკლი მიქელაძისა და ექსპერტის დიმიტრი ნიკოლაძის თქმით საქართველოში მიწისქვეშა წყლები უთანაბროდაა განაწილებული (67% დასავლეთ, 33% კი აღმოსავლეთ საქართველოში), მაგრამ ქვეყანაში არ არსებობს რაიონი, სადაც არ შეიძლებოდეს რენტაბელური წყლის ჩამოსახმელი ქარხნის აგება. საქართველოს გრუნტის წყლების საექსპლოატაციო მარაგის 0.75% იძლევა იმის საშუალებას, რომ წელიწადში ჩამოისხას 50 მილიარდი ლიტრი, რაც შეიძლება განაწილდეს 100 ქარხანაზე. თანაბრად განაწილების შემთხვევაში თითოეულ მათგანს შეუძლია ჩამოასხას 0.5 მილიარდი ლიტრი.

"რატომ შევჩერდით მიწისქვეშა სასმელი წყლების მარაგის მხოლოდ 0.75%-ზე? იმიტომ, რომ დღეს არსებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა მხოლოდ ამ რაოდენობის დაფასოებული სასმელი წყლის გატანის რეალურ შესაძლებლობას იძლევა. რატომ დაფასოებული წყალი და არა მილებით წყლის გატანა? იმიტომ, რომ მილებით შეიძლება გავიტანოთ ნედლეული, დაფასოების შემთხვევაში კი 50 მილიარდი ლიტრის გატანა მხოლოდ მოგების სახით საქართველოში ტოვებს 3 მილიარდ დოლარს, ხოლო მილებით 8-ჯერ მეტი წყლის გატანა ტოვებს 1,3 მილიარდ დოლარს. გარდა ამისა, დაფასოებული წყლის გატანის შემთხვევაში მთელი თვითღირებულება - 9 მილიარდი - რჩება საქართველოში", - მიაჩნიათ სპეციალისტებს.

ენერგეტიკული და ბიოლოგიური საკითხების სპეციალისტი არჩილ ქავთარაძე ამბობს, რომ სასმელი წყლის პრობლემა არა მარტო ირანს, არამედ მეზობელ აზერბაიჯანსაც აქვს და გამორიცხული არ არის, რომ წყლის გატანა იქაც მოხდეს. მისი პროგნოზით, უახლოეს მომავალში ქართული მტკნარი წყალი, შესაძლოა, ევროპაშიც გავიდეს. მანამდე კი აუცილებლად დადგება საკითხი, რომ საქართველოდან ევროპაში წყლის მილსადენის აშენება მოხდეს.

რაც შეეხება მტკნარი წყლის მარაგს, არჩილ ქავთარაძის განცხადებით, საქართველოში მტკნარი წყლის საკმაოდ დიდი და თანაც, განახლებადი მარაგი გააჩნია. ეს არის დაახლოებით 18 მლრდ კბ/მ წელიწადში.

"ამ დროისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 100 საბადოა შესწავლილი. საერთო მარაგი არის 18 მლრდ კბ/მ, რომელიც არის განახლებადი, ანუ თუ ამ 18 მლრდ-ს თუ მოვიხმართ, ის არ გამოილევა. ამ მარაგებიდან კი სულ ათვისებული გვაქვს დაახლოებით 5%.

გაეროს მონაცებებით, დღეს მსოფლიოში უწყლობისგან თითქმის 3 მლრდ ადამანი იტანჯება. პრობლემებია ევროპაშიც. ბოლო ინფორმაციებით ევროპაში, განსაკუთრებით სამხრეთ ნაწილში, ავსტრიიდან მოყოლებული, უკვე წყლის დეფიციტია. ოფიციალური გათვლებით, 2020-25 წლისთვის ევროპას უწყლოობის პრობლემა სერიოზულად შეაწუხებს. დღეს იქ უკვე ზედაპირულ წყლებს მოიხმარენ, მიწისქვეშა მარაგები თითქმის ამოწურულია.

იმისათვის, რომ ევროპამ მტკნარი წყლის დეფიციტი არ იგრძნოს, საჭირო გახდება წყლის საქართველოდან მიწოდება. ევროპის წყლის დეფიციტისგან გადარჩენისთვის ჩვენი მარაგის მხოლოდ 5%-ია საჭირო", - განაცხადა ქავთარაძემ.

მისივე თქმით, ევროპისთვის წყლის მიწოდებაზე საუბარი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს და ახლა, გამორიცხული არ არის, რომ მილსადენის გაყვანაზეც დაიწყოს მოლაპარაკებები.

"ეს არის პერსპექტივა, ამაზე უკვე საუბრობენ. ჩვენ კი ევროპისთვის წყლის მიწოდებით არაფერი დაგვაკლდება, რადგან განახლებადი მარაგი გაგვაჩნია. საქართველოს მიიღებს შემოსავალს, რომელიც სხვადასხვა გათვლებით, დაახლოებით 1 მლრდ დოლარი იქნება. ძალიან მალე კი მტკნარი წყალი ყველაზე ძვირადღირებულ ბუნებრივ რესურსად ჩაითვლება", - განაცხადა ქავთარაძემ.

ვიდრე ევროპა ქართულ წყალს მიიღებს, მანამდე საქართველოდან წყალი ირანში გავა, ხოლო ირანიდან გაზი შემოვა. როგორც "კომერსანტი" წერს, შარშან ირანსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 200 მილიონ დოლარს მიაღწია, თუმცა, შესაძლოა, მომავალში ეს მაჩვენებელი 3-4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდოს. სამთავრობოთაშორის უწყებებთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოდან წყლის ექსპორტი, ხოლო ირანიდან გაზის იმპორტი იგეგმება.

მეზობელი ქვეყანა ირანი, რომელსაც საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობა 1991 წლიდან აქვს დამყარებული, დღემდე საქართველოს საგარეო სავაჭრო პარტნიორების პირველ ათეულში ვერ შედის, მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას ამის კარგი პერსპექტივა გაუჩნდა.

სტატისტიკური მონაცემებით, ირან-საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა ორჯერ გაიზარდა და 2012 წელს იმპორტმა 99 მილიონ 403 ათასი დოლარი, ხოლო ექსპორტმა 19 მილიონ 053 ათასი დოლარი, 2013 წელს იმპორტმა 129 მილიონ 344 ათასი, ხოლო ექსპორტმა 47 მილიონ 190 ათასი დოლარი შეადგინა.

მსხვილი საინვესტიციო პროექტების პრეზენტაციაზე ირანისა და საქართველოს საქმიანი წრეების წარმომადგენლებს ირანელმა დიპლომატმა იბრაიჰმ რაჰიმპოუერმა განუმარტა, რომ პირველ ეტაპზე ორი ძირითადი პროექტი: საქართველოდან ირანში სასმელი წყლის გატანა და ირანიდან გაზის იმპორტი არსებული გაზსადენით განხორციელდება.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×