გაზის ტარიფის გაზრდამ მეწარმეები ურთულეს მდგომარეობაში ჩააგდო
მაკა ხარაზიშვილი
03.02.2015

 მეწარმეებმა "ყაზტრანსგაზ-თბილისისგან" გაზის გაძვირებაზე შეტყობინება უკვე მიიღეს. გაზი გაუძვირდებათ პურის საცხობებსაც, რომლებიც მთავრობის ჩარევით აქამდე გარკვეული სატარიფო შეღავათებით სარგებლობენ. შესაბამისად, მეპურეები პურის გაძვირებას, ხოლო პატარა საცხობების დახურვას ვარაუდობენ. ავტოგაზის გაძვირება სურთ იმპორტიორებსაც, თუმცა მათ ხელს ბენზინის დაბალი ფასი უშლით.

1-ლი მარტიდან თბილისში 1000 კბ/მ გაზი 750 ლარიდან 900 ლარამდე ძვირდება. "ყაზტრანსგაზ-თბილისის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ეკა სარიას განუცხადებით, გაზის გაძვირების მიზეზი ლართან მიმართებაში დოლარის გამყარებაა.

"გამომდინარე იქედან, რომ ბუნებრივ აირს მომწოდებლისგან დოლარის კურსის შესაბამისად ვყიდულობთ და ვყიდით ლარში, იძულებულნი გავხდით, კურსის ცვლილების გამო, გაგვეზარდა ტარიფი 15 თეთრით, ოღონდ მხოლოდ იურიდიული პირებისთვის. მას შემდეგ, რაც კურსმა მერყეობა დაიწყო, ანუ ოქტომბრის ბოლოდან, "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ცდილობდა, საკუთარი რესურსებით დაებალანსებინა ტარიფი, რაც ამ ეტაპზე ვეღარ ხერხდება", - განაცხადა ეკა სარიამ.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი ადასტურებს, რომ გაზი გაძვირდა რეგიონებშიც, თუმცა იქ ფასი ისედაც მაღალი იყო. ამ შემთხვევაში ტარიფი 85-დან 90 თეთრამდე გაიზარდა.

"ბუნებრივია, ეს გაძვირება თავიდან ცოტა შეყოვნებული იყო იმიტომ, რომ შიდა რესურსით რაღაცნაირად მოახერხეს კომპანიებმა და 3-4 თვე გადაიტანეს. უკვე ფინანსური პრობლემა შეიქმნა და რეალურად ვალების დაგროვების მიზეზით შეიძლება მიწოდების პრობლემა გაჩენილიყო. ეს არის დარეგულირებული სექტორი და შესაბამისად, ფასში უნდა აისახოს ყველა მათთან დაკავშირებული ხარჯი. აქ დგინდება ტარიფი კომერციულ სექტორზე", - განაცხადა ვალიშვილმა და დასძინა, რომ ტარიფის გაზრდა მოსახლეობას არ შეეხება.

"მოსახლეობის მოხმარება არის შედარებით ნაკლები, ვიდრე ბიზნესისა და ამიტომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ განვაგრძობთ ამ სეგმენტის სუბსიდირებას. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მოსახლეობა დავიცვათ ტარიფის გაზრდისგან", - ამბობს ვალიშვილი.

პურპროდუქტების ასოციაციის პრეზიდენტი მალხაზ დოლიძე არ გამორიცხავს, რომ იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფის გაძვირებამ პურის ფასის მატება გამოიწვიოს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეპურეები აქამდე შედარებით დაბალი ტარიფით სარგებლობენ. ჯერჯერობით მათთვის 1 კბ/მ ბუნებრივი აირის ღირებულება 71-73 თეთრს შეადგენს.

მალხაზ დოლიძე ვარაუდობს, რომ ტარიფის გაზრდის შემდეგ 90-თეთრიანი პურის ფასი 1 ლარამდე გაიზრდება. "მაგალითად ჩემს ნაწარმზე ვიანგარიშე და 10 თეთრი ემატება. ყველას მოემატება, მაგრამ მე ვერ ვისაუბრებ ყველას მაგიერ. გააჩნია ვის როგორი ღუმელი აქვს.

საერთოდ ეს არ არის ჯანსაღი პროცესი. ჩვენ, მეწარმეები ველოდებოდით, რომ ფასი დაეკლოთ და პირიქით, აწიეს. რომ აცხადებენ ქართველი მეწარმეების სამეწარმეო გარემო უმჯობესდებაო, ეს არის გაუმჯობესება?" - კითხულობს მალხაზ დოლიძე.

მაშინ, როდესაც მთავრობა ტარიფების ოპტიმიზაციის პირობას დებდა ჩუმ-ჩუმად ფასები გაიზარდა - დასუფთავების, წყლის და ახლა გაზის. "დასუფთავებაზე ახალი ტარიფებია - კვადრატული მეტრობის მიხედვით იანგარიშება. იცით, რომ წყლის ტარიფი 4,2 ლარი გახდა. ახლა გაზსაც აძვირებენ. ვერ გავიგე, რის ხაჯზე აკეთებენ ამას? რა გათვლებს ეყრდნობა? როდესაც დოლარი იაფი ღირდა, რატომ არ გააიაფეს გაზი? ხარისხი გაუმჯობესდა თუ რა მოხდა? არ ვიცი, რა დავარქვა ამ ყველაფერს. ისედაც უხარისხო გაზში ვიხდით ფულს!

მოსახლეობისთვის არ ძვირდება ბუნებრივი აირი, მაგრამ პური იურიდიული პირია? ის ხომ სოციალური პროდუქტია და ყველას სჭირდება? გარდა ამისა, ხომ გვეუბნებოდნენ ლარის კურსი ფასებზე არ აისახებაო. ძალიან განვიცდი ამ ყველაფერს. ვიმეორებ, ბუნებრივი აირის გაძვირება ძალიან დიდ დარტყმას მოგვაყენებს", - ამბობს მალხაზ დოლიძე.

გაზის გაძვირებამ, შესაძლოა, შაქარიც გააძვიროს. კომპანია "ქუალითი შუგარის" ხელმძღვანელი ალხან ალიზადე აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის ახალი ტარიფი პროდუქციის საბოლოო თვითღირებულებასაც გაზრდის.

"ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება, მოგება დაბალი იქნება ან საერთოდ არ იქნება და რა აზრი აქვს ასეთ მუშაობას? ისეთი ფასი უნდა დავადოთ, რომ კონკურენცია მაინც იყოს. არ მაქვს იმედი, რომ ამ ვინმე დამეხმარება - ხელისუფლება ან მომწოდებლები", - აცხადებს ალიზადე.

გაძვირება სურთ, მაგრამ საწვავის გაიაფების გამო ფასს ვერ წევენ საავტომობილო გაზის იმპორტიორები. ისინი "კომერსანტთან" საუბრისას განმარტავენ, რომ ფასს მხოლოდ ლარის კურსის ცვალებადობა განსაზღვრავს. ბუნებრივი აირი ბოლოს 2014 წლის დეკემბრის დასაწყისში, 5 თეთრით გაძვირდა, რის შემდეგაც ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში კვლავ მნიშვნელოვნად გაუფასურდა, მაგრამ ავტოგაზის ღირებულება არ შეცვლილა.

კომპანიების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ავტოგაზის ფასის ზრდას ხელს ნავთობპროდუქტების გაიაფება უშლის. გაძვირების შემთხვევაში ამ პროდუქტის ღირებულება ბენზინის ფასს მიუახლოვდება და მომხმარებელთა რაოდენობა შემცირდება.

"ავტოგაზის ბენზინის ფასთან მიახლოება არის ჩვენი სიკვდილი. რატომ გამოიყენებთ გაზს, როდესაც თითქმის იგივე ღირს ბენზინი და დიზელი?" - აცხადებს კომპანია "გამას" დირექტორი დავით ჩახტაური.

მომწოდებლის მიერ ფასის გაზრდის შემთხვევაში, კომპანია მუშაობას, სავარაუდოდ, დროებით მაინც შეაჩერებს. "როგორ შეიძლება ერთი და იგივე იყოს ნავთობისა და გაზის ფასი? ჩვენ ხელშეკრულება დოლარის მიხედვით გვაქვს დადებული. როგორც მოძრაობს ლარი ზევით და ქვევით, ისე მოძრაობს თანხაც", - ამბობს ჩახტაური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×