მკვეთრად გაუფასურებული ლარი საკმაოდ სწრაფად მყარდება. პოლიტიკური მოვლენებისადმის ყველაზე მრძნობიარე მიმართულება ეტაპობრივად სტაბილურდება, მთავრობაში ითქვა, რომ ეროვნულ ვალუტას არანაირი საფრთხე არ ელის. ამ მოსაზრებას ეკონომისტბიც იზიარებენ და მიიჩნევენ, რომ პოლიტიკური არეულობის დასრულებისთანავე, კურსი ისევ გამყარებისკენ წავა.
სავალუტო ბაზარზე გაუფასურების შემდეგ, უკვე გაყარების პროცესი დაიწყო. ლარმა ორ დღეში პოზიცია 7 თეთრით აღიდგინა და დღეს 1 აშშ დოლარი 2.81 ლარი ღირს, გუშინწინ კი 2.88 ლარი ღირდა.
მთავრობას მოლოდინი აქვს, რომ ეროვნული ვალუტა მალე დასტაბილურდება. სწორედ ამას გაუსვა ხაზი გუშინდელ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა და თან განაცხადა, რომ „რამდენიმედღიან ძალადობას შეუძლია მცირე რყევა გამოიწვიოს, მაგრამ ეს დროებითია".
„ასეთ რამდენიმედღიან ძალადობას შეუძლია მცირე რყევა გამოიწვიოს, მაგრამ ეს აბსოლუტურად დროებითია. ლარი დასტაბილურდება, როგორც ეს წინა რყევის შემთხვევაში მოხდა. რამდენიმე დღით შეიცვალა კურსი, თუმცა, შემდეგ პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდა. აქაც იგივე იქნება, ლარიც დასტაბილურდება და ეკონომიკაც", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის პოზიციას იზიარებენ საბანკო სფეროს სპეციალისტები. მათი განცხადებით, ლარის გაუფასურება დროებითია და კურსი მალე დაუბრუნდება რეალურ ნიშნულს. ეროვნული ვალუტის გაუფასურების მიზეზებზე ისაუბრა საბანკო სფეროს სპეციალისტმა, პროფესორმა ლია ელიავამ და განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში კურსის დიდად ვარდნის საშიშროება არ არსებობს.
„ბოლო დღეებში მიმდინარეობს დიდი ოდენობით დოლარის შესყიდვა. ეს ჩვენი შიდა პრობლემაა. ახლა ბრუნვაში ძალიან ბევრი ლარი გამოდის და ეს იწვევს გარკვეულ გაუფასურებას. სხვა ფილოსაფია აქ არ დევს და ყველაფერი დამოკიდებულია პოლიტიკურ პროცესზე. როდესაც სიტუაცია ჩაწყნარდება, დასტაბილურდება ლარიც", - განაცხადა ლია ელიავამ „რეზონანსთან" და კითხვაზე, გაუფასურების შემდეგ რამდენად სწრაფად ხდება ლარის პოზიციების აღდგენა, ექსპერტმა უასახუსა, რომ ამასთვის დაახლოებით 1-დან 3 კვირამდე პერიოდია საჭირო.
„ჩვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, საჭიროა დაახლოებით 1-დან 3 კვირამდე პერიოდი. ეს იმ შემთხვევაში, თუ სხვა ფაქტორებმა არ იმოქმედა. სიტუაცია ყოველთვის იცვლება და შესაძლოა, შემდგომში სხვა გარემოებებმა იმოქმედოს, მაგრამ 1-3 კვირაში დასტაბილურდება სიტუაცია. სამწუხაროდ, ისევ ჩვენი ტედენციიდან გამომდინარე ლარი ძალიან იშვიათად უბრუნდება ზუსტად იმ ნიშნულს, საიდანაც დაიწყო ვარდნა, ანუ ოდნავ მომატებული, გაუფასურებული კურსი მაინც დარჩება.
როდესაც გაუფასურების მდორე პროცესი მიდის ეროვნული ბანკი ჩვეულებრივ აკვირდება სიტუაციას. სებ-ი ყველაფერს აკონტროლებს, ხედავს ლარის მასის ზრდას და ალბათ, მიაჩნია, რომ ეს არის დროებითი მოვლენა. როგორც კი შეწყდება ლარის მასის ზრდა, შემდეგ შეიძლება წავიდეს უკუპროცესი, ანუ ლარი გადაიყვანონ დოლარში და ამას მოჰყვება გამყარება.
ჯერჯერობით საჭირო არ არს სებ-ის მხრიდან ინტერვენციების განხორციელება, რადგან ეს რეზერვები იქნება ჰაერში გასროლილი და მას ეფექტი ნამდვილად არ ექნება, ამიტომ, სავარაუდოდ, ეროვნული ბანკი ან ძალიან გამწვავებული სიტუაციის შემთხვევაში გამოიყენებს თავის ხელთ ინსტრუმენტს ან დაელოდება პროცესების ბუნებრივ ჩაწყნარებას.
ყველაფერი დამოკიდებული პოლიტიკურ პროცესზე. რაც დღეს ქვეყანაში ხდება, დიდხანს ვერ გაგრძელდება. ზოგადად, ყოველთვის მუხტს გააჩნია ჩაცხრობის მიმართჲლება. ამიტომ, ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში ლარის კურსის დიდი ვარდნის საშიშროება არ არსებობს და თუ იქნება, ეროვნული ბანკი მიიღებს გარკვეულ ზომებს, კურსის შესაჩერებლად. ამ ეტეპზე პანიკის და ნერვიულობის საფუძველი არ გვაქვს", - დასძინა „რეზონანსთან" ლია ელიავამ.
საკუთარ პროგნოზზე ისაუბრა კიდევ ერთმა ფინანსისტმა. გიორგი ცუცუქირიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ახლანდელი რყევა დროებითია, ერთჯერადი ფაქტორიდან არის გამოწვეული, ამიტომ როდესაც მიტინგების ტალღა გადაივლის, კურსი ისევ სტაბილურობისკენ წავა".
„ლარის გაუფასურების ბოლო დღეების ტენდენცია გაგრძელებაა იმ პროცესის, რომელიც იყო ოქტომბერში და დაკავშირებულია წმინდა პოლიტიკურ ფაქტორთან. მაშინ, ეროვნულმა ბანკმა აჟიოტაჟის ჩასაცხრობად ბაზარზე რეკორდულად ბევრი რეზერვი დახარჯა და ბაზარზე სტაბილიზაციას მიაღწია, თუმცა პროტესტის ახალმა ტალღამ, რომელიც გაცლებით რადიკალურია, წინა აქციებთან შედარებით, იმოქმედა გაცვლით კურსზე.
ლარის გაუფასურებას უნდა შევხედოთ ორი კუთხით. ეს არის ერთჯერადი ფაქტორი, თუ გამოწვეულია სხვადასხვა ფუნდამენტური მაკროფაქტორების ზეგავლენით. თუ ამას შევაფასებთ, ვნახავთ, რომ ლარის გაუფასურება გამოწვეულია წმინდა პოლიტიკური ფაქტორით და არა მაკრო გარემოებებით. მაგალითად, ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, ექსპორტი 38%-ით გაიზარდა. ამის გარდა, ეკონომიკური ზრდა გვაქვს ძალიან მაღალი. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ფულად გზავნლებზე, რომელიც ასევე მოქმედებს სავალუტო კურსზე, ან ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე, რომელიც ასევე ძალიან მაღალია. ყველა მიმართულება მწყობრშია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ლარზე ფუნდამენტალური ფაქტორების ზეგავლენა არ არის და აქ წმინდა პოლიტიკური გარემოებაა მთავარი მიზეზი.
ბუნებრივია, რომ როდესაც მიტინგების ტალღა გადაივლის, კურსი ისევ სტაბილურობისკენ წავა. არ დაგვავიწყდეს, რომ წინასაარჩევნოდ ისედაც იზრდება ხოლმე მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე, თუმცა შემდეგ დეკემბერში, პირიქით ხდება, ლარზე იზრდება მოთხოვნა, რადგან მოსახლეობა იწყებს საახალწლო სამზადისს. ახლანდელი რყევა დროებითია, ერთჯერადი ფაქტორიდან გამოწვეული", - განუცხადა „რეზონანსს"გიორგი ცუცუქირიძემ.