ლარის კურსის რყევის გამო პენსიონრებმა 20 ლარი "დაკარგეს"
მაკა ხარაზიშვილი
03.02.2015

 პენსია, რომელიც სექტემბრიდან 6,6%-ით გაიზრდება უკვე 13%-ით გაუფასურდა. ასეთივე რაოდენობით შემცირდა სახელფასო ერთეულის მსყიდველუნარიანობა. ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, რომელთა მრავალრიცხოვან ჯგუფს პენსიონერებიც უერთდებიან, თანდათან უკვე იმკის.

ოფიციალური ინფორმაციით, 2014 წელს ინფლაცია, წინა წელთან შედარებით, მხოლოდ 2%-ით გაიზარდა, თუმცა სტატისტიკოსების გათვლით, სურსათი და მედიკამენტები დაახლოებით 15% გაძვირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ პენსიისა და სახელფასო ერთეულის მსყიდველუნარიანობა დაახლოებით 13%-ით შემცირდა. მარტივი ენით რომ ვთქვათ, პენსიამ 20 ლარი "დაკარგა" და მისი მიღებული სარგებელი 130 ლარამდე შემცირდა.

"თუ ტენდენცია შენურჩენდება, ამან შეიძლება პენსიონრებისა და საერთოდ ფიქსირებული შემოსავლის მქონე პირთა მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს. აქ მთავარი მიზეზი ის არის, რომ საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ეგზოგენურ ფაქტორებზე. სავალუტო კურსის თამაში უარყოფითად მოქმედებს ინფლაციურ მოლოდინზე და იწვევს პროდუქციის გაძვირებას", - ამბობს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე და დასძენს, რომ ფასი იზრდება არა მარტო იმიტომ, რომ ძვირდება იმპორტირებული საქონელი, არამედ იმიტომ, რომ რეალიზატორები ცდილობენ, საცალო ფასში ე.წ. უსაფრთხოების მარჟა ჩადონ. ამით ვალუტის კიდევ უფრო მკვეთრი დაცემისგან თავს იზღვევენ.

რამდენიმე დღის წინათ მთავრობამ გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, რომელთა ვალუტების მიმართ დოლარი ყველაზე მეტად გამყარდა. ამ კვლევის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში დოლარი ევროსთან მიმართებაში 20%-ით გამყარდა, ხოლო ლართან - 12%-ით. ამ შემთხვევაში მთავრობის წევრებს გამორჩათ აღენიშნათ, თუ როგორია განვითარებული ქვეყნებისა და საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულების ხარისხი. თუ ანალიზი ამ კუთხით გაკეთდება, აღმოჩნდება, რომ ლარის დოლართან 12%-იანი გაუფასურება გაცილებით მძიმედ აისახება ქართველების მსყიდველუნარიანობაზე, ვიდრე ევროს 20%-იანი ვარდნა ევროპელებზე.

ამა თუ იმ ეროვნული ვალუტის გაუფასურება არ იქნებოდა პრობლემა ისეთ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკა სწრაფად იზრდება და პარალელურად მოსახლეობის შემოსავლებიც მატულობს. ვალუტის გაცვლითი კურსის ვარდნა ნაკლებად მტკივნეულია იმ ქვეყნებში, სადაც სამომხმარებლო კალათის შევსება, ძირითადად, ადგილობრივი წარმოების პროდუქტით ხდება. საქართველოსთვის კი გაუფასურებული ლარი ისედაც ღარიბ მოსახლეობას კიდევ უფრო აღარიბებს და აძაბუნებს როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად.

სოსო არჩვაძის გათვლით, ნორვეგიაში იმპორტის თანაფარდობა მშპ-სთან 17%-ია, საქართველოში კი - 52%. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიული ვალუტა დოლართან მიმართბაში 30%-ით გაუფასურდა, მისი გავლენა სამომხმარებლო ფასებზე 1,8-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე საქართველოში.

იგივე მდგომარეობაა ევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებაშიც, რომლის მაგალითიც მთავრობამ საზოგადოებას წარუდგინა. ევროკავშირი იმდენად დიდია, რომ მისი იმპორტის თანაფარდობა მშპ-სთან მხოლოდ 12%-ია. ამიტომ თუკი ძვირდება დოლარი ევროსთან, რიგით ევროპელს ეს ტვირთი 2,5-ჯერ ნაკლებად აწვება, ვიდრე რიგით ქართველს.

"საქართველო დამოკიდებულია იმპორტზე, მისი თანაფარდობა მშპ-სთან საკმაოდ დიდია. ამიტომ კურსის ნებისმიერი რყევა სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობას", - ამბობს არჩვაძე.

სოციოლოგის ნოდარ კაპანაძის აზრით, დოლართან ეროვნული ვალუტის 12%-იანი გაუფასურება სახუმარო საქმე არ არის, ვინაიდან ეს პროცესი პირდაპირ ზემოქმედებს სამომხმარებლო ფასებზე და მოსახლეობის სოციალურ ფონს ამძიმებს.

"პენსიის დიდი ნაწილი იხარჯება სურსათში. ბუნებრივია, მნიშვნელოვანია მედიკამენტებიც, მაგრამ პენსიონერის მთლიან სამომხმარებლო ხარჯებში, ყველაზე დიდი წილი სურსათს უკავია. შესაბამისად, სურსათის გაძვირება ყველაზე მეტად საზოგადოების ამ ფენას აყენებს მძიმე მდგომარეობაში", - ამბობს კაპანაძე.

სპეციალისტები განმარტავენ, რომ სავალუტო კურსის ვარდნის შედეგად გაზრდილი ფასი იშვიათად მცირდება თავდაპირველ სიდიდემდე. ეს ბიზნესის ფილოსოფიით აიხსნება, რაც მისი მხრიდან მოგებაზე ორიენტირებას გულისხმობს.

"ბიზნესი არასდროს იტყვის უარს მოგების გაზრდილ ნორმაზე, მაშინაც კი, თუ ლარის კურსი გამყარდება. საყოველთაო გაძვირება განსაკუთრებით საგრძნობია პენსიონრების, უმწეოთა და დაბალშემოსავლიანი ფენებისთვის. საბოლოო ჯამში, ფასის ზრდა იწვევს სიღარიბის დონის ზრდას, რასაც თან სდევს სოციალური უკმაყოფილება და პოლიტიკური დაძაბულობა", - აღნიშნავენ ექსპერტები და დასძენენ, რომ ასეთი მიდგომა მეტწილად დამახასიათებელია ჩვენისთანა ღარიბი და ეროვნული წარმოების არმქონე ქვეყნებისთვის. იქ, სადაც სამეწარმეო სექტორისთვის არ არსებობს მომხმარებლების უფლებების დამცავი საკანონმდებლო რეგულაცია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×