გაიზარდა ფრენის ხანგრძლივობა და საწვავის ხარჯი
მაკა ხარაზიშვილი
09.08.2014

რუსული საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გამო, უკრაინის მიმართულებით თვითმფრინავით მგზავრობა არ გაძვირდება. თუმცა, გაიზარდა ფრენის ხანგრძლივობა და მომატებულია საწვავის ხარჯიც. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, რომ უკრაინულმა ავიაკომპანიებმა, 1 თვის წინ, რუსეთის მიერ საჰაერო სივრცის ჩაკეტვამდე, შეცვალეს მარშრუტი და უკრაინაში თურქეთის გავლით დაფრინავენ.

საქართველოში უკრაინიდან "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები" და "დნეპრავია" დაფრინავს. "დნეპრავიამ", რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გამო, მარშრუტი ერთი თვის წინათ შეწყვიტა. ამჟამად, რეისები თურქეთის საჰაერო სივრცის გავლით ხორციელდება, რამაც ფრენის ხანგრძლივობა 40 წუთით გაზარდა, შესაბამისად, მომატებულია საწვავის ხარჯიც. ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ ამ ყველაფერს ბილეთების ფასზე არ უმოქმედია და მგზავრობის ღირებულება კვლავ 400 ლარამდე მერყეობს.

რაც შეეხება "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებს" "კომერსანტ.გე"-ს ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით კომპანიაში ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღიათ.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში "რეზონანსთან" საუბარში აღნიშნეს, რომ რუსეთის მიერ უკრაინული ავიაკომპანიებისათვის დაწესებული შეზღუდვა სერიოზულ შეფერხებას არ გამოიწვევს. სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ლევან კარანაძის განცხადებით, უკრაინული კომპანიები საქართველოში რეისების განხორციელებისას ალტერნატივად თურქეთის საჰაერო სივრცეს იყენებენ.

"ჯერ ოფიციალური შეტყობინება მიღებული არა გვაქვს. შეზღუდვას მედიით გავეცანით. შეზღუდვა არ ეხება ქართულ კომპანიებს, ეხება - უკრაინულს, მაგრამ, უკრაინული ავიაკომპანიები უკვე ერთი თვეა თურქეთის გავლით დაფრინავენ. არანაირი პრობლემა არ არსებობს, გარდა იმისა, რომ მცირედით გაიზარდა ფრენის ხანგრძლივობა.

ასე რომ, ამ კუთხით სერიოზულ შეფერხებას არ ველით. ისედაც ავიაკომპანიების უმრავლესობა, ძირითადად, ამ მარშრუტით დაფრინავს და საქართველოში თურქეთის საჰაერო სივრცის დერეფნის გამოყენებით შემოდის", - განაცხადა ლევან კარანაძემ.

ორი დღის წინ, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი საკუთარი საჰაერო სივრცის გავლით საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და თურქეთში უკრაინული ავიაკომპანიების ტრანზიტულ რეისებს კრძალავს.

მედვედევმა განმარტა, რომ ეს ზომა საპასუხოა და უკავშირდება რუსეთის ავიაკომპანია "დობროლიოტის" მიმართ კიევის მიერ შემოღებულ სანქციებს. "რუსეთის მთავრობა იხილავს მთელ რიგ საპასუხო ნაბიჯებს, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი დაუყოვნებლივ ამოქმედდება, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ისინი მაგიდაზე დევს. პირველ რიგში, ეს შეეხება ჩვენი ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენების აკრძალვას ტრანზიტისთვის ევროპული და ამერიკული ავიაკომპანიების მიერ აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით", - განაცხადა მედვედევმა.

ამას გარდა, "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, რუსეთის მთავრობა განიხილავს რუსეთის საჰაერო სივრცეში შესვლისა და გასვლის წერტილების ცვლილებას ევროპული გადამზიდავებისთვის.

თუკი რუსეთი თავისი ტერიტორიის თავზე ევროპისა და აშშ-ის ავიაკომპანიების თვითმფრინავების ფრენას აკრძალავს. ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია "დელტა" მზად არის შეცვალოს საფრენი რეისების მარშრუტები ამერიკიდან აზიაში. ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ფრენის აკრძალვა, შესაძლოა, "დელტას" 12 მარშრუტს შეეხოს. მარშრუტების შეცვლის შესაძლებლობას ასევე განიხილავენ ავიაკომპანია - "იუნაიტედ ეარლაინზიც" და ერთ-ერთი უმსხვილესი გადამზიდი კომპანია "იუპიესი".

შეგახსენებთ, რომ რუსულმა ავიაკომპანიამ "დობროლიოტმა" ევროკავშირის სანქციების გამო, რეისების შესრულება გაურკვეველი ვადით შეწყვიტა. "დობროლიოტი" ევროკავშირის სანქციების სიაში ცოტა ხნის წინ მოხვდა, როგორც კომპანია, რომელიც რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ფრენებს ახორციელებს. ევროპული სანქციების შესაბამისად კი ირლანდიურმა სალიზინგო კომპანია ფცფთ-მა "დობროლიოტთან" კონტრაქტი გაწყვიტა.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მესამე ტალღა ივლისის ბოლოს აამოქმედა. ახალი შეზღუდვები შეეხო რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, ნავთობმოპოვებისა და რუსეთისათვის სხვა მნიშვნელოვან ტექნოლოგიებს.

ბრიუსელის განცხადებიდან რამდენიმე საათში ვაშინგტონმა რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციები აამოქმედა. "ჩვენ ვწყვეტთ რუსული ენერგეტიკის სფეროსათვის საჭირო ცალკეული პროდუქციისა და ტექნოლოგიების ექსპორტს. ჩვენ სანქციებს ვაფართოვებთ სხვა რუსულ ბანკებსა და სამხედრო-სამრეწველო სფეროზე. ჩვენ ვყინავთ კრედიტებს, რომლებიც რუსეთში საქონლის ექსპორტს უწყობდა ხელს. ასევე ვყინავთ რუსეთის ეკონომიკური განვითარების დაფინანსებას", - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×