სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნათია ლომიძე
    15.04.2017

     მარტის საარსებო მინიმუმი, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4-5%-ით გაიზარდა. ეკონომიკურად რთული თვეების შემდეგ, რამდენიმე ლარით მატება, არასაკმარისად მიაჩნიათ სპეციალისტებს. მათი აზრით, საარსებო მინიმუმი რეალური ინფლაციის შესაბამისად არ გაზრდილა. ის უნდა განისაზღვრებოდეს, არა ინფლაციის დონით, არამედ დევალვაციიდან გამომდინარე. სხვა შემთხვევაში მაჩვენებელი რეალობას მოკლებული იქნება.

    საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 2017 წლის მარტში 150 ლარითა 30 თეთრით განისაზღვრა, რაც წინა თვის მონაცემზე 1 ლარითა და 40 თეთრით მეტია. შარშანდელ მარტთან შედარებით კი, ეს მაჩვენებელი 7 ლარითა და 10 თეთრით არის გაზრდილი.

    საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმმა 2017 წლის მარტში 284 ლარი და 70 თეთრი შეადგინა, რაც თებერვლის მაჩვენებელს 2 ლარითა და 60 თეთრით აღემატება, წინა წლის იმავე პერიოდის მონაცემს კი - 13 ლარითა და 60 თეთრით.

    "საქსტატის" ცნობით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა მარტში 169 ლარი და 70 თეთრი შეადგინა, რაც თებერვლის მაჩვენებელზე 1 ლარითა და 60 თეთრით მეტია, ხოლო შარშანდელ ანალოგიურ პერიოდს 8 ლარითა და 10 თეთრით აღემატება.

    ოჯახის ტიპების მიხედვით საარსებო მინიმუმი თებერვალში ასე გადანაწილდა: ერთსულიანი ოჯახი - 150 ლარი და 30 თეთრი, ორსულიანი ოჯახი - 240 ლარი და 50 თეთრი, სამსულიანი ოჯახი - 270 ლარი და 60 თეთრი, ოთხსულიანი ოჯახი - 300 ლარი და 70 თეთრი, ხუთსულიანი ოჯახი - 338 ლარი და 30 თეთრი, ექვსსულიანი ოჯახი - 399 ლარი და 90 თეთრი.

    ქვეყანაში აგფლაციის (აგრარულ პროდუქციაზე ფასის ზრდა) პროცესის დაწყებასა და საარსებო მინიმუმზე საუბრობს "რეზონანსთან" სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, პროფესორი პაატა კოღუაშვილი. მისი ინფორმაციით, საქართველოში იმდენად გაიზარდა სურსათის ღირებულება, საარსებო მინიმუმის 4-5%-იანი მატებას მნიშვნელობა აღარ აქვს.

    "ქვეყანაში სახეზეა აგფლაცია. უპირველეს ყოვლისა, ეს გამოიხატება ხორცის გაძვირებით. ჩვენ ძალიან მალე ადგილობრივი ხორცის დეფიციტი გვექნება. წინა წელთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 7 ლარით გაიზარდა თუ 13-ით, უკვე არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან არსებული ვითარება რეალობისგან ძალიან შორსაა.

    სასურსათო კალათის რეალური ღირებულება უნდა იყოს 230-240 ლარი. გარდა ამისა, დადგენილია, რომ ადამიანისთვის ყოველდღიურად აუცილებელია 2300 კილოკალორი, რაც არასწორია. ამის მიღება ერთი კილოგრამი პურითაც შეიძლება. სინამდვილეში ადამიანს სჭირდება მრავალფეროვანი და სრულფასოვანი საკვები.

    საარსებო მინიმუმი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ რამდენიმე წელია შეცვალა და რეკომენდაცია გასცა, რომ იგი უნდა იყოს მინიმუმ 2500 კილოკალორია, ოღონდ მრავალფეროვანი და სრულფასოვანი სურსათით უზრუნველყოფილი. ჩვენთან ყურადღებას არ აქცევენ ამ რეკომენდაციას.

    ამას გარდა, საქართველოში არის სურსათის ხელმისაწვდომობის პრობლემაც. ამიტომ ის მონაცემები, რომელსაც ავრცელებენ და რომლის მიხედვითაც ამტკიცებენ საარსებო მინიმუმის მაჩვენებელს, ძალას კარგავს", - განუცხადა "რეზონანსს" კოღუაშვილმა.

    საარსებო მინიმუმს არარეალურად მიიჩნევს აკადემიკოსი ავთო სილაგაძე. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში საარსებო მინიმუმი ინფლაციის შესაბამისად კი არ უნდა იანგარიშებოდეს, არამედ ლარის მსყიდველუნარიანობიდან გამომდინარე.

    "საარსებო მინიმუმი, რაც გვქონდა შარშან, არ იყო საკმარისი და ლოგიკურია, რომ გაიზარდა, მაგრამ ზრდის ტემპიც არასაკმარისია. ოფიციალური ინფლაცია ძალიან დაბალია და არ არის იმ დევალვაციის შესაბამისი, რომელიც ლარმა განიცადა. ჩვენ არა ინფლაციით, არამედ დევალვაციიდან გამომდინარე უნდა ვიანგარიშოთ საარსებო მინიმუმი. ლაპარაკი არ უნდა, რომ ლარმა დაკარგა მსყიდველუნარიანობა. ოფიციალური მონაცემები ნამდვილად არარეალურია და ადეკვატურად არ ასახავს რეალობას", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ავთო სილაგაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter