"გაზსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული"
მაკა ხარაზიშვილი
27.08.2014

გაზსაცავების მშენებლობა ისევ იდეის დონეზეა. ამ პროექტების განხორციელებისთვის კი სახელმწიფო ობლიგაციებით აღებულ ვალს ბიუჯეტი დღემდე იხდის. გაზსაცავების საკითხი წინა მთავრობის მმართველობის პერიოდშივე დასამარდა. ერთია, რომ ხელისუფლებაში, ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, გაზსაცავების აუცილებლობაზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ დაფინანსების საკითხს თავი ვერავინ მოაბა.

არადა, თავის დროზე ყოფილმა პრემიერმა ლადო გურგენიძემ 500-მილიონიანი ევროობლიგაციების გამოშვება გაზსაცავების მშენებლობის დაფინანსებით ახსნა. თუმცა, საბოლოოდ, ამ თანხის დიდი ნაწილი სოციალური ხარჯებს მოხმარდა.

მოგვიანებით, ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მიწისქვეშა გაზსაცავის წინასამშენებლო დაპროექტების სამუშაოები დანიურ კომპანიას უნდა ჩაეტარებინა. კფქიწდდ-თან ხელშეკრულება საქართველოს ათასწლეულის ფონდმა 2009 წლის 29 დეკემბერს გააფორმა. ეს საკითხიც დაიხურა.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების დეპარტამენტის უფროსის თემურ გოჩიტაშვილის ინფორმაციით, გაზსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. თუმცა აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი და შესწავლის სამუშაოები, რომელთა შედეგების გათვალისწინებით შესაძლებელი იქნება დადგინდეს პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობა და დეტალები.

გოჩიტაშვილის განცხადებით, გაზსაცავის მშენებლობისთვის შესაძლებელია განხილულ იქნეს რამდენიმე სტრუქტურა, რომელთაგან გეოლოგიური და ტექნიკურ-ეკონომიკური პარამეტრების მიხედვით პრივილეგირებულად არის ჩათვლილი სამი - სამგორის სამხრეთი თაღი, ნინოწმინდისა და რუსთავის საბადოები.

რაც შეეხება, გაზსაცავების მოცულობასა და სავარაუდო ღირებულებას ჯერ ეს დეტალებიც უცნობია. "ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული საკანონმდებლო საფუძვლების ჰარმონიზაციის ვალდებულება, მათ შორის ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით განსახორცილებელი საქმიანობა, აგრეთვე, ქვეყნის გაზის ბაზარზე არსებული სიტუაცია განაპირობებს გაზსაცავის მოცულობისა და სხვა პარამეტრების ხელახალი გადაანგირეშების აუცილებლობას. შესაბამისად, ინფორმაცია როგორც ოპტიმალური მოცულობის, ისე ღირებულების შესახებ პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების შემდეგ გახდება ცნობილი", - ამბობს თემურ გოჩიტაშვილი.

ექსპერტების განცხადებით, იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნისთვის გაზსაცავის არსებობა უმნიშვნელოვანესია. ასეთ შემთხვევაში ქვეყანა თავიდან აირიდებს პრობლემებს, რომელიც შეიძლება მოჰყვეს გაზის მოწოდების გაუთვალისწინებელ შეწყვეტას, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ტექნოგენური კატასტროფის, ავარიის ან მესამე მხარის დივერსიული ჩარევის შედეგად. ამ ყველაფერს შეიძლება მოყვეს კრიზისული მოვლენების განვითარება ქვეყნის ენერგეტიკის, ინდუსტრიულ და საყოფაცხოვრებო სექტორებში.

სპეციალისტების განცხადებით, მიწისქვეშა გაზსაცავები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გაზმომარაგების სისტემის ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილს შეადგენენ. მოქმედი მსხვილი მიწისქვეშა გაზსაცავების რაოდენობამ მსოფლიოში 600-ს გადააჭარბა.

მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის წინასწარი ტექნიკური პროექტი საქართველოში პირველად 1992 წელს დამუშავდა გერმანული ფირმის გპთ პქირ მიერ რუსულ "ვნიიგაზ"-თან და "სოიუზნეფტეოტდაჩა"-სთან ერთად. პროექტი ითვალისწინებდა სამგორის სამხრეთ გუმბათზე 505 მილიონი კბ/მ-ის საერთო და 230 მილიონი კუბური მეტრი აქტიური მიწისქვეშა მოცულობის გაზსაცავის მოწყობას, დღე-ღამური გაცემით 4.2 მილიონი კუბური მეტრი და ჯამური დანახარჯებით დაახლოებით 112 მილიონი გერმანული მარკა. იმ პერიოდში საქართველოში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების გამო ეს პროექტი არ განხორციელებულა.

2002-04 წლებში ამერიკელებმა დაამუშავეს საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთება. პროექტის მიხედვით, საქართველოსათვის ოპტიმალურად ჩაითვალა 300-450 მილიონი კბ/მ მოცულობის გაზსაცავის მშენებლობა, რომელიც 25 წლის განმავლობაში საქართველოსთვის დაახლოებით 120 მილიონი დოლარის დანაზოგს უზრუნველყოფდა.

2003 წელს ევროსაბჭოს "ტასისის" პროექტის ფარგლებში დანიური კომპანია კფქიწდდ-ის ხელმძღვანელობით შესრულდა სამუშაოები საქართველოს ტერიტორიაზე მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის მიზანშეწონილობის დასადგენად. პროექტის დამუშავებისას გამოიკვეთა შესაფერისი ორი გეოლოგიური რეგიონი: აღმოსავლეთ საქართველოს გამომუშავებული ან ნაწილობრივ გამომუშავებული ნავთობისა და გაზ კონდენსატის 6 საბადო (ნინოწმინდა, სამგორი, პატარძეული, სამგორის სამხრეთი თაღი, დასავლეთ რუსთავი და რუსთავი თბილისისპირა ნავთობგაზიან რეგიონში) და ნავთობის 2 საბადო შავი ზღვის სანაპიროზე (ჭალადიდი და შრომისუბანი ქ.ფოთის მახლობლად).

წინასწარი შესწავლის საფუძველზე განისაზღვრა, რომ ყველაზე პერსპექტიული სტრუქტურა მიწისქვეშა გაზსაცავისათვის ნინოწმინდის ნაწილობრივ გამომუშავებული ნავთობ-გაზის საბადოა. მისი ეფექტურობა განპირობებულია სატრანზიტო და საქართველოს მაგისტრალურ გაზსადენებთან, აგრეთვე ძირითად მომხმარებელ რეგიონებთან სიახლოვით.

"საქართველოში გაზსაცავის საჭიროება არსებობს ამჟამადაც, მაგრამ მისი აუცილებლობა განსაკუთრებით გაიზრდება სატრანზიტო ნაკადების გაზრდის შემდეგ. კერძოდ, შაჰ-დენიზი 2-ის სრულად ამოქმედებისას - 2019 წლიდან", - ამბობს თემურ გოჩიტაშვილი.

რაც შეეხება შაჰ-დანიზის მეორე ფაზის ამოქმედებას, წინასამშენებლო სამუშაოები აზერბაიჯანში უკვე დაიწყო, ხოლო ძირითადი სამუშაოები 2015 წლის დასაწყისიდან განხორციელდება. 386 კილომეტრი სიგრძის ახალი მილსადენის მშენებლობა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, გაჯიგაბულიდან დაიწყება და საქართველოს საზღვრამდე გაგრძელდება. უშუალოდ ჩვენს ტერიტორიაზე ამ პროექტის ფარგლებში ახალი მილსადენის მშენებლობა არ იგეგმება. არსებული "შაჰ-დენიზის" მილსადენის სიმძლავრეები კი მკვეთრად გაიზრდება, რისთვისსაც ახალი საკომპრესორო სადგური აიგება. ამ დროისთვის, "შაჰ-დენიზის" გაზსადენი ნახევრად ცარიელია.

პროექტის დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი და მისი გაშვება ექსპლუატაციაში 2019 წლიდან ივარაუდება. ევროპას უკვე 11 მილიარდი "შაჰ-დენიზური" აირი აქვს დაკონტრაქტებული. თურქეთის მიერ შესყიდული აირის ჩათვლით, 2019 წლისთვის საქართველომ 16 მლრდ კბ/მ აირი უნდა გაატაროს.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×