პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო პურპროდუქტებზე მაღალი ფასით გამორჩეულია
ელზა წიკლაური
02.09.2014

თბილისში 1 კილოგრამი პური საცალო ქსელში დაახლოებით 1,5-1,7 ლარი ღირს, ერევანში კი - 1-1,2 ლარი, ბაქოში 1 კგ-ის ფასი, საშუალოდ, 1,7 ლარია, მინსკში - 1,25-1,5 ლარი, კიევში კი 1 კგ პური 1 ლარს არ აღემატება, ასტანაში - 1,2-1,3 ლარი ღირს, კიშინოვში - 1,1 ლარი. პური ყველაზე ძვირი მოსკოვშია, იქ მისი ღირებულება 55 რუბლს, დაახლოებით 2,6 ლარს შეადგენს. თუმცა მოსკოვში პურზე მოქმედებს ე.წ. სოციალური ტარიფი, რომელიც ფიქსირებულია და საბაზრო ფასზე ბევრად ნაკლებია.

როგორც ამ ციფრებიდან ჩანს, თბილისში პურის ფასი, გარდა რუსეთის დედაქალაქისა, ყველაზე მაღალია. არადა, უკრაინის, ყაზახეთისა და რუსეთის გარდა, ხორბალს ყველა ქვეყანა ყიდულობს და შესაბამისად, პურპროდუქტების თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელსაც იმპორტით ივსება.

საერთოდ, საქართველოში ხორბლის ფასი საერთაშორისო ბაზრების კვალდაკვალ მერყეობს, თუმცა თუ იქ მარცვლეული გაიაფდა და თანაც მნიშვნელოვნად, ჩვენთან პურის ფასი ან არ იკლებს, ან მინიმალური რაოდენობით მცირდება.

პურის საცალო ფასი უკვე ერთი წელია არ შეცვლილა. ამ მხრივ სტაბილური ვითარებაა მეზობელ და მეგობარ ქვეყნებშიც. ერთადერთი მოსკოვია, სადაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში 1 კილოგრამი პური 44 რუბლილან 55 რუბლამდე (2,5 ლარამდე) გაიზარდა. ერევანში 1 კგ პური, საშუალოდ, 0,95-1 ლარად იყიდება, ბაქოში - 1,7-1,8 ლარად, მინსკში - 1,25-1,30 ლარად, კიევში - 0,95-1 ლარად, ასტანაში 1 კილოგრამი პური 1,2-1,3 ლარი ღირს, კიშინოვში - 1,1 ლარი.

მეპურეთა ასოციაციის პრეზიდენტი მალხაზ დოლიძე ამბობს, თბილისში პურს, გარდა ძვირი ენერგომატარებლებისა, შუალედური რგოლი (დისტრიბუცია და მაღაზიები) აძვირებს.

"დღეს ერთი კილოგრამი პურის თვითღირებულება არის 1-1,05 ლარი, რა ფასად ყიდიან მაღაზიებში, ამის თქმა ზუსტად არ შემიძლია. იმას, რომ პური ჩვენთან უფრო ძვირია, ვიდრე ერევანსა და ბაქოში, თავის მიზეზი აქვს. კერძოდ, ერევანში მაღაზიის მფლობელს არ შეუძლია პურზე 5%-ზე მეტი დაამატოს, ჩვენთან კი ზოგიერთი მაღაზია 10%-ს, ზოგი - 15%-ს, ზოგი სულაც 20%-ს უმატებს.

გარდა ამისა, ჩვენთან სადისტრიბუციო სისტემა არის ძალიან უცნაური, ისინი ფასს ცალკე ამატებენ, შესაბამისად, მწარმოებლიდან მომხმარებლამდე პური გადის ორ შუალედურ რგოლს და ისიც ძვირდება.

საქართველოში ძვირია ენერგომატარებლები, ხორბალი, თანაც იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ. ამ ყველაფერს ემატება დღგ-ს გადასახადი, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში საკვებ პროდუქტზე მხოლოდ 10%-ს შეადგენს, ჩვენთან კი - 18%-ია. ეს ყველაფერი, ზრდის როგორც თვითღირებულებას, ასევე პროდუქციის საბოლოო გასაყიდ ფასს. მეპურეები საკმაოდ დაბალ, უფრო ზუსტად, მინიმალურ მოგებაზე ვმუშაობთ", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" მალხაზ დოლიძემ.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში, ზემოთჩამოთვლილი ქვეყნებისგან განსხვავებით, პურზე არ მოქმედებს ე.წ. სოციალური ფასი. როგორც მეხორბლეთა ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, უკრაინაში არსებობს აგრარული ფონდი, რომელიც ხორბალს მაშინ ყიდულობს, როცა ის იაფია, ფიქსირებულ ფასად აფქვევინებს წისქვილკომბინატებს და შემდგომ ამ ფქვილს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ასეულ საცხობში ანაწილებს.

"ეს ქარხნები აცხობენ ე.წ. სოციალურ პურს, რომელიც ბაზარზე გამოტანილ სხვა პროდუქტთან შედარებით, საკმაოდ იაფია. თუ უკრაინაში პურის საშუალო ფასი არის დაახლოებით 90 თეთრი, სოციალური პური კიდევ უფრო იაფია. ასეთივე სისტემა მოქმედებს რუსეთში და კიდევ ბევრ ქვეყანაში. კრიტიკულ მომენტში ამ სისტემამ შეიძლება იმუშაოს საქართველოშიც, მაგრამ ჩვენთან ამაზე ჯერჯერობით არავინ ზრუნავს", - განაცხადა სილაგავამ.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში, მათ შორის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ყველა მთავრობა ცდილობს კონტროლქვეშ მოაქციოს ეს ბაზა, ანუ კრიზისულ მომენტებში გარკვეული ტიპის ღონისძიებები განახორციელოს, რათა პურის კრიზისი თავიდან აიცილოს. მაგალითად, როგორც სილაგავა აცხადებს, უკრაინაში მოქმედებს აგრარული ფონდი, რომელიც ყიდულობს გარკვეული რაოდენობით ხორბალს და ავსებს მარაგებს, რათა კრიზისულ სიტუაციაში ხორბლის გარეშე არ დარჩეს ქვეყანა. რუსეთში ამ საქმიანობით საინვესტიციო ფონდია დაკავებული.

სილაგავას თქმით, თითქმის ასეთივე ტიპის ფონდები მოქმედებს სომხეთსა და აზერბაიჯანში. სომხეთში ბოლო 3-4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ხორბლის ნათესები, თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი დაახლოებით 70%-ია.

თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი 80%-ზე მეტია აქვს აზერბაიჯანსაც. იქ მოქმედებს აგრარული ფონდი, რომელიც ხორბლის დათესვამდე ფერმერთან აფორმებს ხელშეკრულებას და შემდეგ ამ მოსავალს ყიდულობს. აღსანიშნავია ისიც, რომ რეკორდული მოსავლის გამო, უკვე 2015 წლიდან აზერბაიჯანი ხორბლის იმპორტს აღარ განახორციელებს.

"2008 წლის კრიზისის დროს გაერომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა ქვეყანას ჰქონოდა რეზერვად თავისი წლიური მოხმარების დაახლოებით 12% სასურსათო ხორბალი. საქართველოს გარდა, ეს რეზერვი თითქმის ყველა ქვეყანას აქვს.

მართალია, ჩვე თვეში 40-50 ათასი ტონა ფქვილი გვჭირდება და მისი შეძენა პრობლემა არ არის, მაგრამ აქ შეიძლება სხვა საკითხებმა იჩინოს თავი, მაგალითად, როგორიცაა ომი, სტიქიური უბედურება და ა.შ. კრიზისი მხოლოდ ეკონომიკური არ არის და ჩვენ, სხვა ქვეყნების ანალოგიურად, მარაგის შექმნაზე აუცილებლად უნდა ვიფიქროთ. ამაზე ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან უკვე გვქონდა საუბარი, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

დასახვეწია მექანიზმი თუ როგორ მოხდება მარაგის შექმნა - სახელმწიფო ააშენებს საკუთარ ელევატორებს თუ კერძო კომპანიების კუთვნილ ელევატორებში დააბინავებენ ხორბალს. ერთი ვარიანტია, რომ ნაწილი მარაგი შექმნას სახელმწიფომ, ნაწილი კი კერძო კომპანიებმა. მოკლედ, ყველაფერი გასარკვევია", - აღნიშნა ლევან სილაგავამ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×